Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვაო თავდაცვითი ძალები ანტიტერორისტულ საქმიანობას ეუფლებიან


გასული წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ კონტრზომების გააქტიურება,

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციის მთავარ ამოცანად იქცა. პენტაგონის ინიციატივით, მიმდინარე წელს ნატოს ეგიდით დაგეგმილ სამხედრო სწავლებათა უმრავლესობას, სამხედრო-ჰუმანიტარულთან ერთად, გამოკვეთილად ანტიტერორისტული მიზანდასახულება ექნება.

მიუხედავად შეზღუდული ფინანსური რესურსებისა, როგორც ჩანს, ამ ტენდენციას შეეცდება არ ჩამორჩეს საქართველოც, სადაც სხვადასხვა ხასიათის ტერორისტული აქტივობა თვალშისაცემად განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა. და მაინც, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, წელს პირველად ანტიტერორისტული ოპერაციების საბრძოლო ელემენტების დემონსტრირება ფოთში განლაგებულ საზღვაო თავდაცვით ძალებს მოუხდათ. რა ჩანაფიქრი ჰქონდა ფოთში 8-9 თებერვალს გამართულ მანევრებს და, საერთოდ, რა პერსპექტივა აქვს სამხედრო-საზღვაო ძალებს?

კლასიკური დეფინიციით, ტერორი ნიშნავს ძალადობრივი საშუალებების ერთობლიობას, რომელიც მოწინააღმდეგის დაშინებასა და დათრგუნვას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ყველა ანტიტერორისტული ღონისძიება სწორედ იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ არიან შესაბამისი უწყებები მზად, თავიდან აიცილონ ამგვარი გამოწვევები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისით "აქილევსის ქუსლად" საჰაერო სივრცე და ეგრეთ წოდებული არაკონტროლირებადი ტერიტორიები მიიჩნევა, ვირტუალური საზღვაო პრეცედენტების მოგერიებაზე ყურადღების გადატანას თავისი მიზეზი აქვს.

ოფიციალური სტატისტიკით, 1998 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურებმა საზღვაო აკვატორიის დაცვა დაიწყეს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის დარღვევის 100-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ხომალდები არ ერიდებიან ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ე.წ. დახურულ რაიონებში არსებული რეჟიმის დარღვევას.
და იმის გამო, რომ საქართველო ნაკლებად ანგარიშგასაწევი საზღვაო ქვეყანაა, შემდგომში არ არის გამორიცხული, რომ, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რომელიმე ტერორისტულმა დაჯგუფებამ სწორედ ზღვიდან სცადოს იერიშის მიტანა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებზე. ფოთის შემთხვევაში ასეთებად მოიაზრება ნავსადგურის ინფრასტრუქტურა და 10 კილომეტრით დაშორებული სუფსის ტერმინალი.

სწორედ ასეთი საფრთხის არსებობის ალბათობა იქცა საფუძვლად ფოთში 7-9 თებერვალს ჩატარებული მასშტაბური საზღვაო მანევრებისა კოდური სახელწოდებით "გრიგალი 2002". საქართველოს ტერიტორიაზე ეს გახლდათ ფაქტიურად პირველი საზღვაო ანტიტერორისტული სწავლება, რომლის მიზანი საქართველოს საზღვაო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ ირემაძემ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ასე განმარტა:

[ზურაბ ირემაძის ხმა] "სწავლების მთავარი მიზანია, საზღვაო თავდაცის ძალებში შემავალი საზღვაო ბრიგადის, საზღვაო ქვეითების, სპეციალური დანიშნულების ნაწილების, სანაპიროს დაცვის არტილერიის, საჰაერო თავდაცვის ბაზის და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ურთიერთშერწყმით ელემენტების დამუშავება. პირველი საკითხი არის ზღვაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მეორე საკითხი - სახელმწიფო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების - ნავთობტერმინალებისა და სავაჭრო ნავსადგურების ბლოკირება. შემდგომში საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ზღვაზე და ფაქტობრივად, ოპერატიული რეჟიმის აღდგენა და გარკვეულწილად, უსაფრთხო ცურვის უზრუნველყოფა".

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სწავლებაში მონაწილეობდა სამხედრო-საზღვაო ძალების ათი სამხედრო გემი, რომლებმაც საბრძოლო წყობით 8 საათის განმავლობაში განახორციელეს მანევრები ტერიტორიულ წყლებში. ხოლო ფაქტის ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწავლებას კოდორის ხეობიდან დაბრუნებული საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დავით თევზაძეც ესწრებოდა. სწავლების სცენარით გათვალისწინებული ანტიტერორისტული ფაზის მთელი დატვირთვა გადავიდა საზღვაო ანტიტერორისტულ ოცეულზე, რომელიც ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ობიექტზე ბლოკირებული პირობითი მოწინააღმდეგის ლიკვიდირებას ახდენდა.

გენერალ-მაიორი ზურაბ ირემაძის განცხადებით, სწავლების გეგმის შედგენაში გენერალური შტაბის სპეციალისტების გარდა, თავის დროზე ნატოს სამხედრო ექსპერტებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ასევე დასავლური გამოცდილების მიხედვით აღმოჩნდა შექმნილი სპეცდანიშნულების ანტიტერორისტული ოცეულიც.
[ზურაბ ირემაძის ხმა] "ფაქტიურად, მთლიანად საზღვაო თავდაცვითი ძალების საშტატო სტრუქტურები გადასული ვართ ნატოს სტანდარტებზე. საზღვაო ქვეითებში შექმნილია სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რომელთა კონკრეტული ამოცანაც არის ზღვაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ახალი ხილია, მართალია, ჩვენთვის მაგრამ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა გვაიძულა, გადაგვედგა ეს ნაბიჯი და შეგვექმნა ეს ქვედანაყოფი საზღვაო ქვეითების შემადგენლობაში, რამაც ფაქტიურად სწავლების პირველ ეტაპზე ჩემი აზრით, როგორც სწავლების ხელმძღვანელის, დადებითი შედეგი გვაჩვენა".

სამხედრო საზღვაო ძალებში მიმდინარე პროცესებს დადებით შეფასებას აძლევენ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტებიც. თუმცა, მათი მოსაზრებით, საქართველოს საზღვაო პოტენციალი გაცილებით ძლიერ იქნებოდა, თავის დროზე სახელმწიფოს სწორი ინსტიტუციური და ფინანსური პოლიტიკა რომ ჩამოეყალიბებინა და, რუსეთთან-უკრაინასთან ერთად, მონაწილეობა მიეღო შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქონების გაყოფის პროცესში. მაგრამ ფლოტის წილის დაბრუნებაზე ფიქრი უკვე ძალზე დაგვიანებულია. ახლო მომავალში საქართველოს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები არ ექნება, რათა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო სახეობა განავითაროს. რჩება ერთადერთი - ინსტიტუციური ცვლილება, რასაც საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია ურჩევენ საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები. მისი არსი შემდეგშია - თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში გაბნეული მცურავი საშუალებებისა და პირადი შემადგენლობის გაერთიანება და მათ ბაზაზე, ერთიანი საზღვაო თავდაცვითი ძალების შექმნა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG