Accessibility links

logo-print

როგორ ეპყრობიან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში დაკავებულ პირებს


ავღანეთში - ყანდაარის მახლობლად - ქალაქ ხაზ-ურუზგანში, იანვრის 23 რიცხვში, შეერთებული შტატების ჯარმა იერიშით აიღო პოლიციის შენობა და სკოლა.

19 ავღანელი მოკლეს და 27 დაატყვევეს. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯარს ეგონა, რომ დატყვევებულები ალყაიდელები და თალიბები იყვნენ. დაკავებულები 16 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ოთხი მათგანის ნაამბობის საფუძველზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელები თავიანთ ტყვეებს სცემდნენ. ამ ამბავს მოჰყვა მითქმა-მოთქმა, გაჩნდა შეკითხვები, მათ შორის ასეთი: როგორ უნდა მოექცეს ამერიკელი ჯარისკაცი დატყვევებულ პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ მტერი არ არის?

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ სტაფლბიმმა თქვა, რომ მას არ შეუძლია გამოძიების დამთავრებამდე კომენტარი გაუკეთოს მომხდარს, მაგრამ დასძინა, რომ ავღანელებმავე მისცეს ამერიკელებს ამ პირების შესახებ ინფორომაცია, რომელიც მათ მტრებად წარმოადგენდა.

ხაზ-ურუზგანის საქმეს გამოიძიებენ, მაგრამ შეკითხვა, დატყვევებული მტრულად განწყობილი თუ მეგობარი ავღანელის ცემის თაობაზე, შეკითხვად რჩება.
ვაშინგტონის “მემკვიდრეობის ფონდის” თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების საკითხების ექსპერტი ჯეკ სპენსერი ფიქრობს, რომ ცნობა დაკავებულთა ცემის შესახებ არ უნდა იყოს მართალი. სპენსერის თანახმად, ის გარემოება, რომ მთელი მსოფლიო მათ შეჰყურებს, ამერიკელი სამხედროების მოქმედების პასუხისმგებლობას ზრდის. ამ აზრს იზიარებს ედუარდ ეტკისონი, რომელიც შეერთებული შტატების არმიის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი იყო და ახლა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში საერთაშორისო უშიშროების საკითხებზე მუშაობს. ის კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ 27 დაკავებული პირიდან, მხოლოდ ოთხმა განაცხადა, გვცემესო, და არ არის გამორიცხული, რომ მათ ფულადი კომპენსაციის იმედი ჰქონდათ. ფული ამერიკელებმა გადაუხადეს დაჭრილებს და იმათ ნათესავებს და ახლობლებს, ვინც უმიზეზოდ დახოცეს ხაზ-ურუზგანში. სპენსერიცა და ეტკისონიც ფიქრობენ, რომ ამერიკელები, თავიანთ მხრივ, არ უნდა მოელოდნენ ავღანელებისგან ჰუმანურ მოპყრობას, თუკი ეს უკანასკნელნი მათ ტყვედ ჩაიგდებენ.

მომხდართან დაკავშირებით, ამერიკელები დაზვერვის მცდარ ინფორმაციაზე ლაპარაკობენ. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამ თემას შეეხო ვაშინგტონის სამხედრო უწყების წარმომადგენელი ვიქტორია კლარკი, რომლის აზრით, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ავღანეთში მეგობრულად განწყობილი ძალები, უცბად შემოგიბრუნდნენ და მტრებად გექცნენ, იმისდა მიხედვით, თუ რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ.

ეტკისონმა ამის მიზეზიც იცის: [ეტკისონის ხმა] “საქმე გვაქვს ტომობრივ ინტერესებთან, ქაბულს გარეთ არ მოქმედებს ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლება, ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვინმე რაიმე ცნობას გვაძლევს”.
ეტკისონის თანახმად, ავღანეთში დაზვერვის სფერო ალბათ კარზაის მთავრობის მოძლიერების შემდეგ გახდება საიმედო, ჯერჯერობით კი იქ განუკითხაობა სუფევს.
XS
SM
MD
LG