Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემები საქართველოში


არავისთვის დასამალია არაა, რომ ბოლო ხანს საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს ავტორიტეტი საზოგადოების თვალში კატასტროფულად დაეცა.

ხალხი არ ენდობა პოლიციას და უშიშროებას, არა აქვს სამართლიანობის იმედი, უარს ამბობს სამხედრო მოვალეობის შესრულებაზე, პატივს არ სცემს სახელმწიფოებრივ იდეალებს. ვითარება ძალიან მძიმეა, მაგრამ არა უსაშველო. საზოგადოების გაუცხოებისგან თავის დაღწევა ისევ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმების გაუმჯობესებითა და ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის შემუშავებით შეიძლება, ასე ფიქრობენ საზოგადოებრივი ურთიერთობის, ე.წ "ფაბლიქ რილეიშენის" სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისათვის ამ დღეებში პირველ სემინარს მართავენ თბილისში.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტად მისი პრესმდივანი იქცა. როგორც ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, იგი უკმაყოფილოა, რომ მისი პრესსამსახური არასათანადოდ აშუქებს კორუფციასთან ბრძოლის პროცესს და მთელი ყურადღება იმაზე აქვს გადატანილი, რომ პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეახვედროსო.

არადა, კაცმა რომ თქვას, პრესმდივნის მოვალეობა, პირველ ყოვლისა, სწორედ ისაა, რომ იყოს მედიატორი პრესასთან ურთიერთობაში, რასაც კახა იმნაძე არც თუ ურიგოდ ართმევს თავს. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, თუკი იგი რეალური იქნება, ანუ თუკი ჟურნალისტები დაინახავენ კორუფციული დანაშაულის გამო დაპატიმრებულ მოხელეებს და ჩამორთმეულ დაუსაბუთებელ ქონებას, მასმედიას ამის გაშუქებას ვერავინ დაასწრებს.
მთელი პრობლემა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის საქართველოში სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება ვერ ქმნის სინამდვილეს, რომელსაც საზოგადოება ყოველგვარი ალგორითმის გარეშე ირწმუნებს და მას მხოლოდ სინამდვილის სუროგატს სთავაზობს.
პოლიტიკური კონსულტაციების ცენტრ "ნიკოლო მ"-ის ხელმძღვანელი ეკატერინა ეგოროვა ამგვარ მიდგომას პოლიტიკურ მარკეტინგს უწოდებს.
[ეკატერინა ეგოროვას ხმა] "მე ვიზიარებ და ამ თემაზე ერთი საინტერესო, ფიარის სფეროში გავრცელებული შესანიშნავი ანეკდოტიც შემიძლია გიამბოთ: თუ ახალგაზრდა კაცი მიდის გოგონასთან და მასთან ღამის გატარებას სთავაზობს, ეს მარკეტინგია. მაგრამ თუკი თავად გოგონა მივა ვაჟთან და ეტყვის, რომ დიდი სურვილი აქვს მასთან ღამის გატარებისა, მაშინ ეს "ფაბლიქ რილეიშენია".

სემინარის ერთ-ერთი ორგანიზატორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მარიკა დარჩიას თქმით, დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების რჩევებზე მოთხოვნილება აშკარად გაიზარდა, მაგრამ თავი იჩინა სხვა უკიდურესობამ. კერძოდ, არსებობს ისეთი განწყობა, რომ ეს საქმიანობა ყველას ხელეწიფება. ამიტომ სახელმწიფო და კერძო სექტორში საზოგადოებასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პირების გადასამზადებლად დაიგეგმა აღნიშნული სემინარი, რომელზეც ლექციების წასაკითხად არაერთი ცნობილი სპეციალისტი იქნა მოწვეული. მათ შორის, ეკატერინა ეგოროვა და ანდრეი ბირიუკოვი, რომლებიც 1996 წელს ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ. თუმცა სემინარის ორგანიზატორებს სახელმწიფო სტრუქტურებმა აქაც გაუცრუეს იმედები.
[მარიკა დარჩიას ხმა] "დანანებით მინდა ვთქვა, რომ პირველი კითხვა იყო ასეთი, არიან თუა არა ძალოვანი სტრუქტურებიდან. ჩვენ პრობლემური ძალოვანი სტრუქტურები გვყავს დღეს. მით უმეტეს, რომ განათლება მიიღონ ჩვენმა სახელმწიფო მოხელეებმა, თურმე ამაზე საერთოდ არ არის გამოყოფილი თანხები".

მიუხედავად ამისა, სემინარის ორგანიზატორები იმედს არ კარგავენ, რომ მათ მიერ ასეთი სემინარები სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება და არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოიზიდავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG