Accessibility links

logo-print

მოსალოდნელია თუ არა პანკისში ახალი დესტაბილიზაცია


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა ახალ ინიციატივას – ერთობლივად იზრუნონ ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებაზე – შეიძლება სიტუაციის დესტაბილიზაცია მოჰყვეს.

ადგილობრივი ქისტებისა და ჩეჩენი ლტოლვილების აზრით, პანკისში არსებული პრობლემების მოგვარებას ხელს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა უშლის, ხეობაში რუსი სამართალდამცავებისა თუ სამხედროების გამოჩენას კი, შეიძლება, შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება მოჰყვეს.

პერიოდულად განსაკუთრებით თვალნათლად ჩანს, რომ პანკისის ხეობაში დესტაბილიზაციის კერა სრულიად მიზანმიმართულად, სამართალდამცავი ორგანოების სურვილითა და ძალისხმევით წარმოიშვა. ასე მოხდა იანვრის ბოლოს, როდესაც “საქართველოს ავღანელთა კავშირის” მიერ წამოწყებულ აქციას პანკისელი ქისტებიც შეუერთდნენ და ხელისუფლებას ერთობლივი მოთხოვნები წაუყენეს. კავშირის ხელმძღვანელის, ნუგზარ კახნიაურის თქმით, ქისტები თავდაპირველად უნდობლად უყურებდნენ ავღანელთა აქციას, მაგრამ როცა მათი მოთხოვნები გაიგეს, ხელისუფლების სახელზე ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, რომელშიც ნათქვამია: [ნუგზარ კახნიაურის ხმა] “პანკისის ხეობის მოსახლეობა მზად არის, რომ შემოვიდნენ ძალოვანი სტრუქტურები პანკისის ხეობაში, დაუდგეს მოსახლეობა გვერდით და აილაგმონ კრიმინალები. ჩვენს სამართალდამცავებს შესწევთ ამის ძალა, მით უმეტეს, თუ მოსახლეობაც გვერდით დაუდგება და დაეხმარება”.

ამ მიმართვის მიღებამ საფუძველი შეურყია მითს, რომლის თანახმადაც პანკისის ხეობაში სამართალდამცავთა შესვლას, შეიძლება, დესტაბილიზაცია მოჰყვეს. საქმის ამგვარი შებრუნება არ მოეწონათ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არსებული უმართავი ვითარებით ხელს ითბობენ და აქციის მონაწილეებს ლუკა რამაზაშვილის შეიარაღებული რაზმი მიუგზავნეს: [ნუგზარ კახნიაურის ხმა] “როცა პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა პანკისის ხეობის პრობლემის მოსაგვარებლად, მაშინ ხელისუფლებამ მიიღო უკიდურესი ზომა – შეიარაღებული ძალით დაესაჯა მშვიდობიანი აქცია და მოგვიგზავნა თავისი ბანდა… იმ ძალებმა, ვინც ხელისუფლებაში არიან და ვინც შექმნეს პანკისის ხეობის პრობლემა, გადაწყვიტეს რომ ამ ჩვენი დაპირისპირებით, რომელიც სისხლისღვრაში უნდა გადაზრდილიყო, შეექმნათ პატარა სამოქალაქო თუ კუთხური ომის შთაბეჭდილება და, პრაქტიკულად, პანკისის პრობლემა ისევ დავიწყებისთვის მიეცათ”.

მართალია, ამჯერად სისხლისღვრის თავიდან აცილება მოხერხდა, მაგრამ დესტაბილიზაციის ახალ საფრთხედ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იქცა – რუს სამართალდამცავებთან ერთად დაიწყოს პანკისიდან ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნება. პანკისის ხეობის ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის, ომარ დაქიშვილის თქმით, ჩეჩენმა ლტოლვილებმა მას სთხოვეს, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის გაეცნო მათი თხოვნა: “თუ ისინი რამენაირად აფერხებენ პანკისის პრობლემის მოგვარებას, საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ თვითონ გაარკვიოს ლტოლვილებთან დამოკიდებულება და მათი ყოფნა-არყოფნის პრობლემა და არ ჩართონ მათ გაყვანაში რუსეთი. მათ ყოველვგარი ნდობა დაკარგული აქვთ რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ და, ჩვენი ძალით გადაყვანის შემთხვევაში, სხვას თუ ვერაფერს მოვახერხებთ, ნიჩბებით და ბარებით მაინც შევეწინააღმდეგებითო.”

ხელისუფლებას რომ პანკისის პრობლემის მოგვარება არ სურს, ეს შემდეგი ფაქტიდანაც ჩანს: ხეობის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადგილობრივი კრიმინალი დააკავეს და პოლიციას ჩააბარეს, მაგრამ პოლიციამ ისინი მალევე გაათავისუფლა და ისინი დღესაც თავისუფლად აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას.
XS
SM
MD
LG