Accessibility links

logo-print

თბილისის ბაზრობები და მუსიკალური მოდა


თბილისში, ეგრეთ წოდებულ “ელიავას ბაზრობაზე”, მოსახლეობას, კარგა ხანია,

აქვს საშუალება გაერკვეს თანამედროვე ქართული მსუბუქი მუსიკის “ტენდენციებში” – ის, რასაც აქ უკრავენ, ყველაზე პოპულარულად ითვლება, ის, რაც ყველაზე ძალიან უყვართ მოვაჭრეებს, ლიდერობს ქართული საესტრადო მუსიკის “ჰიტ-აღლუმში”. საპარლამენტო არჩევნების წინ “ელიავას ბაზრობაზე” განსაკუთრებით მოსწონდათ არა მოქალაქეთა “გიხაროდენ”, არამედ “ალიანსის” წინასაარჩევნო ჰიმნი “ქვეყანაში ფერებია მუქი” “უცნობის” შესრულებით. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და რესპუბლიკეების მხარდამჭერები კი გულწრფელად ამტკიცებდნენ : “რადგანაც მუსიკამ წარმატებით გაიარა გამოცდა ელიავას ბაზრობაზე, “ალიანსის” გამარჯვებაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს”. მოხდა ისე, რომ “ალიანსმა” ვერ გადალახა შვიდპროცენტიანი ბარიერი და მოსახლეობას ეს სიმღერაც გადაავიწყდა, თანაც, მას შემდეგ “უცნობმა” ნიღაბი მოიხსნა. ბაზრობაზე დღეს მის ახალ სიმღერას უკრავენ – “ვაგონი მიდის”. ახლა უკვე ამ სიმღერაზე დახტიან (ზოგჯერ ცეკვავენ) და თბებიან მოვაჭრეებიც და მყიდველ-დამთვალიერებლებიც.

ასეა – არსად იცვლება ისე სწრაფად მუსიკალური მოდა, როგორც თბილისის ბაზრობებზე. კულტურის არც ერთი სფერო არაა ბაზარზე ისე მიჯაჭვული, როგორც მსუბუქი მუსიკა. მით უმეტეს, რომ ქვეყანას არა ჰყავს მუსიკის კრიტიკოსები, პრესაში თანამედროვე ქართულ მუსიკაზე არაფერი იწერება. ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსი ახალი მუსიკალური ალბომებით მოვაჭრეა – მუსიკალური სტუდიები სწორედ მისგან იღებენ ინფორმაციას, მისგან იგებენ რა არის მოდაში, რას ყიდულობს ხალხი. შესაბამისად, წრეც იკვრება – გამოდის იმ მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების ალბომები, რასაც სტუდიებს მოსახლეობის საყვარელი “ელიავას ბაზარი” უკვეთავს.

ახალი ალბომი ბევრია და ყოველ მათგანზე საუბარი დიდ დროს წაგვართმევს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ალბომების სტილი (მუსიკალური თვალსაზრისით) ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, ბაზრობებზე, როგორც წესი, გულისამაჩუყებელ სიმღერებზე მეტად, ქართულ რეპსა და ეროვნულ “ჰიპ-ჰოპს” უკრავენ. ჩანაწერების ხარისხი გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც, მეტ-ნაკლებად, მოგვარდა საავტორო უფლებების პრობლემა და, რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც საქართველოში გაიზარდა ჩამწერი სტუდიების რიცხვი. მომღერალს გაუჩნდა არჩევანი, სად ჩაწეროს თავისი ახალ ალბომს და, რაც მთავარია, გაძლიერებული კონკურენციის ფონზე (და იქნებ სწორედ იმიტომ, რომ თბილისში დღეს ბევრი მღერის ერთნაირად), ჩვენმა მომღერლებმა ალბომების გაფორმებაზეც დაიწყეს ზრუნვა. თუმცა, ერთნაირ მომღერლებს, ამ თვალსაზრისითაც, ერთნაირი გემოვნება აღმოაჩნდათ – ახალი ქართული ალბომების გაფორმებაც კი ორგანულად ეწერება ელიავას ბაზრობის “სტილისტიკაში”.

შეიმჩნევა კიდევ ერთი საერთო ტენდენცია – კომპაქტ-დისკები თბილისში არ არის პოპულარული, მოსახლეობის დიდ ნაწილს მუსიკალური ცენტრის შეძენის საშუალება ჯერ არა აქვს. გარდა ამისა, კომპაქტ-დისკის ჩაწერა მუსიკოსებსაც ძვირი უჯდებათ, ამიტომ ახალი ალბომები, ძირითადად, აუდიო-კასეტებზე გამოდის. აუდიო-კასეტის მხატვრულ გაფორმებას კი, მოგეხსენებათ, თავისი სპეციფიკა აქვს – მხატვარმა არა მარტო მუსიკოსის სტილი უნდა გამოხატოს, არამედ მიაგნოს სახეს, რომელიც მთელი ალბომის სიმბოლო გახდება, რომელსაც მყიდველი ერთი შეხედვით ამოიცნობს.

მაგრამ რომელ სახეს უნდა მიაგნოს მხატვარმა, როცა “სახე”, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი “საბაზრო მუსიკის” ვარსკვლავებს თავად არა აქვთ, როცა მათი მუსიკის ერთმანეთისგან გარჩევა ზოგჯერ ასეთი ხელოვნების მოყვარულებსაც კი უჭირთ ხოლმე. მათ ალბომებზე, როგორც წესი, მათივე ფოტოსურათია დაბეჭდილი. ერთადერთი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ალბომის მოსმენის გარეშე იმსჯელოს მომღერლის გემოვნებაზე – მუსიკოსის ჩაცმულობაა. ჩვენს მომღერალ ქალებს ძალიან უყვართ ეგრეთ წოდებული “გიპიურის კაბები”, მოსწონთ, როცა თეძოებზე აქვთ ხელები შემოწყობილი და ჭკუას კარგავენ ბარაქიანად შეღებილი ტუჩების ბერვაზე. ალბომის გაფორმებისა და მუსიკის ჰარმონია, ასეთ შემთხვევაში, დამაჯერებლადაა მიღწეული [ხმა: მღერის “მანანა”]

ჩვენს საესტრადო მომღერლებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ყველანაირი ხერხით ცდილობს, დამალოს თავისი ასაკი. მაგრამ ისიც უნდა, რომ ალბომის გარეკანზე გამოჩნდეს, რათა მაშინვე იცნოს თაყვანისმცემელმა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან დეტალად იქცევა შავი სათვალე, რომელიც თან მალავს “მარადახალგაზრდა” მომღერლის სახეს და თანაც, არ უშლის ხელს, გარეთ გამოიტანოს ყველაფერი, რაც აქვს... სახეზე, რა თქმა უნდა. [ხმა: მღერის აჩიკო მეფარიძე]

არის სხვა ვარიანტებიც – მაგალითად, ხშირია, როცა განსაკუთრებული სიღრმითა და გონებამახვილობით არც თუ ისე გამორჩეულ მუსიკოსს, ალბომი კარგად გაუფორმეს. მხედველობაში მაქვს სტუდია “სანო რეკორდსში” დამზადებული კახა ცისკარიძის ალბომი. თუმცა, სტერეოტიპს აქაც ვერ აცდნენ და გარეკანზე ისევ მომღერლის არც თუ ისე ხარისხიანად დაბეჭდილი ფოტო გამოიყენეს. ზოგჯერ პირიქითაც ხდება – ნამდვილად არასტანდარტულ მუსიკოსს, გიგა მიქაბერიძეს ალბომის გარეკანი ანუკი ნაცვლიშვილის ორიგინალური ფოტოკომპოზიციებით გაუფორმეს, მაგრამ ფოტოკოლაჟით გატაცებულ ალბომის ავტორებს დაეკარგათ ერთი სახე, რომელიც მუსიკის ხასიათსაც გადმოსცემდა და მყიდველსაც დააინტერესებდა. არა და თბილისში გამოსულ ახალ ალბომებს შორის გიგა მიქაბერიძის აუდიო კასეტა ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მუსიკოსი სერიოზულად ფიქრობს ტექსტზე, იმაზე, თუ რას მღერის და თავად ცდილობს ალბომში სახიერებას მიაღწიოს.

ორად ორი ალბომი, სადაც ორიგინალური მუსიკისა და გაფორმების მთლიანობა მართლაც მიღწეულია, ჯერჯერობით, ნაკლებად პოპულარულ ანსამბლებს ეკუთვნით. პირველი “ჯორჯია რეკორდსში” ჩაწერილი ანსამბლ “ექსცესის” ახალი კონცერტი “საფლავებია”. ამ მუსიკას, ალბათ, მხოლოდ თინეიჯერები უსმენენ. საეჭვოა, სერიოზული ხალხი დაინტერესდეს “ექსცესის” მუსიკითა და ტექსტით, მაგრამ ბიჭების ახალი ალბომი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ჯერ კიდევ გაფორმებაშია ყველაფერი ნათქვამი, როცა მსმენელს, პირველ რიგში, იუმორის გრძნობაში ელის გამოცდა. ერთგვარი ნეკროფილურ-მისტიკური ფოტოკოლაჟი “საფლავების” ყდაზე, მერე “შავი იუმორი” სიმღერაში, გვაფიქრებინებს, რომ “ექსცესი” დასცინის იმას, რასაც მღერის, დასცინის დღევანდელ ქართულ მსუბუქ მუსიკას, სიმღერების ტექსტებს და მომღერალთა მეტყველებას. [ხმა: “ექსცესი”]

ახალ ალბომებს შორის კიდევ ერთ “პაროდიას” შეგიძლიათ გაეცნოთ. თუმცა, განსხვავებულ მუსიკაში. ესაა ანსამბლ “შუქი მოვიდას” ალბომი. სტუდია “მთვარის კლუბში” ჩაწერილი ალბომი, რა თქმა უნდა ბჟუტავი ნათურითაა გაფორმებული, დანარჩენი კი მუსიკაშია. ფრანგი მუსიკოსის, ფრედერიკ პაიანის ეს ქართული ანსამბლი ცდილობს, სწორედ იმის მიმართ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, რასაც ყოველდღე ვხდავთ და რაც ყოველდღე გვესმის. [ხმა: “შუქი მოვიდა”]

საეჭვოა, ასეთი მუსიკა ჩვენს ბაზრობაზე დაუკრას ვინმემ. თუმცა, ვინ იცის... იუმორის გრძნობა ხომ იმ ხალხსაც აქვს, ვინც მუსიკას ყიდის. თანაც, ყველანაირი ბაზარი და ბაზრობა ერთი თავისებურებით გამოირჩევა – მოვლენებს აქ წინასწარ ვერავინ განჭვრეტს, ვერავინ წინასწარმეტყველებს, როგორი მუსიკა და რანაირად “შეფუთული” მუსიკა იქნება ხვალ მოდაში.
XS
SM
MD
LG