Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახიფათო სიახლე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში: პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი


რა ხანია, დღე ისე არ გავა, ახლო აღმოსავლეთიდან არ გავრცელდეს ცნობა ძალადობის შესახებ.

გასული თვის მიწურულსაც, სამწუხაროდ, ჩვეული კადრები ვიხილეთ: იერუსალიმის ხალხით გადავსებული ქუჩა ბრძოლის ველს დაამსგავსა აფეთქებამ, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბევრი დაშავდა. და მაინც, აფეთქება უჩვეულო იყო: პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტების წინა თავდასხმებისაგან განსხვავებით, ის ქალმა განახორციელა.

27 იანვარს მოწყობილი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გაირკვა ის, რაც ისრაელის პოლიციას თავდაპირველად ვერ დაეზუსტებინა: ანუ, რა იყო თავდამსხსმელის, 28 წლის ვაფა იდრისის განზრახვა: საკუთარი თავისა და რაც შეიძლება მეტი გამვლელის აფეთქება (ანუ ის, რაც მან გააკეთა), თუ ბომბის საიმედო ადგილას ჩადება და აფეთქების ადგილიდან მიმალვა. მას შემდეგ, რაც თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ალ აყსას წამებულთა ბრიგადამ” იკისრა და ახალგაზრდა ქალის იერიში ”წამებულის ოპერაციად” მოიხსენია, ცხადია, რომ საქმე წინასწარ დაგეგმილ თვითმკვლელობას ეხებოდა.

ექსპერტები უკვე ალაპარაკდნენ ”სახიფათო სიახლეზე”, რასაც ბრიტანელი მკვლევარი, სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის დირექტორი, პოლ უილკინსონი შემდეგნაირად ხსნის: პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფებების განკარგულებაში უკვე არის ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გასაწირად მზად მყოფი მრავალი ახალგაზრდა მამაკაცი და [პოლ უილკინსონის ხმა] ”თუ მათ დაემატება რადიკალური ორგანიზაციების წევრი თავგანწირული ქალები, ან ადამიანები, ვისაც რადიკალური ორგანიზაციები აქამდე არ იყენებდნენ, ფრიად გართულდება პოტენციური წევრების მიკვლევა, და თვითმკვლელთა თავდასხმების აღკვეთა.”

როგორც უილკინსონმა რადიო ”თავისუფლების” თანამშრომელთან, კეტლინ ნოქსთან საუბარში აღნიშნა, ტერორისტული დაჯგუფებებისთვის აშკარად მომგებიანია ”ფრონტის ხაზზე” ქალების გამოყენება და აი, რატომ: უშიშროების უწყებათა მუშაკების ეჭვს ქალები გაცილებით უფრო იშვიათად აღძრავენ, ვიდრე მამაკაცები; გარდა ამისა, ქალის გაჩხრეკა ბევრისთვის საჩოთირო საქმეა - მაშინ, როცა ქალის ტანისამოსი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამალვის გაცილებით უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. ასეთმა პრაქტიკულმა მოსაზრებებმა კი, შესაძლოა, დაძლიოს მუსლიმანთა ორგანიზაციების იდეოლოგიით განპირობებული უარყოფითი დამოკიდებულება მოიერიშეებად ქალების გამოყენების მიმართ. [პოლ უილკინსონის ხმა]: ”ისლამურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოუხდებათ, თვალი გაუსწორონ იმ ფაქტს, რომ სულ უფრო მეტ ახალგაზრდა ქალს სურს ძალადობის აქტებში ”ფრონტის ხაზზე” გადანაცვლება. ეს შემთხვევა შეიძლება აღმოჩნდეს პრეცედენტი, რომელსაც სხვა ქალებიც მიბაძავენ”.

უილკინსონის მიერ ასახული ვითარების კონტექსტში საყურადღებოა გასამხედროებული ორგანიზაცია ”ისლამური ჰამასის” სასულიერო ლიდერის, შეიხ აჰმად იასინის განცხადება, რომლითაც მან დაგმო თვითმკვლელ მოიერიშედ ქალის გამოსვლა. ”თავგანწირული ახალგაზრდა მამაკაცებიც საკმარისი გვყავსო”, უთხრა 65 წლის სასულიერო პირმა ლონდონში გამომავალ ყოველდღიურ არაბულენოვან გაზეთ ”აშარკ ალ ავსათს”. თუმცა, მისივე სიტყვებით, ”როცა ინტიფადა გადამწყვეტ ფაზაში შევა, მასში ყველა მიიღებს მონაწილეობას”. შეიხ აჰმად იასინს არ უთქვამს, რას გულისხმობს ”ინტიფადის გადამწყვეტი ფაზით”, სამაგიეროდ აღნიშნა, რომ ”მაჰმადიან ქალს აქვს უფლება, იბრძოლოს ოკუპაციის წინააღმდეგ” და რომ ”მოციქული მუჰამედი მუდამ იცავდა ჯიჰადში (ანუ წმინდა ომში) ქალის მონაწილეობის უფლებას”.

ისრაელის წინააღმდეგ ძალადობის აქტებში პალესტინელი ქალების მონაწილეობის შემთხვევები უწინაც ყოფილა. გასული წლის ზაფხულში მოიერიშეს, რომლის გარდა იერუსალიმის პიცერიაში 15 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, პალესტინელი ქალი ეხმარებოდა. ქალები მონაწილეობდნენ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებშიც, რომლებსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია ”ჰესბოლა” ახორციელებდა.

მაგრამ პოლ უილკინსონის შეფასებით, ვაფა იდრისის თვითმკვლელობა ისრაელის ჯარს კიდევ უფრო გაურთულებს ამოცანას: [პოლ უილკინსონის ხმა] ”ეს კოშმარული პრობლემაა ისრაელის ხელმძღვანელობისათვის და უთუოდ გაზრდის ”წამებულის” როლისათვის მზადმყოფი მოხალისეების რიცხვს. ისრაელის დაზვერვისა და უშიშროების უწყებებს პრობლემები რომ მოემატებათ, ეჭვგარეშეა.”

ის, რაც ისრაელში 27 იანვარს პირველად მოხდა, მსოფლიოს ზოგიერთ სხვა რეგიონში კარგად არის ცნობილი. 1999 წლის მარტში სტამბოლში თავი აიფეთქა, სავარაუდოდ, ქურთმა ქალმა – ეს იყო ერთ-ერთი ტერაქტი თავდასხმების მთელი სერიიდან, რომელიც ქურთი მეამბოხეების ლიდერის, აბდულა ოჯალანის შეპყრობას მოჰყვა. შრი ლანკაში ქალები შეადგენენ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ”ტამილელ ვეფხვებს” შორის თვითმკვლელი მოიერიშეების დაახლოებით 30 პროცენტს. 1991 წელს სწორედ ქალმა - სავარაუდოდ ”ტამილელმა ვეფხვმა”- მოკლა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რაჯივ განდი.

თუ ისევ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ პალესტინელი ქალები, ზოგადად, თავს იკავებენ ძალადობის აქტებში მონაწილეობისაგან. როგორც კეტლინ ნოქსს უთხრა პალესტინელ ქალთა გენერალური კავშირის წევრმა, ხადიჯეი ჰაბაშნეიმ, ვაფა იდრისის თვითმკვლელობას პალესტინელების დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ [ხადიჯეი ჰაბაშნეის ხმა] ”ზოგჯერ ხდება, რომ ახალგაზრდა ადამიანი ან ფანატიკოსების ჯგუფში მოხვდება, ან ხალხში, რომელიც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო პროცესს. ასეთი ახალგაზრდა ცოტაა, მაგრამ არის”.

დაბოლოს, საგულისხმოა რელიგიური მოტივაციის ფაქტორი: მამაკაცი თვითმკვლელი მოიერიშე ”წამებულის” როლის შესრულებას საიქიოში ხორციელი სიამოვნების იმედს უკავშირებს. ქალს კი, ჰაბეშნეის სიტყვებით, ”საეჭვოა, ასეთი მოტივაცია ამოძრავებდეს”. შესაბამისად, ჰაბაშნეი იმედოვნებს, რომ პალესტინელი ქალები არ მიბაძავენ ვაფა იდრისის მაგალითს. მაგრამ გარანტია, ცხადია, არ არსებობს.

ისრაელის უშიშროების უწყებები უკვე გამოეთხოვნენ ტრადიციულ წარმოდგენას, რომ ტიპური თვითმკვლელი მოიერიშე ახალგაზრდა, უცოლშვილო პალესტინელი მამაკაცია. ისრაელის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ახლა პალესტინელ ქალებსაც გულდასმით ამოწმებენ.
XS
SM
MD
LG