Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემაზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი განვლილ კვირაში რუსეთის პრესამ არაერთი წერილი მიუძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემას. დღეს ზოგიერთი საყურადღებო პუბლიკაციის შესახებ გესაუბრებით.

7 თებერვლის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, ოფიციალური სოხუმის რეაქცია გაეროს მორიგ სამშვიდობო ინიციატივაზე მოწმობს იმას, რომ დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები არა თუ უახლოვდება, არამედ სულ უფრო შორდება ერთმანეთს. აფხაზთა პრემიერმა ანრი ჯერგენიამ ძნელად შესასრულებელი წინასწარი პირობების შესრულება მოსთხოვა თბილისს, რაც კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანას და გალის რაიონში პარტიზანული მოქმედებების შეწყვეტას გულისხმობს.

შემდეგ გაზეთი წერს:

“უფრო მეტიც, სოხუმში, უბრალოდ, უარი თქვეს, გასცნობოდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას საქართველოსა და აფხაზეთს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ სოხუმი, პრინციპში, უარს ამბობს იმის შესაძლებლობაზეც კი, რომ გაიმართოს დისკუსია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მოსკოვში აფხაზეთის მუდმივი წარმომადგენლის სიტყვებით, მოლაპარაკებები სტატუსის შესახებ არასოდეს გაიმართება, შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ ორი თანაბარუფლებიანი სახელმწიფოს დიალოგზე.”

გაზეთის თქმით, “აფხაზური მხარის პოზიციას, რასაკვირველია, ვერ გაიზიარებს ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი, რომელიც, როგორც ჩანს, მზად არის დაიწყოს ურთიერთობის ნორმალიზების რთული პროცესი საქართველოსთან.

თუ გავითვალისწინებთ თბილისის ბოლოდროინდელ თანხმობას, ითანამშრომლოს რუსეთთან პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნების მტკივნეულ საკითხში, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ სმოლენსკის მოედანზე საკმაოდ ცივად აღიქვამენ სოხუმის რეაქციას გაეროს ბოლო რეზოლუციაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციამაც ხმა მისცა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა.”

მაგრამ, როგორც “ნეზავისიმაია გაზეტა” აღნიშნავს, “ეს ყოველივე დიდად არ ადარდებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები თანამშრომლობის შესახებ რუსეთის მთელ რიგ რეგიონებთან, მაგალითად, თათრეთთან, ბაშკირეთთან, ადიღესთან.” გაზეთის თქმით, “სოხუმი უსაფუძვლოდ როდი აცხადებს, რომ მსოფლიოში იყო და არის კიდეც არა ერთი სახელმწიფო, მაგალითად, ტაივანი, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო აღიარების გარეშეც მშვიდად გრძნობს თავს.”

წერილის მიხედვით, “თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ნამდვილად არ სჯერათ, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველო შეძლებს პრობლემის გადაწყვეტის ძალისმიერ ვარიანტზე წასვლას.”

8 თებერვლის გაზეთ “კომერსანტის” ცნობით,”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის ატომური მრეწველობის სამინისტრომ და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ განიზრახეს უძრავი ქონების რიგი ობიექტების შეძენა აფხაზეთში.” გაზეთი წერს, რომ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, სოხუმის ხელისუფლება აპირებს სამთავრობო აგარაკებისა და დასასვენებელი სახლების შეძენის ნება დართოს კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციას.

გარდა ამისა, თბილისისათვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის ატომური მრეწველობის სამინისტროს 15-წლიანი არენდით უნდა გადაეცეს მწერალთა სახლი ბიჭვინთაში.”

როგორც “კომერსანტი” აღნიშნავს, “რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 აპრილის დადგენილებით, სოხუმის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი არც ერთი სამართლებრივი აქტი იურიდიული ძალის მქონედ არ ითვლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამგვარი თანამშრომლობა რუსეთის სტრუქტურებსა და სოხუმის ხელისუფლებას შორის ეწინააღმდეგება იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რომლებიც ბოლო დროს გამოიკვეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.”

8 თებერვლის “ნეზავისიმაია გაზეტა” იმოწმებს საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის, მალხაზ კაკაბაძის განცხადებას, რომ “ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილე შუამავლებმა უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული მისია, ან უარი თქვან მასზე.” გაზეთის ცნობით, “მინისტრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ შუამავლებმა, კერძოდ კი, რუსეთმა, არ შეასრულა დაპირება და ვერ უზრუნველყო ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა, რომელიც იანვარში უნდა გამართულიყო.”

საგანგებო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს –წერს გაზეთი – რომ “გასული წლის დეკემბერში სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თითქმის სრული შეცვლისა და ცხინვალის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს.”
XS
SM
MD
LG