Accessibility links

logo-print

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დასაუფლებლად ბრძოლა მწვავდება


რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პრივატიზების ირგვლივ დაწყებული კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება და ისეთ ფაზაში შედის, საიდანაც გამოსავლის პოვნა, თითქმის, შეუძლებელია.

ქარხნის შეძენის მსურველი 2 უცხოური კომპანიის დაპირისპირებას საქართველოს ხელისუფლების არასერიოზულმა გადაწყვეტილებებმა მისცა გასაქანი. ჯერ იყო და ჩვენმა მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, ინვესტორი მოგვიძებნეთო, ხოლო შემდეგ როდესაც თურქი ინვესტორი გამოჩნდა, შვეიცარია-გერმანიის ერთობლივ კომპანიასთან თანამშრომლობა არჩია.

ამ ბოლო დროს რუსთავში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილენი თურქეთის კონსორციუმის „ჩუქუროვა-ერდემირის" წინააღმდეგ გამოდიოდნენ და შვეიცარია-გერმანის კომპანია „კონალ აგეს" დაბრუნებას მოითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გაჩეჩილაძემ გამოაცხადა, რომ „კონალ აგემ" საბანკო გარანტია ვერ წარმოადგინა და ამიტომ მასთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება ბათილად ითვლებაო, უმალ გააქტიურდნენ როგორც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ერთი ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც. ამას ისიც მოჰყვა, რომ თბილისში გაჩნდა „კონალ აგეს" მიერ გამოგზავნილი საბანკო გარანტიის წერილი. ეკონომიკის სამინისტრომ გაარკვია, რომ იგი მხოლოდ წერილის ასლია და იურიდიულ დოკუმენტს არ წარმოადგენს. თუმცა კი „თავისუფლების ინსტიტუტისა" და ანტიკორუფციული ბიუროს წევრი გივი თარგამაძე, 24 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, „კონალ აგეს" რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშაც არ აყენებდა.

[თარგამაძის ხმა] „თავისთავად არის გასაგები, რომ შვეიცარიულ-გერმანული ფირმა მუშაობს ევროსტანდარტების მიხედვით და აქ კორუფციული მომენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თურქულ ფირმებთან დაკავშირებით. იგივე ჩუქუროვა რომ ავიღოთ, ერთის მხრივ ეს არის საკმაოდ სერიოზული ფირმა, რომელიც მონაწილეობს თურქსელში თურქული მხრიდან. ახლო წარსულს თუ ავიღებთ შეგვიძლია ცალსახად დავინახოთ, რომ თურქსელი მისი თურქული დამფუძნებლის ჩუქუროვას მეშვეობით ყველანაირ კორუფციულ პროცესებში იყო ჩართული და „ჯეოსელის" გარკვეული წინსვლა იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ჩუქუროვას წარმომადგენლები შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან."

თარგამაძე იმ დასკვნამდე მიდის, რომ „ჩუქუროვას" რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მის მიმართ პრეზიდენტ შევარდნაძის ნათესავის გურამ ახვლედიანის ბანკის ვალის სანაცვლოდ გადასცემენ.

თუმცა კი „ჩუქუროვა" საქართველოს მთავრობას მეტალურგიული ქარხნის კრედიტორთა მმართველობისაგან დახსნის რეალურ პროექტს სთავაზობს. „კონალ აგეს" საინვესტიციო პროექტი კი მხოლოდ ცარიელ დაპირებად დარჩა, რადგან მან საკუთარი გეგმის მიხედვით დაგეგმილი პირველი ეტაპის ელემენტარული ინვესტიციების განხორციელებაც კი ვერ შეძლო.

„ჩუქუროვა ჰოლდინგის" წევრი კომპანიის „ჩუქუროვას სავაჭრო სახლის" დირექტორის ჯემ სურმელის განცხადებით, მისი ორგანიზაცია „კონალ აგეს" წარმომავლობის დადგენას შეეცადა, თუმცა მის შესახებ ბევრი ვერაფერი შეიტყო. არც შვეიცარიის და არც გერმანიის, როგორც საელჩოებში, ასევე სავაჭრო პალატებში, „კონალ აგეს" შესახებ არაფერი იცოდნენო, დასძინა სურმელმა. მან 8 თებერვალს გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კონსორციუმმა „ჩუქუროვა-ერდემირმა" ქართულ მხარესთან, სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" სარეაბილიტაციო პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დროებით შეწყვიტა. ჯემ სურმელმა განაცხადა, რომ თურქული მხარე მუდმივ ზეწოლას განიცდის და მისგან ბოროტი ძალის წარმოჩენა სურთ. ამასთანავე დასძენს, რომ ქართული მხარე კონსტრუქციული მოლაპარაკებების საწარმოებლად მზად არ აღმოჩნდაო.

[ჯემ სურმელის ხმა] „ამ პროექტის დასაწყებად ჩვენ გასული წლის აგვისტოში ვიყავით მზად. ჩვენ ვერ გავიგეთ რომელი ძალები გამოდიან ჩვენს წინააღმდეგ ვინ უკეთებს პროვოცირებას ამ მოვლენებს. რადგან ვინც საპროტესტო აქციებს აწყობს სამწუხაროდ სწორედ ისინი ზარალდებიან, ჩვენ არ ვზარალდებით, არაფერს არ ვკარგავთ. აგვისტოში რომ დაგვეწყო მუშაობა იმ ხალხიდან, რომელიც ახლა ქუჩაში გამოდის, სულ ცოტა 1500 კაცი იქნებოდა დასაქმებული, მიიღებდნენ რეგულარულ ხელფასს და პენსიებისა და დავალიანებების გასტუმრება დაიწყებოდა. ჩვენთვის გასაკვირია ამ პროტესტის მიზეზი."

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სარეაბილიტაციო პროგრამის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციების, ასევე სხვადასხვა გადასახადების სახით საქართველოში დაახლოებით 550 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი შემოვიდოდა. ამასთანავე კრედიტორების ვალების სანაცვლოდ ჯართად დაჭრას და გაყიდვას გადაურჩებოდა ერთ-ერთი სამრეწველო გიგანტი. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ პროექტად დარჩეს, თუ საქართველოს ხელისუფლებამ, მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ შექმნილი კონფლიქტიდან, კონკრეტული და პრინციპული გამოსავალი არ იპოვა.
XS
SM
MD
LG