Accessibility links

გასული კვირის პრესით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოვლენები საკმაოდ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის პრესით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოვლენები საკმაოდ აქტიურად ვითარდება.

სხვა საკითხია, რომ ეს მოვლენები უფრო ნეგატიური ნიშნის მატარებელი არიან და, სამწუხაროდ, მხოლოდ ასუსტებენ ისედაც საკმაოდ მყიფე პოლიტიკურ სპექტრს. ამ მხრივ, არც ერთი გაზეთის ყურადღების მიღმა არ დარჩა ედპ-ის ყრილობა, რომელმაც ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არსებული მძიმე კრიზისის დემონსტრირება მოახდინა. 8-11 თებერვლის გაზეთ "ახალი ეპოქის" თქმით, ინტერესი ედპ-ს ყრილობისადმი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მთავარმა კომიტეტმა პარტიის რიგებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ერთგული წევრი, ჯონდი ბაღათურია გარიცხა. გაზეთი მკითხველს შეახსენებს:

"მას შემდეგ, რაც ედპ-ში პირველი სერიოზული განხეთქილება მოხდა და პარტია ორად გაიყო, ირინა სარიშვილმა შიდაპარტიული დისციპლინა გაამკაცრა. შესაძლოა, სარიშვილი მეორე უკიდურესობაში გადავარდა და "რკინის დისციპლინამ" უკუშედეგი გამოიღო. დღეს ბაღათურიას თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა მათ მოქმედების თავისუფლება მოუსპო, სწორედ ამიტომ დაიშალა ალიანსი "მესამე გზა" და ედპ-მ ურთიერთობა ვერ ააწყო ვერც ერთ პოლიტიკურ პარტნიორთან. არსებობს მეორე ვერსიაც. ბევრი მიიჩნევს, რომ ბაღათურიამ გარეშე ძალების დაკვეთა შეასრულა და ედპ-ს "ტერმინატორის" მისია ითვა. თუმცა ედპ-ში მიიჩნევენ, რომ ერთი კაცი პარტიას ვერც შექმნის და ვერც დაანგრევს, რომ ედპ ძველებურად ერთი მთლიანია და მას მხოლოდ ერთი მცირე დეტალი გამოაკლდა. თუმცა, არც ის ვერსია ჩანს უსაფუძვლოდ, რომლითაც სარიშვილმა გარემოცვაში მზარდი კონკურენტი ვერ იგუა და თავისებურად გაუსწორდა...

ყრილობას 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. ჯონდი ბაღათურიას ძალის გამოყენებით მოუხდა ყრილობაზე დასწრება. პარტიული გარჩევა დახურულ კარს მიღმა ხმაურისა და სტვენის აკომპანიმენტით მიმდინარეობდა. რამდენიმე საათის შემდეგ ბაღათურიამ და მისმა მომხრეებმა ჭადრაკის სასახლე დატოვეს და განაცხადეს, რომ ყრილობა ჩაიშალა.

ედპ-ში მომხდარმა განხეთქილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ტრადიციული და ეროვნული ფესვებიდან ამოზრდილი პოლიტიკური პარტიები სერიოზულ კრიზსს განიცდიან. ვერც ედპ-მ და ვერც რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს ახალ პოლიტიკურ გარემოსთან ადაპტირება, ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება და ხმაურიანი სანახაობების მოწყობა. განხეთქილების ნიშნები აშკარაა სახალხო პარტიაშიც. არ არის გამორიცხული, ედპ-სა და სახალხოს ნარჩენები გაერთიანდნენ და ძველი, კეთილი დროის დაბრუნებას შეეცადონ."

გასული კვირის კიდევ ერთი მოვლენა აღმოჩნდა ქართველი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში - როცა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიხეილ სააკაშვილს დაუწუნა პოლიტიკური ტაქტიკა, რომელსაც ჯოგური პრინციპი უწოდა. გაზეთების უმრავლესობის აზრით, შევარდნაძის კრიტიკა მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ რეიტინგის ამაღლებაში უწყობს ხელს. 8 თებერვლის გაზეთ "სპექტრის" აზრით:

ოთხშაბათს ჩატარებული სარეკლამო კამპანია საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. მართალია, მთავრობის სხდომაზე როლში შესული შევარდნაძე, როგორც წესი, ყველაფერზე ლაპარაკობს, შარშანდელი თოვლიდან და თავისი ახალგაზრდობიდან დაწყებული, გლობალური დათბობით დამთავრებული, მაგრამ ქართული მასმედიის ყურადღების ღირსი მხოლოდ ცალკეული ფრაზები და გამონათქვამები ხდება ხოლმე - განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მაყურებელს ყველაზე მეტად გაართობს ან რომლებიც რაიმე კონკრეტული მიზნისთვის არის საჭირო. სწორედ ამ ნიშნით იქცა ოთხშაბათს საინფორმაციო-პოლიტიკურ ჰიტად შევარდნაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული მონოლოგი, რომლის ვერც თავი და ვერც ბოლო ვერავინ გაიგო. თუმცა, საზოგადოებამ გაიგო ის, რაც მისთვის უნდოდათ, რომ გაეგებინებინათ - პრეზიდენტი ლანძღავს სააკაშვილს, ესე იგი სააკაშვილი უპირისპირდება შევარდნაძეს, და ესე იგი, სააკაშვილს კარგი უნდა ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ესე იგი ის არის უშიშარი გმირი, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს. შევარდნაძის ამ ერთი ჩვეულებრივი მონოლოგის "გაჰიტების" მიზანიც ეს იყო და ეს გაკეთდა კიდევაც მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებებით, რომლებიც დაუღალავად იღწვიან სააკაშვილის იმიჯისათვის.

დღეს ისტერიული დაპირისპირებისა და პოლიტიკური ვაჭრობის ელემენტების დანერგვა საზოგადოების ყველა ფენაში მიმდინარეობს. შევარდნაძეს კი, რომელსაც უკვირს, რატომ იკრიბება ჯოგური პრინციპით დარბაზებში ხალხი, რატომ ცდილობს ვიღაც, ბავშვები ერთმანეთს გადაკიდოს და რატომ ამარაგებს ვიღაც ქუჩის აქციებს საბურავებით, ალბათ, ჯობს ისიც გაიხსენოს, რომ ხალხით მანიპულირების მამამთავარი საქართველოში სწორედ თვითონ არის, სააკაშვილი კი მხოლოდ მისი მოსწავლეა, რომელიც უფრო სასაცილო და უხეშ ფორმებში აკეთებს იმას, რასაც შევარდნაძე შედარებით დახვეწილად აკეთებდა და დღესაც აკეთებს. ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსი შევარდნაძეს ფეხდაფეხ ბეჯითად მიჰყვება: თუ შევარდნაძემ საქართველოში მის მიერვე დაწყებული ომი ჩააქრო, მის მიერ არეულ ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას დღემდე გვაყვედრის და მის მიერვე დაკარგული აფხაზეთის დაბრუნებაზე გვაოცნებებს, სააკაშვილი მის მიერ გასუქებული კორუმპირებულების მოშორებას, მისი მონაწილეობით დანგრეული ქვეყნის აშენებას გვპირდება, თუმცა "გვაგრძნობინებს", რომ ამისთვის ძალაუფლება სჭირდება. ძალაუფლების მოსაპოვებლად კი მის მიერვე წლების მანძილზე ფეხზე დაკიდებულ პედაგოგებს, სტუდენტებს თუ ექიმებს წარმატებით იყენებს. და თუ შევარდნაძესა და სააკაშვილს შორის სულიერ ნათესაობასაც გავიხსენებთ, თავის ძალაუფლებას ისე გამოიყენებს, როგორც შევარდნაძე იყენებს მას და როგორც თვითონ სააკაშვილიც უკვე კარგა ხანია, მიჩვეულია."

გასულმა კვირამ რაიმე სიცხადე ვერ შეიტანა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებულ მოვლენებში. 9 თებერვლის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე მოსკოვში გაემგზავრა. ორშაბათს დიტერ ბოდენთან და უცხოელ დიპლომატებთან ერთად სოხუმს ესტუმრება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. შევარდნაძე დსთ-ს ქვეყნების სამიტისთვის ემზადება. ენგურის ხიდთან ლტოლვილთა აქცია გრძელდება. გაზეთის თქმით:

"გუშინ მოსკოვში ჩასული ასლან აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგორ ივანოვს შეხვდა. სარწმუნო ინფორმაციით, მათი საუბარი რუსი სამშვიდობოების მანდატსაც შეეხო. ამასობაში კი, სააგენტო "გეას" ინფორმაციით. იანვრის ბოლოს საზეიმო ფიცი დადო აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის მესაზღვრეთა რაზმმა, რომელიც აფხაზური უშიშროების დაქვემდებარებაშია. აფხაზმა მესაზღვრეებმა ფიცის დადებამდე 3-თვიანი მოსამზადებელი კურსები გაიარეს.

რაზმის ხელმძღვანელის, აფხაზური უშიშროების მაიორის, დაურ შამბას თქმით, რაზმის წევრები განაწილებული იქნებიან აფხაზეთის "სახელმწიფო" საზღვრის საგუშაგოებზე.

ორშაბათს, 11 თებერვალს, სოხუმში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძეც გაემგზავრება. "პრაიმ-ნიუსის" ინფორმაციით, ეს ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის შუამავლობით.

ავთანდილ ჯორბენაძე სოხუმში მოლაპარაკებებს გამართავს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ანრი ჯერგენიასთან. ფორმალურად ჯერგენია და ჯორბენაძე ქართული და აფხაზური დელეგაციების ხელმძღვანელები არიან საკოორდინაციო საბჭოში, მაგრამ ამ საბჭოს სხდომა გასული წლის გაზაფხულიდან არ გამართულა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრთნ ერთად სოხუმში გაემგზავრებიან გაეროს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენი და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე. დელეგაცია თბილისში იმ დღესვე დაბრუნდება.

ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი აბაშიძის მოსკოვში და ჯორბენაძის სოხუმში ვიზიტებს სკეპტიკურად შეჰყურებს, მეორე ნაწილის აზრით კი, ამ ვიზიტებში კარგი ისაა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო...

საქართველოში დიდი ხანია, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება იმ საჯილდაო ქვად იქცა, რომლითაც პრეზიდენტი შევარდნაძე თავისი მემკვიდრის საკითხს გადაწყვეტს. "აღორძინების" ბევრ წარმომადგენელს დღეს ეჭვი არ ეპარება, რომ ასლან აბაშიძის ძალისხმევა აფხაზეთის დასაბრუნებლად მისი წინასაპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი გახდება.

თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ აბაშიძის გაპრეზიდენტების სურვილი რუსეთის ხელისუფლებას ისე მძაფრად აქვს გამჯდარი, რომ ამის გამო აფხაზეთი დაგვიბრუნოს. თუმცა, მოლაპარაკებები მართლა ერთადერთი გზაა, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. რუსეთი ხომ ის სახელმწიფოა, რომელსაც აფხაზეთის კონფლიქტში ლომის წვლილი მიუძღვის. ასე რომ, მის პოზიციაზე დღესაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, გვინდა თუ არა.
XS
SM
MD
LG