Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო დაიწყო


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, ჰააგაში დაიწყო იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.

გახსნა რა პროცესი, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა, კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ გენოციდსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული ექს-პრეზიდენტის გასამართლებამ უნდა დაანახოს ყველას, რომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა.

როგორც დელ პონტემ აღნიშნა, მილოშევიჩის ამბიციებმა ენით აუწერელი ტანჯვა მოუტანა იმ ადამიანებს, ვინც არ ეთანხმებოდა ყოფილ პრეზიდენტს, რომლის ყოველი ნაბიჯი ძალაუფლების მოსაპოვებლად იყო გამიზნული: [კარლა დელ პონტეს ხმა] "ბრწყინვალე ტაქტიკოსის და არც თუ გამორჩეული სტრატეგის, მილოშევიჩის ყოველი ნაბიჯი მისი ამბიციით იყო ნაკარნახევი, რამაც წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა იმ ადამიანებს, ვინც ოპოზიციაში იყო მილოშევიჩთან, ან კიდევ საფრთხეს უქმნიდა მის ძალაუფლებას".

კარლა დელ პონტეს მიაჩნია, რომ ჰააგაში სამშაბათს დაწყებული სასამართლო პროცესი ღირსეულ ადგილს დაიკავებს სამართლის ისტორიაში. "დღეს, რაც არასოდეს მომხდარა აქამდე, ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, როგორ ამოქმედდა საერთაშორისო სამართალი. ეს პროცესი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს სამართლის ისტორიაში"-განაცხადა კარლა დელ პონტემ. მილოშევიჩმა არაერთგზის განაცხადა, რომ გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის უფლებამოსილებას არ აღიარებს.

სულ მილოშევიჩს 66 კონკრეტული ბრალდება აქვს წაყენებული ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში 90-იან წლებში მომხდარ ომებთან დაკავშირებით, და თუნდაც ერთი ბრალდება რომ დაუმტკიცოს მას ტრიბუნალმა, მილოშევიჩს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მოელიან, რომ ეს პროცესი ალბათ ორ წელიწადზე მეტ ხანს გასტანს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფოს ყოფილ პრეზიდენტს, ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი ასამართლებს. ყველაზე სერიოზული ბრალდება, რომელიც მილოშევიჩს წაუყენეს, 1995 წელს ბოსნიაში ჩადენილი გენოციდია, როცა სერბიის ძალებმა სრებრენიცაში, ათასობით მაჰმადიანი დახოცეს. გენერალ რადისლავ კრსტიჩს, რომელიც ამ ოპერაციას მეთაურობდა, გასულ წელს დაუმტკიცა ტრიბუნალმა გენოციდის ბრალდება და 46 წლით მიუსაჯა პატიმრობა.

როგორც ჰააგის ტრიბუნალის თანამშრომლებმა განაცხადეს, მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში,
სასამართლო - კოსოვოში ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს განიხილავს. რაც შეეხება ბოსნიასა და ხორვატიაში მომხდარ ფაქტებს, ამის შესახებ მოწმეების დაკითხვა ივლისამდე არაა მოსალოდნელი. კარლა დელ პონტეს განზრახული აქვს ათობით მოწმეს, მათ შორის კოსოვოელ ალბანელთა ლიდერს, იბრაჰიმ რუგოვას, აგრეთვე კოსოვოში განთავსებული სამშვიდობო ძალების ყოფილ მეთაურს, უილიამ უოკერს ჩამოართვას ჩვენებები სერბიის ამ პროვინციაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულობათა შესახებ.

მილოშევიჩის მიერ ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში 90-იან წლებში გაჩაღებულმა ომებმა 200,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო კიდევ სამი მილიონი -იძულებული გახადა მიეტოვებინა სახლ-კარი და ლტოლვილად აქცია.
XS
SM
MD
LG