Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დახურა ირანმა გულბუდინ ჰექმათიარის ოფისები?


ავღანელი მუჯაჰედების ყოფილი სარდალი და ამ ქვეყნის ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გულბუდინ ჰექმათიარი, უკვე თითქმის ექვსი წელია, ირანში ცხოვრობს.

ამ ხნის მანძილზე მას არაერთხელ გაუკრიტიკებია თავისი მასპინძელი ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, რასაც თეირანი აქამდე მოთმინებით ხვდებოდა. მაგრამ ახლა ირანის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო: მისი განკარგულებით კვირას დახურულ იქნა ჰექმათიარის ოფისები თეირანსა და აღმოსავლეთი ირანის ქალაქ მაშჰადში.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ჰექმათიარისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ასეთი გადამჭრელი ზომების გატარება იმდენად მოთმინების ფიალის ავსებით არ აიხსნება, რამდენადაც შეერთებული შტატების ერთგვარი შემორიგების სურვილით.

მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კოლინ პაუელმა, ირანი მეზობელ ავღანეთში ვითარების დესტაბილიზების მცდელობაში დაადანაშაულა. ანალოგიური ბრალდებები (კერძოდ ის, რომ თეირანი თავშესაფარს აძლევს ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს) შეერთებული შტატების სხვა ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც გაისმის.

ამ ბრალდებებს ირანი კატეგორიულად უარყოფს და ჰამიდ კარზაის მთავრობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, გულბუდინ ჰექმათიარის, ოფისების დახურვით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის მტრების შეფარებაში მისი დადანაშაულება უმართებულოა.

მაინც, ვინ არის გულბუდინ ჰექმათიარი? საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დროს იგი ავღანელთა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა ბურჰანუდინ რაბანის მთავრობაში. 90-იან წლებში, ხელისუფლების სათავეში თალიბანის მოსვლამდე, ჰექმათიარის რაზმები აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო ომში, რომელმაც მიწასთან გაასწორა ქაბულის დიდი ნაწილი.

რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს საშუალება მიეცა, გასაუბრებოდა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრს ჰაჯი მანგალ ჰუსეინს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის წლებში ჰექმათიარის პრეს-მდივნად მუშაობდა. თავისი ყოფილი უფროსი ჰუსეინმა ასე დაახასიათა: [ჰაჯი მანგალ ჰუსეინის ხმა] “ჩემი აზრით, ჰექმათიარი მეტად არასტაბილური ადამიანია. იგი მუდამ თანამდებობის ძიებაშია. მას არა აქვს თანმიმდევრული, სტაბილური პოლიტიკა. მას ძალაუფლება სწყურია. მისი მთავარი მიზანია, ჰქონდეს ძალაუფლება და თანამდებობა.”

1996 წელს ჰექმათიარი დაუპირისპირდა თავის ყოფილ მოკავშირე პაკისტანს, რომელმაც იმხანად თალიბების მხარდაჭერა გადაწყვიტა, და ირანს მიაშურა. თალიბების ბატონობის წლებში იგი დაპირისპირებული იყო როგორც მმართველ ძალასთან, ისე მის მოწინააღმდეგე “ჩრდილოეთის ალიანსთან”.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ვაშინგტონის მხარდაჭერისთვის, მან “ჩრდილოეთის ალიანსი” გააკრიტიკა, ხოლო ამ უკანასკნელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის თავს დაესხა თავის მასპინძელ ირანს. ოქტომბრის დამდეგს ჰექმათიარმა ისიც კი თქვა, თუ შეერთებული შტატები ავღანეთში ომს დაიწყებს, თალიბანს შევუერთდები და ამერიკის წინააღმდეგ ვიბრძოლებო. არადა, იყო დრო, როცა ჰექმათიარი თალიბებს “ამერიკისა და ბრიტანეთის ფინიებს” უწოდებდა.

თალიბანის ჩამოგდების შემდეგ, ბონის მახლობლად გამართული კონფერენცია, რომლის მიზანი ავღანეთში დაპირისპირებული დაჯგუფებების დაახლოება იყო, ჰექმათიარმა “ამერიკელების კონფერენციად” შერაცხა. აქვე უნდა ითქვას, რომ ჰექმათიარი ბონში არ მიუწვევიათ. თუმცა, როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, “ასჯერაც რომ მივეწვიეთ, ბონში მაინც არ ჩავიდოდი, რადგან შემრცხვებოდა მონაწილეობა ვაშინგტონის კარნახით გამართულ მოლაპარაკებებშიო”.

ასეთი თითქოსდა უკომპრომისო განცხადებების მიუხედავად, საქმეში ჩახედული ხალხი ჰექმათიარს უპრინციპო ადამიანად მიიჩნევს. ბევრის აზრით, ავღანეთის ყოფილი პრემიერი მზად არის, გაურიგდეს ნებისმიერ ძალას, რომელიც მას ხეირიან თანამდებობას შესთავაზებს.

რაც შეეხება, გულბუდინ ჰექმათიარის მომავალს, ამ საკითხში პროგნოზის გაკეთება მეტად რთულია. გამორიცხული არ არის, ირანში მისი ოფისების დახურვა ქვეყნიდან მისი გაძევების პრელუდია იყოს.
XS
SM
MD
LG