Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური რევოლუციის 23-ე წლისთავი მილიონობით ირანელმა აღნიშნა


ორშაბათს ირანში მილიონობით ადამიანმა აღნიშნა ისლამური რევოლუციის 23-ე წლისთავი:

თარიღი, რომლისადმი დიდი ხანია, ასეთი ინტერესი აღარ გამოუჩენიათ. როგორც თეირანიდან იუწყებიან, ხალხით იყო სავსე ცენტრალური ”თავისუფლების მოედნისკენ” მიმავალი ფართო გამზირები, ხოლო ტელევიზია სხვა ქალაქების ასევე გადაჭედილ ქუჩებს აჩვენებდა. რამ გამოიწვია რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით ირანელების გააქტიურება?

[დემონსტრანტების ხმა]

”სიკვდილი ამერიკას” – ეს გახლდათ ორშაბათის გამოსვლების მთავარი ლოზუნგი. ამ მხრივ ახალი, წინა წლებთან შედარებით, მართალია, არაფერი იყო, მაგრამ გამოსვლების მონაწილეებში აშკარა იყო გაღიზიანება, რომელიც, მათივე თქმით, ჯორჯ ბუშის ბოლო განცხადებებმა გამოიწვია. ლაპარაკია შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ე.წ. ”ბოროტების ღერძის” ერთ-ერთ შემადგენელ ქვეყნად ირანის მოხსენიებაზე.

თეირანში შეკრებილებს პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ მიმართა და თავისი, როგორც ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსის, რეპუტაციის შესაბამისად, ისაუბრა არა მარტო გარეშე მტერზე, არამედ საკუთრივ ირანის პრობლემებზე: [მოჰამად ხათამის ხმა] ”ეკონომიკის გამანადგურებელი კორუფციის გარდა არ უნდა დავივიწყოთ არც პოლიტიკური კორუფცია. მხოლოდ საზოგადოებაში ხალხის როლის, საჯარო ინსტიტუტების, კრიტიკული, თავისუფალი და მამაცი მედიის განმტკიცებით არის შესაძლებელი პოლიტიკური კორუფციის აღკვეთა და ჩვენი, ხელისუფალთა იძულება, პასუხი ვაგოთ ხალხის წინაშე”.

რაც შეეხება ვაშინგტონს, რომელიც ირანს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერასა და ავღანეთში სტაბილიზაციის პროცესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს, ხათამიმ მას საკუთარი საგარეო პოლიტიკის გადასინჯვა ურჩია: [მოჰამად ხათამის ხმა] ”ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, ჰკითხოს თავის ლიდერებს 11 სექტემბრის საზარელ ტრაგედიასთან დაკავშირებით: რამდენად განაპირობა ის ტერორისტების საქმიანობამ და რამდენად - ამერიკის ლიდერების არასწორმა საგარეო პოლიტიკამ.”

ირანის მისამართით ვაშინგტონის ბოლოდროინდელმა მუქარამ რეფორმების პროცესისთვის ერთი სახიფათო შედეგი მოიტანა: კონსერვატიულ და რეფორმისტულ ძალებში ანტიამერიკული ერთსულოვნება დათესა. თუმცა, ხათამის მიმართვამ ცხადყო, რომ დავიწყებას არ მისცემია რეფორმების მოწინააღმდეგეებთან უთანხმოების გამომწვევი მთავარი მიზეზი: დემოკრატიზაციისადმი დამოკიდებულება.

ისლამური რევოლუციის 23-ე წლისთავზე ირანის პრეზიდენტმა დემოკრატიისაკენ მისწრაფება ამ რევოლუციის არსად მოიხსენია.
XS
SM
MD
LG