Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრული უმცირესობის მდგომარეობა რუმინეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა უნგრეთი ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე;

იქ სადაც ხელი მიუწვდება – მოსაზღვრე ქვეყნებში. არ შეიძლება ითქვას, რომ მეზობლები დიდად კმაყოფილი არიან ამ ზრუნვით.

შარშან უნგრეთის პარლამენტმა მიიღო ე.წ. “სტატუსის კანონი” მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები უნგრელების შესახებ. ამ კანონით, უნგრეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ თანამემამულეებს გარკვეულ უფლებებს ანიჭებს ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

უნგრეთის ზოგიერთ მეზობელს ეს კანონი აღიზიანებს.
“სტატუსის კანონი” რუმინეთში, სლოვაკეთში, იუგოსლავიაში, სლოვენიასა და უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს უნგრეთში სამი თვით მუშაობის უფლებას აძლევს, გარკვეულ შეღავათებს ანიჭებს სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის სფეროებში. ყველაფერი ეს უნგრეთის მიერ გაცემული პირადობის მოწმობების საფუძველზე ხდება.

რუმინეთი, სადაც 1,7 მილიონი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს, ძირითადად უკმაყოფილოა სამუშაო უფლებების გაცემით. ის თვლის, რომ ეს არის იმ რუმინელთა დისკრიმინაცია, რომლებიც უნგრეთში სამუშაოს პოვნას ცდილობენ.

მაგრამ მემორანდუმის პირობებით, რომელსაც გასული წლის 22 დეკემბერს უნგრეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა ადრიან ნასტასემ და ვიქტორ ორბანმა მოაწერეს ხელი, უნგრეთი თანახმაა სამუშაო უფლებების გაცემაზე რუმინელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაბამის განაცხადს უნგრეთში ჩაუსვლელად შეიტანენ.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტის მიღებიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, ნასტასემ გააკრიტიკა განცხადება, რომელიც გააკეთა დეპუტატმა ჟოლტ ნემეტმა უნგრეთის დემოკრატიული ფორუმიდან. ეს პარტია ორბანის კოალიციური მთავრობის წევრია.

“აქლემი უფრო ადვილად გაივლის ნემსის ყუნწში, ვიდრე რუმინელი მიიღებს უნგრეთში მუშაობის უფლებასო,” უთქვამს თურმე ნემეტს.

რუმინეთის მთავრობის პრესმდივანმა კლაუდიუ ლუკაჩმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ამგვარმა განცხადებამ შეიძლება აფიქრებინოს რუმინეთის ოფიციალურ პირებს, რომ მემორანდუმის ხელმოწერით უნგრეთმა პარტნიორს თვალებში ნაცარი შეაყარა.

[კლაუდიუ ლუკაჩის ხმა] “ეს არის ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება უნგრეთის შრომის ბაზარზე რუმინეთის მოქალაქეების დაშვების შესახებ და სწორედ ამიტომ გამოთქვამს გარკვეულ შეშფოთებას პრემიერ-მინისტრი ნასტასე, რომ თუ საქმე ისეა, როგორც ამას უნგრეთის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი წარმოადგენს და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით გაგრძელდება, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეთანხმება თვალის ასახვევად იქნა დადებული.”

მაგრამ პასუხად უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს, პირნათლად დაიცვას მემორანდუმის პირობები. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანოშ მარტონიმ 11 იანვარს, პარლამენტში გამოსვლისას, თქვა, რომ ბუდაპეშტი დაინტერესებულია მემორანდუმის ცხოვრებაში გატარებით. მისი სიტყვით, დოკუმენტი სიკეთეს მოუტანს რუმინეთში მცხოვრებ უნგრელებს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას.

რუმინეთსა და უნგრეთს შორის, ძირითადში კეთილ ურთიერთობებს შარშანდელი წლის განმავლობაში ხელს უშლიდა დავა “სტატუსის კანონის” გარშემო.

ცოტა რამ ისტორიიდან: პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთმა თავისი ტერიტორიების ორი მესამედი დაკარგა. ისინი ერგო ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ახლად შექმნილ სახელმწიფოებს. შედეგად 3,5 მილიონი უნგრელი საზღვარგარეთ აღმოჩნდა.

კომუნიზმის დაცემის შემდეგ უნგრეთი ეკონომიკურ ზრდას განიცდის და ევროპის კავშირში შესვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. “სტატუსის კანონის” მიზანია, უნგრეთის თქმით, მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ უნგრელებს დაეხმაროს თავიანთი კულტურული და ეროვნული მეობის შენარჩუნებაში იქ, სადაც მათ ცხოვრება მოუწიათ.

მაგრამ რუმინეთი და სლოვაკეთი – ამ უკანასკნელს სიდიდით მეორე, 600-ათასიანი უნგრული უმცირესობა ჰყავს – ჩივიან კანონის ექსტრა-ტერიტორიული ხასიათის შესახებ და არაოფიციალურად გამოხატავენ შიშს, რომ, საბოლოო ჯამში, უნგრეთი ტერიტორიულ პრეტენზიებსაც წამოაყენებს.

რუმინელების ეჭვის გასაქარვებლად მემორანდუმში ნათქვამია, რომ ეთნიკური უნგრელების ორგანიზაციებს რუმინეთში არ მიეცემათ უფლება რეკომენდაცია გაუწიონ იმ პირებს, ვისაც შეიძლება ეხებოდეს “სტატუსის კანონი”. მათ შეეძლებათ მხოლოდ საერთო ინფორმაციის მიწოდება იმათ შესახებ, ვისაც უნგრული პირადობის მოწმობა ეკუთვნის. რუმინეთი მოითხოვს, რომ პირადობის მოწმობა გაიცეს მხოლოდ უნგრეთში, რაც, ბუქარესტის აზრით, შეასუსტებს კანონის ექსტრა-ტერიტორიალურ ხასიათს.

რუმინეთმა მოითხოვა და უნგრეთი დათანხმდა, რომ “სტატუსის კანონი” არ შეეხება უნგრელებზე დაქორწინებულ რუმინელებს. მაგრამ მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი დათმობებისა, რუმინეთის ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ მემორანდუმის ცხოვრებაში გატარება იწვევს მათ ეჭვებს. მის განხორციელებაზე თვალყურის სადევნებლად საგანგებო კომისია შეიქმნა.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ ბუდაპეშტი, თუ საჭიროდ სცნობს, 6 თვის განმავლობაში შესწორებებს შეიტანს კანონში. შესწორებების ხასიათი, ალბათ, დამოკიდებული იქნება აპრილის საერთო არჩევნების შედეგებზე.
XS
SM
MD
LG