Accessibility links

logo-print

ძალადობის ესკალაცია ისრაელში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათ დილას ისრაელის ტანკები მცირე ხნით შევიდა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში.

წინა საღამოს კი ისრაელის ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა პალესტინელთა ავტონომიის უშიშროების ობიექტებზე ღაზის სექტორში. ისრაელის თქმით, ეს იყო საპასუხო ნაბიჯები პალესტინელების მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე. კვირას ორმა პალესტინელმა, სამხრეთი ისრაელის ქალაქ ბეერშევაში, სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარე კაფეში სროლა ატეხა და ორი ჯარისკაცი ქალი მოკლა. კვირასვე ღაზის სექტორიდან პალესტინელებმა ორი რაკეტა ისროლეს. ისრაელმა განაცხადა, რომ პალესტინელთა მიერ რაკეტების გამოყენებას დაუსჯელად არ დატოვებს.

“ჰამასის” ექსტრემისტული ჯგუფის მიერ შექმნილი რაკეტა “ყასამის” გაუმჯობესებული ვარიანტი, სახელწოდებით “ყასამ 2“, უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა. მაგრამ ისრაელი შიშობს, რომ ადრე თუ გვიან “ჰამასი” მოახერხებს, რაკეტა ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში გაგზავნოს. “ყასამის” თავდაპირველი ვარიანტის ფრენის სიშორე 8 კილომეტრია და ის 5 კგ ასაფეთქებელი მასალით არის დატვირთული. ისრაელის სამხედროების ვარაუდით, “ყასამ 2”-ის ფრენის სიშორე კიდევ უფრო გაიზრდება და იგი უფრო მძლავრი იქნება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი კვირა ღამეს დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან, სადაც მიიღო ამ ქვეყნის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თანხმობა, განახორციელოს ზეწოლა პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატზე, მაგრამ ვერ დაითანხმა პრეზიდენტი გაწყვიტოს კავშირი არაფატთან.

შინ დაბრუნებისთანავე შარონმა სათათბიროდ მიიწვია წამყვანი მინისტრები და თავდაცვის სამსახურების მეთაურები. ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა ავი პაზნერმა განაცხადა: [ავი პაზნერის ხმა] “ყასამ 2”-ის ტიპის რაკეტების გამოყენება უაღრესად სერიოზული ესკალაციაა, რომელსაც ისრაელი სათანადოდ უპასუხებს. მაგრამ ეს ნურავის გაუკვირდება. ყველა, ვისაც კი უნახავს და მოუსმენია, როგორ გაიძახიან არაფატი და მისი მხარდამჭერები, რომ ისინი მზად არიან, გაწირონ ერთი მილიონი წამებული იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე, მიხვდება, რომ ეს არის მოწოდება მკვლელობისკენ, ეს არის ტერორიზმის წაქეზება.”

ისრაელის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, უკიდურესმა მემარჯვენემ ავიგდორ ლიბერმანმა სიტუაცია 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისს შეადარა. “როცა საბჭოელებმა კუბაზე სარაკეტო ბატარეები განათავსეს, პრეზიდენტი კენედი მესამე მსოფლიო ომის რისკზე წავიდა და აიძულა ისინი, უკან დაეხიათ,” თქვა “ეროვნული კავშირის – ისრაელი ჩვენი სახლია”-ს ლიდერმა.

ხოლო ფინანსთა მინისტრი სილვან შალომი, პრემიერ-მინისტრის მემარჯვენე ორიენტაციის “ლიკუდის” პარტიიდან, გამოვიდა არაფატის მოშორების მოწოდებით, რათა გზა გაეხსნას პალესტინელთა ახალ ხელმძღვანელობას. “ტერორიზმი აღმავლობას განიცდის და ასეთი მდგომარეობის ატანა აღარ შეიძლება. შურისგების ნაბიჯები საკმარისი აღარ არის, ჩვენ უნდა შევუტიოთ ტერორიზმის წყაროს და მოვიშოროთ თავიდან არაფატი… არ არის საჭირო მისი ფიზიკურად განადგურება, საჭიროა მხოლოდ მისი მოშორებაო”, თქვა შალომმა ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეკითხვაზე, ხომ შეიძლება, პალესტინელთა მომავალ ხელმძღვანელობაში წამყვანი როლი “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადს” ერგოს, შალომმა თქვა: “მსოფლიოს არაფატი დიდ დიპლომატად წარმოუდგენს თავს და მას წითელ ხალიჩებს უგებენ… ხოლო “ჰამასისა” და “ჯიჰადის” ჭეშმარიტი ბუნება აშკარად ჩანს. ეს ტერორიტული ორგანიზაციებიაო”.
XS
SM
MD
LG