Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უმზადებს ხელისუფლება მოქალაქეებს


დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს, 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

პირველ დღეს დეპუტატები გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებენ. უფრო მნიშვნელოვანია, რა მოამზადეს მათ მისაღებად. დავით პაიჭაძე გაგაცნობთ კანონპროექტს, რომლის დებულებებიც გაუმართლებლად მკაცრია და ზღუდავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა ცვლილებებისა და დამატებების პროექტი 4 უაღრესად მნიშვნელოვანი კანონისათვის. ესენია: სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და კანონი პატიმრობის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსს ცვლილებათა და დამატებათა პროექტი უმატებს 222-ე პრიმა მუხლს, რომელსაც თავიდან ბოლომდე გაგაცნობთ:

1.
"სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, საავტომობილო და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2.
იგივე ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და შემოწმება, - ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
3.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან რასაც მოჰყვა სხეულის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ანდა სხვა მძიმე შედეგი, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე".

ახლა კი შეგახსენებთ კონსტიტუციის 25-ე მუხლს: "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ".

რა მოხდება, თუ ხსენებულ დამატებას პარლამენტი კანონად აქცევს და არაფრად ჩააგდებს მის წინააღმდეგობას როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე საერთაშორისო ნორმებთან? სოციალური ან პოლიტიკური მოტივით მოქალაქეთა ქუჩაში გამოსვლისას სახელმწიფოს ექნება საფუძველი დააპატიმროს და დამნაშავედ გამოაცხადოს ისინი. სხვათა შორის, თავისი მმართველობის მიწურულს, მსგავს კანონს მოაწერა ხელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა. სწორედ ამ კანონის დარღვევა დაედო ბრალად მისი მიღებიდან მალევე დაპატიმრებულ გია ჭანტურიას. ხოლო როგორ დაამთავრა პრეზიდენტმა გამსახურდიამ - ყველა ჩვენგანს ახსოვს.
XS
SM
MD
LG