Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადააყენეს კობა ბუჩუკური


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 11 თებერვალს, რადიოთი საჯარო გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, კობა ბუჩუკურის გათავისუფლებასაც შეეხო და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიუღია.

ბოლო 10 დღის მანძილზე შევარდნაძე უკვე მეორე რწმუნებულს ათავისუფლებს. ბუჩუკურის გადაყენებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. რა საფუძველი აქვს და შეიძლება ჰქონდეს მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის გადაყენებას.

დავიწყოთ ბუჩუკურის გათავისუფლების კანონიერი საფუძვლით: ცნობილია, რომ რწმუნებული ბოლო 3 წლის მანძილზე შევსებულ ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციებში სრულად არ უთითებდა ინფორმაციას მისი ქონების შესახებ. კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ენერგო-არაგვში" ბუჩუკური ფლობს 20 პროცენტიან წილს, ხოლო ამავე სტატუსის მქონე "არაგვისპირში" - წილს 7 პროცენტის ოდენობით. ამ ინფორმაციის დამალვით რწმუნებულმა დაარღვია "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი". პასუხისმგებლობას ასეთი დარღვევისათვის განსაზღვრავს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები. შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველად გამოიყენა ხსენებული კანონის დარღვევა, როგორც საბაბი და საფუძველი თანამდებობიდან გადაყენებისათვის. არადა, დეკლარაციების შემოღების შემდეგ მარტო დამოუკიდებელ ჟურნალისტთა მცირე ჯგუფმა პროკურატურას გადასცა ინფორმაცია 40-მდე თანამდებობის პირის შესახებ, რომელთაც დეკლარაციებში ხარვეზები და შეუსაბამობები აღმოუჩინეს. არცერთ მათგანზე პროკურატურაში საქმე არ აღუძრავთ. გთავაზობთ ასეთ პირთა მოკლე ჩამონათვალს: ყოფილი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე, ბოლნისის გამგებელი ზურაბ ჯაფარიძე, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი, დეპუტატი დავით სალარიძე... ტყუილი ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციებში დღემდე არ იყო რეალურად დასჯადი ქმედება. და აი, შევარდნაძემ ის რწმუნებულის მოსახსნელად გამოიყენა.

პრეზიდენტის არგუმენტები, ჩანს, არ ეყო პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც თავშეკავებული (რომ არა ვთქვათ, კრიტიკული) კომენტარი გაუკეთა შევარდნაძის ნაბიჯს [ბურჯანაძის ხმა]: "მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ გაირკვევა, რა პრეტენზიები არსებობდა კობა ბუჩუკურის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ბუჩუკური თავად იქნება პირველი, ვინც კატეგორიულად მოითხოვს, ყველა პრეტენზია, რაც მის მიმართ გაჟღერდა, იქნეს გარკვეული და ბოლომდე მიყვანილი. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ჩვენც გვცოდნოდა რეალური, დასაბუთებული მასალა, რომელიც გუბერნატორს პრეტენზიებად წაუყენეს. გამოვთქვამ ჩემს ადამიანურ მოსაზრებას: მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი კობა ბუჩუკურია ის პიროვნება, რომელიც პირველ ნომრად უნდა იყოს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სიაში".

ეგებ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, კორუმპირებულთა სიაში ბუჩუკური პირველია თუ არა; მთავარია, ის ამ სიაში არის. არაფერი გვიშლის, ვივარაუდოთ, რომ მსგავსი საბაბით საქართველოში თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს ათობით პირი. და კიდევ, ბუჩუკური არის "მოქალაქეთა კავშირის" საპარლამენტო ფრაქციის ცნობილი და აქტიური წევრის, მარინა მოლოდინის მეუღლე და, შესაბამისად, იყო პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ზურაბ ჟვანიასადმი ლოიალურად განწყობილი ერთადერთი გუბერნატორი. ამიერიდან, რეგიონებში პოლიტიკური გავლენის მოპოვებისა თუ განმტკიცების დროს, ჟვანიას, გამონაკლისის გარეშე, ადგილობრივი ხელისუფლების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG