Accessibility links

logo-print

მოსკოველი მიმომხილველები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა შესახებ


ანდრო ეული, პრაღა უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში ახალი ერა დაიწყო.

პირველად, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთსა და ამერიკას საერთო მტერი გაუჩნდა - საერთაშორისო ტერორიზმი. მაგრამ, ზოგიერთი რუსი მიმომხილველის აზრით, ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით მოჩანს.


11 სექტემბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერს შეერთებული შტატების მიერ დაწყებულ ანტი-ტერორისტულ ომს, რითაც რადიკალურად შეცვალა რუსეთის საგარეო-პოლიტიკური გეზი. როგორც მოსკოვში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, "პოლიტიკის" პრეზიდენტი ვიაჩესლავ ნიკონოვი აღნიშნავს, შეუდგა რა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, პუტინს სულ სხვა მიმართულება ჰქონდა აღებული საგარეო პოლიტიკაში: [ვიაჩესლავ ნიკონოვის ხმა] "პუტინის პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში სულ სხვა პრიორიტეტული მიზნები იყო დასახული. წინა პლანზე ბელორუსია, უკრაინა და შუა აზიის რესპუბლიკები იდგნენ. შემდეგ მოდიოდა დასავლეთი ევროპა. რაც შეეხება მესამე პრიორიტეტს, აქ ერთგვარი პაექრობა იყო აღმოსავლურ ორიენტაციასა და აზიის დიდ ქვეყნებთან - იაპონიასთან, ჩინეთთან და ინდოეთთან, აგრეთვე შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას შორის".

ხოლო მოსკოვის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორის, სერგეი მარკოვის აზრით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სტაბილური მთავრობების სურვილიც აერთიანებს. მაგრამ მარკოვისა და სხვა რუსი მიმომხილველების შეფასებით, ინტერესების თანხვედრის მიუხედავად, ვითარება რთულია.
მარკოვი ფიქრობს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მხოლოდ პრეზიდენტების დონეზე გაუმჯობესდა, მაშინ როცა დიპლომატიურ წრეებში კვლავაც იგრძნობა "ცივი ომის მემკვიდრეობით" შემორჩენილი მტრობა: [სერგეი მარკოვის ხმა] "საკმაოდ კარგია დღეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ პრეზიდენტების დონეზე. მათ, საერთო მიზნები აქვთ საგარეო პოლიტიკაში. იმავდროულად, ურთიერთობა სულაც არაა კარგი დიპლომატიურ უწყებათა დონეზე, სადაც ბევრს დღემდე ვერ დაუღწევია თავი ერთმანეთთან ბრძოლის მემკვიდრეობისაგან".

როგორც კარნეგის ფონდის მოსკოვის განყოფილების დირექტორის მოადგილე, დმიტრი ტრენინი აღნიშნავს, მრავალი დიპლომატი და კრემლში მოკალათებული ბიუროკრატი დღემდე დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობის დამყარება რუსეთისთვის დამღუპველი იქნება. "კრემლში დიდი უთანხმოება სუფევს. ვფიქრობ, უდიდესი ნაწილი რუსი პოლიტიკოსებისა კვლავაც გეოპოლიტიკურად აზროვნებს. ამ ადამიანებს დღემდე ვერ მოუნელებიათ ის ფაქტი, რომ რუსეთმა დაკარგა უწინდელი ძლევამოსილება, პრესტიჟი, მაშინ როცა ამერიკის ძლიერება, პრესტიჟი და ჰეგემონია სულ უფრო მატულობს"-განაცხადა დმიტრი ტრენინმა.

თუმცა, როგორც ტრენინი შენიშნავს, უთანხმოება ოპოზიციას როდი ნიშნავს: დღეს, ვერავინ გაბედავს კრემლში, პუტინთან დაპირისპირებას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ, სამუდამოდ გამოეთხოვება სავარძელს.

სერგეი მარკოვი ფიქრობს, რომ პუტინმა შეერთებული შტატებისადმი სოლიდარობის გამო კი არ შეცვალა რუსეთის საგარეო პოლიტიკური გეზი, არამედ იმ მიზნით, რომ მოსკოვს გადამწყვეტი ხმა მიეცეს უშიშროებასთან დაკავშირებულ გლობალურ საკითხებში. რუსი მკვლევარი იხსენებს, რაოდენ გააღიზიანა მოსკოვი ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს მიერ 1999 წელს დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ, რუსეთთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.
XS
SM
MD
LG