Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვა სომხეთსა და საქართველოს კიდევ უფრო აახლოვებს


საქართველოში 11 თებერვალს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვართან ოსკანიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ორშაბათსვე საქართველოს საგარეო უწყებაში “საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. თუმცა, პრესისთვის გაკეთებული განცხადებების აქტუალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ ოსკანიანის ვიზიტი მხოლოდ ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერით არ შემოიფარგლება.

ვიზიტის პროგრამის თანახმად, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ორ დღეს დაჰყოფს და მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან გამართავს. კულუარული ინფორმაციით, ყველაზე მწვავე შეხვედრა ოსკანიანს ექნებ თბილისში მცხოვრებ სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან, რომლებსაც პირველ ყოვლისა იმის გარკვევა აინტერესებთ, თუ რა ბედი ეწევა ახალქალაქში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობას იქდან რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლის შემდეგ.

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ბაზაზე 2 ათასზე მეტი ახალქალაქელი ანუ ადგილობრივი მოსახლეობის 15%-ია დასაქმებული. კიდევ 5000 ადამიანი კი ბაზების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში მუშაობით ირჩენს თავს.

გარდა ამისა, სომხეთის ხელისუფლება სისხლხორცეულად არის დაინტერესებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხური დიასპორის უსაფრთხოებითა და მათი არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობითაც, რასაც ოფიციალური ერევანი აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას უკავშირებს.

[ვართან ოსკანიანის ხმა] “მინდა ვაღიარო, რომ სომხეთის ინტერესს არა მხოლოდ მხოლოდ რკინიგზის აღდგენა, არამედ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება წარმოადგენს. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება უზრუნველყოფს როგორც საქართველოსა და სომხეთის, ასევე მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას და მის ეკონომიკურ განვითარებას”.

ოსკანიანის განცხადებით, ამ თვალსაზრისით დსთ-ს მთავრობის მეთაურთა სამიტზე სომხეთის ხელისუფლება აპირებს მხარი დაუჭერს საქართვლოს იმ მოთხოვნას, რომელიც კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების მანდატის გაფართოების საკითხს შეეხება.

თავის მხრივ, გუწრფელობაში კოლეგას არც ირაკლი მენაღარიშვილი ჩამორჩა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები სულ უფრო აქტიური ხდება, ხოლო წელს ამ თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის პრეზიდენტების უმაღლესი დონის შეხვედრები იგეგმება.
საქართველო ასევე მიესალმება სომხეთის სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც შემდგომში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის დაახლოებას.
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “ჩვენ სრულიად გულწრფელად გავუცვალეთ ერთმანეთს ინფორმაცია იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული მხარე ქვეყანაში სტაბილურობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით და, ამასთან ერთად, დავუდასტურეთ სომეხ მეგობრებს საქართველოს მზადყოფნა, გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ხელთ არის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიან პროცესს ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებისა.”

და მაინც, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხო ოფიციალური ვიზიტის პირველი დღის მთავარ ინფორმაციულ მოვლენად იქცა ვართან ოსკანიანის მიერ რეგიონული უსაფრთხოების ზოგიერთი ასპექტის შესახებ გაკეთებული ის განცხადება, რომელშიც რეგიონში “ძალთა ბალანსის” დარღვევაზეა საუბარი.

[ვართან ოსკანიანის ხმა] “საქართველო-სომხეთის ურთიერთობები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი რგოლია და თუ ეს ურთიერთობები მტკიცე არ იქნა, შეიქმნება საშიშროება რეგიონში ძალთა ბალანსის დარღვევისა.”

ამასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რა სახის “ძალთა ბალანსზეა” საუბარი. თუ აქ იგულისხმება სამხედრო ძალა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბალანსი აშკარად დარღვეულია – ბიუჯეტის სიდიდისა და სამხედრო ძალის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებით რეგიონში ლიდერობენ აზერბაიჯანი დ
ა სომხეთი, რომლებსაც აშკარად ჩამორჩება საქართველო.

გარდა ამისა, სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ბალანსი სხვა მხრივაც არის დარღვეული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე აუთვისებელ სფეროდ კვლავ რჩება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობები, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის ეკონომიკური აღორძინება და კონფლიქტების მოწესრიგება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG