Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ისახავს მიზნად აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობა


აფხაზეთიდან დევნილთა საკოორდინაციო საბჭოს ლიდერის ბორის კაკუბავას ინიციტივას დევნილთა ყრილობის მოწყობის შესახებ, ხელისუფლება დაბნეული შეხვდა.

ამის მიზეზი კი 2-წლიანი მიმალვის შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ბორის კაკუბავაა. ბევრი შიშობს, რომ იგი 2-წლიანი დევნისათვის სამაგიეროს გადახდას შეეცდება, ამიტომ დევნილთა ყრილობას ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციად მიიჩნევენ.

თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დევნილთა ყრილობის მოწყობის ფაქტს მიესალმა და განაცხადა, რომ შეკრებაზე სიტყვითაც კი გამოვიდოდა. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით, შევარდნაძემ ყრილობის მიზანი ეჭვის ქვეშ დააყენა. 12 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ეჭვების გაქარწყლებას აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობის ორგანიზატორი ბორის კაკუბავა შეეცადა.

[კაკუბავას ხმა] „გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ყრილობაზე განიხილოს საკითხი ბატონ ასლან აბაშიძეზე ნდობის მანდატის გაცემისა, დევნილთა უშუალო მონაწილეობისა აფხაზეთის დაბრუნების პროცესებში და დევნილები მზად არიან იმისათვის, რომ იმსჯელონ და გამოხატონ თავიანთი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში."

მიუხედავად ასეთი პოზიციისა, კაკუბავასვე განცხადებით, სახელმწიფო კანცელარიაში და სხვა სამთავრობო სტრუქტურებში დევნილთა ყრილობას მაინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ნათლავენ და ამით პრეზიდენტს აშინებენო.

15 თებერვლისთვის სპორტის სასახლეში დაგეგმილი აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობაში 12 ათასამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. დელეგატები თავის წარმომადგენლად 200 ათასამდე დევნილმა აირჩია. როგორც ჩანს, ცენტრალურ ხელისუფლებას სწორედ ამ ძალის ორგანიზება და კაკუბავას მფარველის ასლან აბაშიძის ირგვლივ გაერთიანება აშინებს.

11 თებერვალს პრეზიდენტი შევარდნაძე თავის რადიო ინტერვიუში იმის თქმას შეეცადა, რომ ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მისი გადაწყვეტილებით, უკვე კარგახანია, ჩართულია და რომ ამისთვის დევნილთა მრავალრიცხოვანი ყრილობის მოწყობა სულაც არაა საჭირო. პრეზიდენტის განცხადებით, ის ასლან აბაშიძეს ტელეფონით ესაუბრა და გაარკვია, რომ ყრილობის ჩატარების იდეა აბაშიძისთვისაც მოულოდნელი ყოფილა: [შევარდნაძის ხმა] „მას მიაჩნია, რომ შეიძლებოდა ეს რაიონებში, ქალაქებში გაკეთებულიყო, თუ სურთ, რომ გამოხატონ თავისი კეთილი დამოკიდებულება, ნდობა. მე ვფიქრობ, რომ თავყრილობები ასეთ ამბავთან დაკავშირებით არც ისე იაფი ჯდება და უფრო მეტი ძალა, მეტი ენერგია მიაქვს და ვადროოთ უნდა..."

კაკუბავას ინიციატივის დისკრედიტაციისათვის, რაც საბოლოო ჯამში დევნილთა მოძრაობის შეკავებას ისახავს მიზნად, აქცენტი ყრილობის ორგანიზებისათვის საჭირო თანხების წარმომავლობაზე კეთდება. პრესის ზოგიერთ გამოცემაში კაკუბავას ხელთ არსებულ დევნილთა შეკრებისათვის საჭირო სახსრებს შავი სამყაროს კაპიტალს უწოდებენ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ამით ხელისუფლების უმოქმედობით რწმენადაკარგულ დევნილთა შეკავება მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG