Accessibility links

logo-print

"ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაში ტრადიციას დავარღვევთ და ამა თუ იმ


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა "ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაში ტრადიციას დავარღვევთ და ამა თუ იმ პრობლემაზე არ ვისაუბრებთ.

წარმოგიდგენთ პოპულარულ ჯგუფს, რომლის ყოველი გამოჩენაც ქართველი ახალგაზრდებისთვის ნამდვილი სიურპრიზია. მათ თუ ვინმე ჩუქნის კონცერტებს ცოცხალი შესრულებით ერთ-ერთი პირველთაგანი "33 ა" არის. ჩვენი დღევანდელი სტუმარიც ამ ჯგუფის წევრი ნიაზ დიასამიძეა.

სანამ ჩვენს სტუმარს შეგახვედრებდეთ ეკა წამალშვილი "33 ა" - ს ახალ ალბომზე და ამ ჯგუფის გეგმებზე ისაუბრებს.

სიმღერას, რომელიც ჩვენს გადაცემას ფონად გასდევს," სახლი 33 ა" ჰქვია და "33 ა"- ს ახალ ალბომშია შეტანილი. მის გარდა, ამ ალბომში კიდევ რამდენიმე ახალ ნამუშევარსაც ვხვდებით, თუმცა არც მასში წარმოდგენილი ძველი და კარგად ნაცნობი თემებია განახლებას მოკლებული. ასე რომ, ალბომი სახელწოდებით "გზა" თანამედროვე ქართული პოპ-მუსიკის მოყვარულებს სიახლეს სთავაზობს. ის "33 ა "- ს წევრებმა ჯგუფ "ზუმბასთან" ერთად ჩაწერეს. ხალხური მოტივების თანამედროვე სტილთან შეხამების გარდა, რაც "33 ა "- ს კარგად გამოსდის, ახალ ალბომში გაჟღერებულია ერთ-ერთი ფრანგული სიმღერის და ქართული ხალხური მოტივის საინტერესო სინთეზიც.

ცოტა რამ თავად "33 ა" - ს შესახებ. ის 94-95 წელში შეიქმნა. ჯგუფის სახელწოდება ჯგუფის შემქნელების: ნიაზ დიასამიძის და ზურა კალატოზიშვილის სახლის მისამართია. მოხდა ისე, რომ ზურა სამუშაოდ სხვაგან წავიდა და ის რამაზმა შეცვალა. ნიაზს და რამაზს მიემატნენ სპარტაკი და აჩიკოც. ამ ახალგაზრდა მუსიკოსებს სახელებით იმიტომ მოვიხსენიებ, რომ მათ სწორედ ასე იცნობენ.

"33 ა" - ს პირველი ალბომი 96 წელს გამოიცა, მეორე 98 - ში. მესამე, ანუ ახალი ალბომით ჯგუფის წევრები არც უკმაყოფილონი არიან და არც დიდად აღფრთოვანებულნი. მიიჩნევენ, რომ მისი ჩაწერით გარკვეული გამოცდილება მიიღეს, რაღაც ახალი ისწავლეს. "მუსიკალური თვალსაზრისით ეს ალბომი ძველებთან შედარებით უფრო დაწყნარებულიაო" - ამბობენ ისინი.

"33 ა" - ს არ ჰყავს პროდიუსერი. ამ ჯგუფის წევრები წერენ და მღერიან იმას, რაც სურთ. აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც უნდათ. ბოლო დროს ინტენსიურად მუშაობენ ჯგუფ "ზუმბასთან " ერთად, "33 ა" ასევე აქტიურად პარტნიორობს ჯგუფებთან: "მთვარის კლუბი" და "აუტსაიდერი". სიმღერები, რომელთა დაწერისთვის და დამუშავებისთვისაც ღამეები თენდება, "33 ა "- ს მუსიკალურ სტუდიაში იწერება. ამ ჯგუფის ნამუშევრები გამოყენებულია რეჟისორების: გოგა ხაინდრავას და გიო მგელაძის ფილმებში.

ნიაზ დიასამიძეს და მის მეგობრებს გეგმაში აქვთ ახალი კლიპის გადაღება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ "33 ა" მუსიკალური კლიპებისთვის უპირატესობას მარტივ გზას, ყოფითი კადრების გამოყენებას ანიჭებს. ახალი კლიპიც, ალბათ, ამ პრინციპით შეიქმნება. ჩაფიქრებულია მორიგი ახალი ალბომიც, რომელშიც შევა ის ახალი სიმღერები, რომლებისთვისაც ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებში დასარტყამი ინსტრუმენტი ყოფითი საგნებით შეიცვლება. გამოყენებულ იქნება კლასიკური ინსტრუმენტებიც: ვიოლინო და ჩელო. "ამდენად, ამ კლასიკური ინსტრუმენტების ფონზე სპარტაკს ქვაბებზე დაკვრა მოუწევსო," - ამბობს ნიაზ დიასამიძე.

რაც შეხება კონცერტებს, უახლოესი კონცერტი ბაკურიანში ჩატარდება, რის შემდეგაც, ნიაზის დაპირებით, "33 ა" კონცერტების გამართვის თვალსაზრისით საგრძნობლად გააქტიურდება.

იხ. აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG