Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებს მისი ევროპელი მოკავშირეები აკრიტიკებენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ამ ორი კვირის წინათ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თანამემამულეებისადმი მიმართვაში გაიმეორა, რომ ამერიკა იტოვებს უფლებას,

საკუთარი თავი და თავისი მოკავშირეები ისეთი ქვეყნებისგან დაიცვას, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს ან მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებენ. ასეთთა შორის მან ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა დაასახელა, უწოდა რა მათ “ბოროტების ღერძი.” ბუშის ამ სიტყვას ვაშინგტონის ზოგიერთი უახლოესი ევროპელი მოკავშირე კრიტიკულად გამოეხმაურა.

ყველაზე მძაფრი კრიტიკა საფრანგეთიდან გაისმა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუბერ ვედრინმა თქვა, რომ ბუშის მიდგომა მეტისმეტად “გამარტივებულია” და იგი “მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით აპირებს”.

29 იანვარს, კონგრესში, ბუშმა თქვა, რომ ამერიკა არ დაელოდება კიდევ ერთ ტერორისტულ თავდასხმას და სათანადო ნაბიჯებს მანამდე გადადგამს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა რუდოლფ შარპინგმა განაცხადა, რომ ერაყთან ურთიერთობაში უპირატესობას ანიჭებს არა სამხედრო, არამედ დიპლომატიურ ნაბიჯებს. მისმა მოადგილემ ლუდგერ ფოლმერმა თქვა, რომ არ არსებობს უტყუარი სამხილი იმისა, რომ ტერორიზმის ბოლო აქტებში ბაღდადის ხელიც ერია. მსგავსი აზრი გამოთქვა ვაშინგტონის უახლოესმა მხარდამჭერმა, ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა.

ბუშის კრიტიკოს მოკავშირეებს განსაკუთრებით აშფოთებთ ის, რომ ვაშინგტონი დამოუკიდებლად, მათთვის ანაგრიშგაუწევლად მოქმედებს. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ბუშმა უკვე გადაწყვიტა, რომ გადადგამს სამხედრო ნაბიჯებს, შესაძლოა, ერაყის წინააღმდეგ.

ამერიკელი ექსპერტი ჯოზეფ სირინსიონე მოელის, რომ შეერთებული შტატები ერაყს 6 თვის განმავლობაში დაარტყამს. [ჯოზეფ სირინსიონეს ხმა] “ვაშინგტონში, რესპუბლიკელთა წრეებში, არსებობს კონსენსუსი, რომ საკითხავია არა როგორ, არამედ როდის გავილაშქრებთ ერაყის წინააღმდეგ. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დემოკრატი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი მიდის იმ აზრამდე, რომ ეს გარდაუვალია.”

სირინსიონე ფიქრობს, რომ ვაშინგტონი კიდევ ერთხელ შეეცდება, აიძულოს ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, დაუშვას ქვეყანაში გაეროს განიარაღების ინსპექტორები. თუ ერაყი ისევ უარს იტყვის ამაზე, შეერთებული შტატები უფრო იოლად შეძლებს დაარწმუნოს თავისი ევროპელი მოკავშირეები, რომ სამხედრო აქციების დაწყება აუცილებელია.

კიდევ ერთი ვაშინგტონელი ექსპერტი ტედ კარპენტერი კატოს კვლევითი ინსტიტუტიდან იზიარებს მოსაზრებას, რომ ერაყის წინააღმდეგ ბუში სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს. კარპენტერის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ლიდერს უნდა ჰქონდეს უფლება, მტრის წინააღმდეგ მოკავშირეების დაუკითხავად გაილაშქროს. მაგრამ ექსპერტი თვლის, რომ ბუში ამ უფლებას მეტისმეტად ხშირად იყენებს და, ასე ვთქვათ, აჩლუნგებს ამ ისარს.

ვარაუდს, რომ სამხედრო დარტყმა ერაყზე გარდაუვალია, არ იზიარებს ჯეიმს ლილი – უფროსი ბუშის პრეზიდენტობის დროს შეერთებული შტატების ელჩი ჩინეთში, ხოლო ამჟამად ვაშინგტონელი ექსპერტი. მისი თქმით, პრეზიდენტმა განგებ არ დააზუსტა, რას უპირებს ერაყს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, თუ ისინი კვლავაც შეუქმნიან ამერიკას საშიშროებას.

“ბუშს არ უთქვამს, რომ აპირებს მათ დაბომბვას, ინტერვენციას ან მათი გემების დაკავებას,” ამბობს ლილი. მისი აზრით, მიდგომა ამ სამი ქვეყნის მიმართ სხვადასხვანაირი იქნება და სულაც არ არის აუცილებელი, ვაშინგტონმა სამივეს წინააღმდეგ სამხედრო გზა აირჩიოს.

ჯეიმს ლილი აღიარებს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ანგარიში უნდა გაუწიოს ევროპელი მოკავშირეების კრიტიკას, მაგრამ ხაზგამსით აღნიშნავს, რომ თუ ისინი მას მხარს არ დაუჭერენ, ვაშინგტონს სრული უფლება აქვს, ერთპიროვნულად იმოქმედოს.
XS
SM
MD
LG