Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქალაქეთა კავშირის დაშლის შედეგები


საქართველოს მოქალაქეთა კავშირს მისი პოლიტიკური ოპონენტები წლების განმავლობაში დაბეჯითებით უწინასწარმეტყველებდნენ დაშლა-დაქუცმაცებას.

მართლაც, პარტია ყოველთვის ეკლექტური იყო და მასში გაერთიანებულ ჯგუფებს კრავდა ერთადერთი პრინციპი: "ყველანი ედუარდ შევარდნაძის გვერდით!"

მოქალაქეთა კავშირი დაიშალა სწორედ მაშინ, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა ეს ხელშეუვალი პრინციპი და როდესაც პარტიის ლიდერებმა თავმჯდომარისგან გამიჯვნა დაიწყეს.

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, როგორც პარტია, ორი არსებითი ნიშნით ხასიათდებოდა.

პირველ რიგში, ეს იყო სახელისუფლო პარტია. მან მოიგო ორი საპარლამენტო არჩევნები, თანაც, მეორე - გაცილებით უკეთესი შედეგით, ვიდრე პირველი; თუმცა, ამისათვის რაიმე ობიექტური წინაპირობა არ არსებობდა. ცხადია, პარტია არჩევნებს იგებდა არა იმდენად საზოგადოების მხარდაჭერის გამო, რამდენადაც - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობით.

მოქალაქეთა კავშირის მეორე ნიშანი იყო პარტიის წიაღში მუდმივად არსებული წინააღმდეგობები. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პრეზიდენტის გუნდის წევრებს უწოდებდნენ, ედუარდ შევარდნაძეს სულ სხვადასხვა მიზნით ეკედლებოდნენ. ზოგისთვის პრეზიდენტი იყო ძალაუფლების წყარო, ზოგისთვის - სახურავი, რომელიც მყუდრო გარემოს ქმნიდა გამდიდრებისთვის; ზოგი მას რეფორმების გარანტად მიიჩნევდა, ზოგი კი - იმის გარანტად, რომ წლების განმავლობაში არაფერი შეიცვლებოდა. ასე რომ, განხეთქილების მუხტი მუდამ არსებობდა, მაგრამ პარტია მაშინ დაიხლიჩა, როდესაც ეს თავმჯდომარემ ისურვა.

რას მოიტანს ცენტრალური სახელისუფლო პარტიის - მოქალაქეთა კავშირის - დაშლა? პირველ რიგში, კონკურენციის თანაბარ პირობებს. ერთი მხრივ, სამართლიანი კონკურენცია და, მეორე მხრივ, მაღალი საარჩევნო ბარიერი პარტიებს აიძულებს, მოძებნონ პარტნიორები და ბანაკებად დაჯგუფდნენ. ის ფაქტი, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მცირერიცხოვანი პარტიები მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების სახელისუფლო ორთქმავლებს ჩაებნენ, ვეღარ გამეორდება. სამაგიეროდ, დღეს უკვე შეიძლება საუბარი ბანაკებად დაყოფის ორ სავარაუდო სცენარზე.

პირველი სცენარის თანახმად, პარტიები დაჯგუფდებიან იდეოლოგიური მსგავსების ნიშნით. ამ სცენარის ამოქმედების შემთხვევაში, პარტიები მკაფიოდ გამოკვეთენ საკუთარ მსოფლხედვას და ამომრჩეველს საშუალება მიეცემა, ამა თუ იმ ბანაკს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური გემოვნების კარნახით. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რადგან ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიების მსოფლმხედველობრივი ერთობა, როგორც ფაქტორი, საერთოდ არ არსებობდა.

მეორე შესაძლო სცენარი განსხვავებულია. ამ სცენარის მიხედვით, პარტნიორების ძებნისას ამოქმედდება პრინციპი: ვინც ჩემთან ერთად არ არის, - ჩემი მტერია. სად გაივლის ფრონტის ხაზი? როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძის ფაქტორზე. წმინდა დასავლური ორიენტაციის პარტიებთან გაერთიანდებიან პრორუსულ ვექტორზე მოძრავი პარტიებიც. სამაგიეროდ, ერთი მხრივ, დაჯგუფდებიან ძალები, რომლებიც იმისათვის იბრძოლებენ, რომ შევარდნაძემ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მშვიდობიანად გადააბაროს თავის მემკვიდრეს; მეორე მხრივ, დაჯგუფდებიან ძალები, რომლებიც იბრძოლებენ შევარდნაძისთვის ძალაუფლების ჩამოსართმევად. სწორედ ამ სცენარის გათვალისწინებით აცხადებს გიორგი შენგელაია - დეკლარირებულად პრორუსული ორიენტაციის მქონე "ვაზის" პარტიის თავმჯდომარე - რომ იგი შესაძლო პარტნიორებად მიიჩნევს ნაციონალურ მოძრაობასა და რესპუბლიკურ პარტიას.

დღეისათვის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, მართლაც, უარს არ ამბობს სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიებთან დიალოგზე და მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტს, - რითიც მეორე სცენარზე მიანიშნებს. მეორე მხრივ, ზურაბ ჟვანია საუბრობს ერთიანი დემოკრატიული ფრონტის აუცილებლობაზე, მსოფლმხედველობრივ ერთობაზე და აცხადებს, რომ პრეზიდენტის კრიტიკა თვითმიზანი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ჟვანია პირველი სცენარისთვის ემზადება.

რისთვის ემზადება ედუარდ შევარდნაძე - მოქალაქეთა კავშირის დაშლის ინიციატორი? რატომ დაიტოვა მან თავი პარტიის გარეშე და რატომ მოიშორა მოქალაქეთა კავშირი, როგორც გულზე ჩამოკიდებული მძიმე ლოდი? მეორე სცენარი პრეზიდენტისთვის მიუღებელია: იგი არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური ძალების მთავარ სამიზნედ გადაიქცეს. არ არის გამორიცხული, შევარდნაძეს არც პირველი სცენარი მოსწონდეს და მოვლენების სულ სხვაგვარ განვითარებას გეგმავდეს: კერძოდ, პარტიების არა გაერთიანებას, არამედ - გათიშვას და მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას მოქალაქეთა კავშირის მიერ გამოთავისუფლებული ნიშის დასაკავებლად. ეს სცენარი პრეზიდენტისთვის ისევე უსაფრთხოა, როგორც უსაფრთხოა მისთვის ამჟამინდელი - დაქუცმაცებული და უუნარო - პარლამენტი. უფრო მეტიც, ეს სცენარი პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, "მოქკავშირული" ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა, სრულად გააკონტროლოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგი.
XS
SM
MD
LG