Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმი და 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი


მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2002 წელი საქართველოში ტურიზმის წლად გამოაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტმა ტურიზმის სფეროს წელსაც ძალიან მწირი თანხა არგუნა.

ხსენებული დარგისთვის გამოყოფილ, დაახლოებით, 285 ათას ლარს სპეციალისტები მიზერულად მიიჩნევენ. დასახელებული თანხის მოცულობა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი (შარშან, უსახსრობის გამო შეჩერებულ) 4 პროგრამას ვერც წელს განახორციელებს.

ტურიზმის სფეროს საინფორმაციო ბანკის შექმნა, საქართველოს კურორტების კვლევა და ანალიზი, სანიტარული ზომების მიღების მექანიზმის ამუშავება და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა _ აი, ის 4 პროგრამა, რომელთა განხორციელებისკენაც ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი სულ ამაოდ მიილტვის. პროგრამების დასაფინანსებლად საჭირო მილიონ 200 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტმა ვერა და ვერ გამონახა. არადა, დარგის სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი პროგრამების უგულებელყოფით ქვეყანაში ტურიზმი ვერასდროს მომძლავრდება.

ზემოხსენებული დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიგი ყუფარაძის ინფორმაციით, ცუდი მდგომარეობა იყო შარშანაც, რადგანაც დარგის დასაფინანსებლად ბიუჯეტში გათვალისწინებული ისედაც მცირე თანხიდან, 350 ათასი ლარიდან, 117 ათასი სეკვესტრში მოყვა. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტის წლევანდელი, `მომჭირნე დაპირებების~ შესრულებაც საკმაოდ სათუოა.

ყველაზე მთავარი კი მაინც, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს მკაცრად ევალება, ტურისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ადვილი წარმოსადგენია, რომ უცხოელებზე თავდასხმის უამრავი მაგალითი ტურისტებს აფრთხობს და ასეთ შემთხვევაში დარგს კოსმიური მასშტაბის სახელმწიფო დაფინანსებაც კი ვეღარ უშველის. ამასთან, წყალში ჩაიყრება ტურიზმის სფეროში უკვე დაბანდებული უცხოური კაპიტალი, რომელიც 150 მილიონ დოლარს აღემატება. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი ამზადებს ნუსხას, პირობითი სახელწოდებით _ `შავი დღიური~, სადაც აღრიცხული იქნება 2001 წელს უცხოელ ტურისტთა გატაცების, თავდასხმის, დაყაჩაღების, ცემისა და მკვლელობის ყველა ოფიციალური ფაქტი. მართალია დეპარტამენტი ჯერჯერობით ზუსტ ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ იმაში კი დარწმუნებულია, რომ `შავი დღიური~ მეტად შემაშფოთებელი წასაკითხი იქნება. თუმცა, ალბათ, დეპარტამენტის მიერ შედგენილი ნუსხის უკან მკითხველმა კიდევ მრავალი არაოფიციალური ანუ გაუხმაურებელი ფაქტიც უნდა იგულისხმოს.

იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოსვლა ტურისტისთვის მართლა გმირობის ტოლფასად არ იქცეს (და ამის ნიშნები, სამწუხაროდ, უკვე ჩანს) სახელმწიფო სასწრაფოდ და, რაც მთავარია, რეალურად უნდა ამოქმედდეს _ ასე ფიქრობს თბილისში სტუმრად მყოფი გერმანელი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თავადაც ძალიან ბევრი უფიქრიათ, სანამ აქეთ გამომგზავრებას გაბედავდნენ. მაგრამ, რადგანაც მაინც გაბედეს, ესე იგი, ჩვენი იმედები მთლად გადაწურული არ არის, _ გერმანელების ნათქვამს ასეთ ოპტიმისტურ კომენტარს უკეთებენ ჩვენს საუბარში ჩართული თბილისელები. თუმცა ის ფაქტი, რომ შარშან საქართველოში ტურისტთა ნაკადის საგრძნობი კლება დაფიქსირდა, ოპტიმისტური განწყობის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. საგულისხმოა, რომ თუკი ტურისტთა რიცხვი (2001 წლამდე) ყოველ წელიწადს სულ უფრო იზრდებოდა, შარშან საქართველოს 85 ათასით ნაკლები ადამიანი ეწვია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG