Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სრულდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი?


ბოლო კვირის მანძილზე ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელეები სიამაყით უპატაკებდნენ პრეზიდენტს,

რომ იანვრის თვის ბიუჯეტის შესრულება მოახერხეს და დაგეგმილ პარამეტრებს ერთი-ორი პროცენტით გადააჭარბეს კიდეც. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ოპერატიული ინფორმაცია კი საწინააღმდეგოს მეტყველებს.

მაგალითისათვის დავუბრუნდები ისევ იანვრის თვეს, რომლის ბიუჯეტი თებერვლის პირველ რიცხვებში გამოცხადდა შესრულებულად. მაშინ სახაზინო სამსახურის უფროსმა დავით რამიშვილმა განაცხადა, რომ სახაზინო ანგარიშებზე არ ასახულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანხები, მსოფლიო ბანკის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება და თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების გადასახადები. ბიუჯეტი ამ წყაროებიდან სავარაუდოდ მისაღები თანხების გათვალისწინებით შესრულდა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა დაფინანსება ბიუჯეტის იმ მუხლებისა, რომელთა შესასრულებლად სავარაუდოდ მისაღები თანხები არ გამოდგება. ამიტომ იყო, რომ იანვრის თვის ხელფასების გაცემა, 6 მილიონი ლარის საერთო მოცულობით, თებერვალში შემოსული თანხებით განხორციელდა. სახაზინო სამსახურის უფროსის დავით რამიშვილის განცხადებით, [დავით რამიშვილის ხმა] „იანვრის თვის შრომის ანაზღაურება გაგრძელდა, ალბათ ხვალ უკვე მთლიანად დავამთავრებთ. ერთადერთი სტრუქტურაა დარჩენილი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ნაწილობრივ უკვე მიღებული აქვს და ხვალ დაიხურება. ამით იანვრის თვის ხელფასები მთლიანად იქნება გასტუმრებული.“

თებერვლის პირველ რიცხვებში მობილიზებული შემოსავლებით, 14 მილიონი ლარით, იანვრის თვის გარდა, თებერვლის საბიუჯეტო დავალებების დაფინანსებაც განხორციელდა. კერძოდ კი გამოიყო საპენსიო ფონდის ტრანსფერი 2,56 მილიონი ლარის ოდენობით. საგარეო ვალის მომსახურებისათვის 2,72 მილიონი ლარი გადაირიცხა. ასევე, თურქმენეთის ვალის დასაფარი შაქრის პროდუქციის შესაქმნელად სააქციო საზოგადოება „ქართულ შაქარს“ 2,2 მილიონი ლარი გადაეცა.

ჯერჯერობით სახაზინო სამსახური ვერ იძლევა თებერვალში შემოსული სახსრების ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელთან შეფარდების პროცენტს, რადგან ახლახან დამტკიცებული მთავარი საფინანსო გეგმა ჯერაც არაა თვეების მიხედვით განაწილებული. სახაზინო სამსახურის უფროსი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ეს ტექნიკური პრობლემაა და დასძენს: [დავით რამიშვილის ხმა] „თებერვალი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, ერთია, რომ თებერვალი მოლკლე თვე არის, უფრო დაძაბული იქნება ალბათ მდგომარეობა, მაგრამ პროგნოზი კარგი გვაქვს.“

კარგი პროგნოზის ხორცშესასხმელად ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე თვის ბოლომდე უნდა მოხვდეს დაახლოებით 59 მილიონი ლარი. დღემდე მხოლოდ 6 მილიონ ლარამდეა მობილიზებული. ფისკალურ სფეროზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკები თავს იმით იიმედებენ, რომ, როგორც წესი შემოსავლები, ძირითადად, თვის ბოლოს შემოდის ხოლმე.

თუ იანვარში განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, კერძოდ კი თამბაქოს პროდუქციის ძირითადი სახეობების აკრძალვის გადაწყვეტილებას, რამაც თითქმის გააჩერა სიგარეტის ადგილობრივი წარმოება და მნიშვნელოვნად შეამცირა ლეგალური იმპორტი, ძნელი სავარაუდოა, ბიუჯეტის ამ ძირითადი წყაროდან საფინანსო კანონის შედგენისას პროგნოზირებული შემოსავლები შემოვიდეს.

ასევე გაურკვეველი რჩება, რომელი უწყება მიიღებს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სტრუქტურული რეფორმების კრედიტს.

ფინანსთა სამინისტრო ითხოვს, რომ ფინანსური რესურსები მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტში შევიდეს. ეროვნული ბანკი კი თვლის, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 50% სახელმწიფოსთვის მიცემული კრედიტების სანაცვლოდ უნდა გადაეცეს.

ამ საკითხის განხილვისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დევიდ ოუენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ეროვნული ბანკიდან დაახლოებით 50 მილიონი ლარის კრედიტის მიღებაა გათვალისწინებული. თუ მსოფლიო ბანკის კრედიტის მთლიან თანხასაც ბიუჯეტი გამოიყენებს, გამოვა, რომ თითქმის მთელი დეფიციტი ეროვნული ბანკის სახსრებით ამოივსება.

თუ ფინანსთა სამინისტრომ თავისი გაიტანა და დეფიციტის დაფარვა მხოლოდ კრედიტების მეშვეობით მოხდა, ბიუჯეტი შესრულებულად კი გამოცხადდება, მაგრამ ჩვენს ეროვნულ ვალუტას ინფლაცია დაემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სეკვესტრი ისევ გარდაუვალი გახდება.
XS
SM
MD
LG