Accessibility links

logo-print

18 თებერვალს გამოჩენილ ამერიკელ რეჟისორს, წარმოშობით ჩეხ მილოშ ფორმანს 70


18 თებერვალს გამოჩენილ ამერიკელ რეჟისორს, წარმოშობით ჩეხ მილოშ ფორმანს 70 წელი უსრულდება.

“ახალგაზრდა რეჟისორად” მას კარგა ხანია აღარ მოიხსენიებენ, მაგრამ ფორმანის სურათები კვლავაც იზიდავს ახალგაზრდებს, რეჟისორი მეამბოხედ რჩება. მეამბოხე იყო ფორმანი 60-იან წლებში, როცა სამშობლოში, ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობდა. მეამბოხედ მოევლინა ჰოლივუდს, როცა პრაღაში, საბჭოთა ტანკების შესვლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მეამბოხედ აღიქვა ფორმანი ქართველმა მაყურებელმაც, როცა 1977 წელს, კინოს სახლის დახურულ ჩვენებებში პირველად იხილა მისი ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”. დღეს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამა “ოქროს საუკუნეში” მისი ავტორი გიორგი გვახარია სწორედ იმ პერიოდს გაიხსენებს.

1977 წლის გაზაფხულზე საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირმა კინოს სახლში მორიგი, ეგრეთ წოდებული “დახურული ჩვენება” მოაწყო –მოსკოვი ქართული კინოს მოღვაწეებს ამ ჩვენებებით წელიწადში სამჯერ, ყოველ კვარტალში ანებივრებდა ხოლმე – კინემატოგრაფისტებს უნდა გაეგოთ, თუ რა ხდებოდა ბურჟუაზიულ კინოში, რათა უფრო აქტიურად ჩაბმულიყვნენ იდეოლოგიურ ბრძოლაში.

ეს ოფიციალურად...არაოფიციალურად კი ამგვარი ღონისძიებები კავშირის წევრებისგან საწევროების აკრეფვას ისახავდა მიზნად. თუმცა თბილისში “დახურული ჩვენებები” სპეციფიური, “ქართული” ფორმით გამოირჩეოდა. კინოს სახლის დირექცია დამატებით სეანსებს ნიშნავდა კომპარტიის ელიტისთვის, მთავრობისთვის – მინისტრებისთვის, მათი ოჯახებისთვის, მათი ექიმებისა და პარიკმახერებისთვის. ასეთი პუბლიკა კი კინოკავშირისგან გარკვეულ რეპერტუარს მოითხოვდა – ცოტა სექსი, ცოტა სისხლი, ცოტა სკანდალი – ‘დახურული ჩვენებების” აუცილებელი ატრიბუტი იყო.

ამ სეანსებზე მოხვედრა თბილისელებისათვის პრესტიჟის საქმე იყო. ამიტომ ყოველი “დახურული ჩვენების” წინ ქალაქში მოსაწვევებზე ნადირობა იწყებოდა ხოლმე. კინოკავშირის დირექცია ნაცნობებს ემალებოდა, კინოს სახლის წინ მილიციელთა რაზმებს აყენებდა. მაგრამ 77 წლის გაზაფხულზე, როცა მოსკოვიდან ჩამოიტანეს მილოშ ფორმანის “ოსკაროსანი” ფილმი, “ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა”, კავშირის მესვეურები იძულებულნი გახდნენ ცხენოსანი მილიცია მოეწვიათ. პირველ სეანსზე ბრბომ შენობის კარი ჩაამტვრია. ქალაქში ყალბი მოსაწვევეი გავრცელდა. რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კიდეც.

არც სექსი, არც სისხლი, არც სკანდალი – მილოშ ფორმანის ფილმი ამ “სამკაულებს” მოკლებული იყო. მაგრამ ჯეკ ნიკოლსონის გმირის შესახებ იმხანად მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. ის ადამიანები, ვისაც ფორმანის ბიოგრაფიის შესახებ არაფერი ჰქონდათ გაგებული, გაოცებას ვერ მალავდნენ – “რატომ არ იყიდეს ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებისთვის – აქ ხომ არ არის სექსი, თანაც ყველაფერი ეს ხომ მართლაც ჰგავს “ბურჟუაზიული საზოგადოების კრიტიკას”?. ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იცოდნენ, რომ 60-იან წლებში “ჩეხოსლოვაკიური კინოს” ახალი ტალღის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც თავისი ფილმებით “შავი პეტრე”, “ქერათმიანი ქალიშვილის სასიყვარულო თავგადასავალი’ პრაღის კინოსკოლას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, მოლოშ ფორმანი 68 წლის ამბების შემდეგ შეერთებულ შტატებში გაიქცა, ამიტომ საბჭოთა კავშირში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო. მოგვიანებით, “პერესტროიკის” დაწყებისთანავე ჟურნალ “ნოვი მირში” კენ კიზის ეს რომანი დაიბეჭდება, ერთი წლის შემდეგ კი ფორმანის ფილმს “ვიღაცამ გადაიფრინა გუგულის ბუდეზე” მოსკოვის კინოგაქირავება შეიძენს, რაც საშინლად გააღიზიანებს კომუნისტურ პრაღას. მითუმეტეს, რომ “გუგულის” საბჭოთა ეკრანებზე გამოსვლას ფორმანის კიდევ ერთი ფილმის, “რექტაიმის” მოსკოვური პრემიერა მოჰყვება. მაგრამ ეს მოგვიანებით – 1977 წელს კი მილოშ ფორმანის ფილმის შესყიდვა უბრალოდ სახიფათო იყო – საზოგადოებას შეიძლებოდა პირდაპირი ასოციაციები გაჩენოდა – ხალხმა ხომ მშვენივრად იცოდა რა ხდებოდა ამ დროს საბჭოთა ფსიქიატრიულ კლინიკებში – ჩვენი საპატიმროების ამ თავისებურ ფილიალებში, სადაც ჯანმრთელი დისიდენტების ეგრეთ წოდებული “მკურნალობა” და მათში თავისუფლების ნების ჩაკვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო. კარგად იცოდნენ ეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, მინისტრებმა, მათი ოჯახის წევრებმა, ექიმებმა და პარიკმახერებმა, რომლებმაც იმხანად, 1977 წელს, მილოშ ფორმანის ფილმზე “ვიღაცამ გადაიფრინა გუგულის ბუდეზე” ბევრი ცრემლი ღვარეს.


კენ კიზის ნაწარმოების ფორმანისეული ეკრანიზაცია იმდენადაა ამერიკული, რამდენადაც ევროპული ფილმია – საპატიმროდან –საგიჟეთში მოხვედრილი მეკმარფის ბედი ჰგავს თავად რეჟისორის, მილოშ ფორმანის ცხოვრებას. ფორმანი ხომ ტოტალიტარული ქვეყანა-საპყრობილიდან – ცივილიზებულ საგიჟეთში – ჰოლივუდში მოხვდა და გადაიღო ამერიკული, ასე ვთქვათ “ოპტიმისტური ტრაგედია” ევროპული და ამერიკული კინოს საუკეთესო ტრადიციების სინთეზით. ფინალში ცივილიზაციის კეთილდღეობასა და “ცივილიზებული ფსიქოთერაპიის” ფარისევლობაზე უზარმაზარი ინდიელი, ბუნების შვილი იმარჯვებს. იგი გაემიჯნა იმ ცივილიზაციას, რომელმაც ყველაფერი ბუნებრივი ჩაკლა ადამიანში. ამ ერთი შეხედვით “ველურ”, სინამდვილეში კი სწორედაც რომ “უმანკო” საწყისს ყველა ადამიანი ატარებს თავის თავში – ამერიკელიც, ჩეხიც, ქართველიც, მინისტრიც და მისი პარიკმახერიც. “ვიღაცამ გადაიფრინა გუგულის ბუდეზე” ღირსების გრძნობას იმაშიც კი აღვიძებს, ვისაც ღირსება თითქოს დაკარგული აქვს. რაღა თქმა უნდა ეს სიუჟეტი, ეს ფილმი ადამიანის დათრგუნვასა და ადამიანის ნების გამარჯვებაზე, კომპოზიტორ ჯეკ ნიცშეს ეს მუსიკა უფრო მეტად ააღელვებდა არა იმ მაყურებელს, რომლისთვისაც დემოკრატია ცხოვრების მოდელია(ე.ი. ამერიკელებს), არამედ იმას, ვისაც დემოკრატიის იმიტაციის ქვეშ უხდებოდა ცხოვრება – ცხოვრება იმ “ფსიქოლოგიური თამაშის” მსგავსად, რომლითაც უფროსი ექთანი რეტჩედი “კურნავს” თავის პაციენტებს, სინამდვილეში კი ამახინჯებს და “ნებას ართმევს”
[ჩართვა. მუსიკა]

საბჭოთა კავშირში ფორმანის ფილმი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი გახდა იმ თვალსაზრისით, რომ სურათი ყველამ ერთნაირად აიტაცა და ყველამ “შედევრი” უწოდა. კრიტიკოსებმა თვალი დახუჭეს უარყოფითისა და დადებითის სწორხაზოვან დაპირისპირებაზე, რადგან ყოველი მათგანი აღიარებდა, რომ ფილმის ყურებისას დაავიწყდა, რომ კინოს უყურებდა. მოსკოვში, ასეთივე “დახურული სეანსის” დასრულების შემდეგ, 20-იანი წლების საბჭოთა კინოავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლეონიდ ტრაუბერგი, იმხანად 76 წლის ცოცხალი კლასიკოსი, კინოს სახლის გასასვლელში, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. “ფორმანმა ეს ფილმი ჩვენთვის გადაიღო” – ყვიროდა თურმე ტრაუბერგი, “ამ ადამიანების, ამ პაციენტების მსგავსად, ჩვენც ხომ დავყარეთ ფარ-ხმალი და უარი ვთქვით თავისუფლებაზე”. ამ “დახურულ ჩვენებებს” რა თქმა უნდა თვალს ადევნებდნენ სუკის თანამშრომლებიც, რომლებიც უთუოდ შეამჩნევდნენ, რომ მილოშ ფორმანმა ისევე გააერთიანა მაყურებელი, როგორც ფილმში ჯეკ ნიკოლსონის გმირმა გამოაღვიძა პაციენტები – ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მეთოდიკაზე დაყრდნობით ფილმის ავტორებმა მაკმარფი დააჯილდოვეს დათრგუნულ ადამიანებში საერთოს, მსგავსის დანახვისა და ამ საერთოზე დაყრდნობით მათი გაერთიანების ნიჭით. ასეთი გაერთიანება – უკვე ძალა იყო, რომლისაც შეეშინდათ ფილმში, კლინიკის მესვეურებს და რომლისაც ძალიან შეეშინდათ საბჭოთა კავშირში. სპეციალური სეანსები კინოს სახლში პუბლიკის, თუნდაც მცირერიცხოვანი პუბლიკის “მოსინჯვა” იყო...და თუ ფორმანის ფილმმა თვით კომუნისტური იდეოლოგიის მეხოტბეებსაც კი აუჩუყა გული, თუ ატირა კომპარტიის ჩინოვნიკები და მინისტრები, სურათის ჩვენება ეკრანებზე კატეგორიულად უნდა აკრძალულიყო. 80-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირში ვიდეომაგნიტოფონები გაჩნდა, “ვიღაცამ გადაიფრინა გუგულის ბუდეზე” აკრძალული ვიდეოკასეტების სიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არც სექსი იყო და არც სისხლი. “ჰუმანისტური კულტურის” ხომ საბჭოთა კავშირში ყოველთვის ეშინოდათ. ხელისუფლება დააშინა მილოშ ფორმანის შემდეგმა ფილმმაც, “თმები”. ამ სურათის ეკრანებზე ჩვენება “პერესტროიკის” ეპოქაშიც კი ვერ გაბედეს. თუ რატომ უქმნიდა ფორმანის მიუზიკლი დისკომფორტს საბჭოთა ხელისუფლებას და რამდენად აქტუალურია ეს ფილმი დღევანდელი საქართველოსთვის, ამის შესახებ “ოქროს საუკუნის” შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG