Accessibility links

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ამ დღეებში სპორტის გულშემატკივართა ყურადღება, ცხადია, სოლტ ლეიკ სიტისკენაა მიპყრობილი:

8 თებერვალს იქ საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის მე-19 ოლიმპიური თამაშები და უკვე პირველი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. მედლებისთვის მებრძოლთა რიგებში ქართველთა გამოჩენას ალბათ არავინ ელოდება, ამიტომაც ჩვენი ყოველკვირეული სპორტული პროგრამის თემად ჭადრაკი ავირჩიეთ – ჩვენთვის ტრადიციული და ერთობ წარმატებული სპორტის სახეობა.

საჭადრაკო ოლიმპიადები, სპორტის ზაფხულისა და ზამთრის სახეობებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად იმართება, მაგრამ ჭადრაკისა და თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის გზები ერთხელ მაინც გადაიკვეთა: ეს მოხდა პარიზში 1924 წელს, როცა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭადრაკი პირველად და უკანასკნელად შეიტანეს. მაშინ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ქარტიის თანახმად, საასპარეზოდ მხოლოდ მოყვარული მოჭადრაკეები მიიწვია და ამის გამო თამაშებს მიღმა დარჩნენ ალიოხინი, ნიმცოვიჩი, ტარაში და სხვა იმდროინდელი სახელოვანი დიდოსტატები. განაწყენებულმა ჭადრაკის მესვეურებმა მომდევნო ოლიმპიადებში მონაწილეობა საერთოდ იუარეს და იქვე, პარიზში, ოლიმპიური საჭადრაკო ტურნირის დამთვრებისთანავე დააფუძნეს საერთაშორისო ორგანიზაცია - ფიდე, რომელმაც საჭადრაკო ოლიმპიადების ცალკე გამართვა გადაწყვიტა. მას შემდეგ დიდ ოლიმპიურ ოჯახში ჭადრაკის დაბრუნებაზე არაერთხელ უმსჯელიათ, შარშანწინ სიდნეიში საპრეზენტაციო საღამოც მოეწყო, მაგრამ გადაწყვეტილება არც ამჯერად მიუღიათ. ამასობაში ვაჟთა 34 და ქალთა 19 საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართა. ამ ტურნირებში, ჯერ კიდევ საბჭოურ ეპოქაში, განსაკუთრებული წარმატებით გამოდიოდნენ ქართველი მოჭადრაკე ქალები და ეს ტრადიცია საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშიც გაგრძელდა. ამ ტურნირებში ჩვენს ნაკრებს უმთავრესად ნანა ალექსანდრია კაპიტნობდა.


[ნანა ალექსანდრიას ხმა] “ხუთი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა ამ პერიოდში, ათწლეულში და შედეგები, ალბათ დამეთანხმებით, ფანტასტიურია. სამი საჭადრაკო ოლიმპიადა მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მოიგო, ერთი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი. იმავდროულად ევროპის ჩემპიონატი იქნა მოგებული გუნდური ასევე 1997 წელს და ერთი ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე. ალბათ, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ უბრალოდ ჩვენ განებივრებული ვიყავით იმით, რომ ინდივიდუალურ ჩემპიონატებშიც ასეთივე სრული დომინაცია არსებობდა. იყო პრეტენდენტთა ტურნირები მსოფლიო ჩემპიონატების, სადაც რვიდან ხუთი საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობდა. ეხლა სისტემა მსოფლიო ჩემპიონატებისა შეიცვალა, სამწუხაროდ შეიცვალა მსოფლიო ჩემპიონიც და ამ ინდივიდუალურ ჩემპიონატებში ქართველების შედეგები შედარებით მოკრძალებულია”.


ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისა და ჭადრაკის ვუნდერკინდად აღიარებული მაია ჩიბურდანიძის 30-წლიანი დედოფლობა 1990 წელს დასრულდა, ტახტის დაბრუნების არაერთი მცდელობა კი ჯერჯერობით წარუმატებელი გამოდგა. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მაია ჩიბურდანიძე მეოთხე იყო, ახალგაზრდა ნინო ხურციძე კი მერვე. საბედნიეროდ, ნიჭიერი მოჭადრაკეები არასოდეს მოგვკლებია, რასაც თუნდაც შარშანდელი შედეგები მოწმობს: ექვს ასაკობრივ ჯგუფში გამართულ მსოფლიო პირველობებზე მოპოვებულია შვიდი მედალი, მათ შორის - ოთხი ოქროსი. ჯამური შედეგით კი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოში ბადალი არა ჰყავს. ოღონდ, ეგ არის, ნიჭიერ მოჭადრაკეთა შემდგომი დაოსტატება ფერხდება და ამას მრავალი მიზეზი აქვს. ნონა გაფრინდაშვილი უმთავრეს პრობლემად უსახსრობას ასახელებს.


[ნონა გაფრინდაშვილის ხმა] “ჩვენი მოჭადრაკეები ხდებიან ჩემპიონები, იღებენ აგრეთვე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, მაგრამ აი, შემდეგ, უკვე ელიტაში შეჭრა უჭირთ, იმიტომ, რომ არ არის დაფინანსება. ჩვენ ვერ ვაფინანსებთ მათ მწვრთნელებს, ვერ ვაფინანსებთ შეკრებებს. ფაქტიურად, სულ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, წავლენ – არ წავლენ შეჯიბრებებზე. არადა, ჭადრაკს, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობას, სჭირდება მუდმივი ვარჯიში, სჭირდება მწვრთნელი, აუცილებლად. ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც სამწუხაროდ არა გვაქვს.”

ნონა გაფრინდაშვილს და სხვა სახელოვან დიდოსტატებს არაერთხელ უსაუბრიათ ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიღების აუცილებლობაზე. შარშან ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა. ცხადია სპორტის დეპარტამენტიც დაჰყვა უმაღლესი ხელისუფლის ნებას, მაგრამ ქალბატონი ნონა თვლის, რომ რეალურად არაფერი გაკეთებულა.

[ნონა გაფრინდაშვილის ხმა] “მე ვიცი ერთი რაღაცა: თვითონ პრეზიდენტის დამოკიდებულება ჭადრაკისადმი ძალიან კარგია. მან გააჟღერა, რომ გაკეთდეს სახელმწიფო პროგრამა. თითქოს ეხლა გაიჟღერა გაზეთში, აი, სპორტის დეპარტამენტი მიესალმება იმას, რომ ჭადრაკის პროგრამა გაკეთდეს და ცალკე დაფინანსება ექნება. ეს არის თავის მოტყუება. არაფერი არ შეცვლილა, ბიუჯეტი დარჩა ისევ, როგორც იყო შარშან, არაფერი იქ არ მომატებულა, გარდა პრობლემებისა.”

ორი თვის შემდეგ, აპრილიდან მოყოლებული, ამ პრობლემათა მოგვარება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას მოუწევს – ნონა გაფრინდაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარს ამბობს და მისი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, საბოლოოა. უფრო ადრე, 1996 წელს, გაფრინდაშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტიც ნებაყოფლობით დატოვა, რაც ქართულ სპორტში უპრეცედენტო ამბავი იყო. შარშანწინ, როცა ჭადრაკის ფედერაციაში დავთრები აირია და შიდა დაპირისპირებამ საშიში ფორმა მიიღო, მოჭადრაკეებმა საგანგებო ყრილობა მოიწვიეს და ქალბატონი ნონა პრეზიდენტობაზე დაითანხმეს, თანაპრეზიდენტად კი ზურაბ აზმაიფარაშვილი აირჩიეს. ესეც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. “მაშინ პატივი ვეცი ჩემს თანამოაზრეებს და ორი წლით მოვედი ფედერაციაში, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი, - მიმაჩნია, რომ ჩემი მისია შევასრულე და დარჩენის არანაირი სურვილი არა მაქვს”. მოკლედ, ქალბატონი ნონა ფედერაციიდან მიდის და, თუმცა არ იმჩნევს, გულნატკენი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა წლეულს 5 აპრილს გაიმართება და მთავარი სათქმელი, ალბათ, იქ ითქმება. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას დიდოსტატი ნინო გურიელი წამოაყენებს. ასევე თითქმის გარკვეულია, რომ თანაპრეზიდენტის ინსტიტუტი ძალაში დარჩება და ამ ადგილს კვლავ ზურაბ აზმაიფარაშვილი დაიკავებს.

[ნონა გაფრინდაშვილის ხმა] “გადაწყვიტეს და ერთად მოდიან, მე ამ შემთხვევაში ხელს არ შევუშლი, დავუჭერ მხარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მაინც დროებითი უნდა იყოს. მომავალში ფედერაციას ერთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს და არავითარი თანაპრეზიდენტი.”
XS
SM
MD
LG