Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრაქცია აფხაზეთის ლიდერი დევნილთა ყრილობის ორგანიზატორის წინააღმდეგ გამოდის


15 თებერვლისთვის დაგეგმილმა აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გარდა, საპარლამენტო ფრაქცია „აფხაზეთიც" ააფორიაქა.

მისი ლიდერის გივი ლომინაძის განცხადებით, დევნილთა შეკრებაზე საქართველოს პარლამენტიდან ფრაქცია „აფხაზეთის" გარდა ყველა მიიწვიეს. თუმცა, ეს სულაც არაა ლომინაძის კაკუბავასთან დაპირისპირების მიზეზი.

ბორის კაკუბავას მიერ ორგანიზებული აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობის მოწყობის გამო შეშფოთება საჯაროდ თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა. შევარდნაძემ მიზანშეუწონლად მიიჩნია აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების პროცესში ასლან აბაშიძის ჩართვის მიზნით დევნილთა თავყრილობის მოწყობა და აღნიშნა, რომ აბაშიძე აფხაზეთის საკითხებში თავის პირად წარმომადგენლად უკვე კარგახანია დანიშნა.

14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, შევარდნაძის მსგავსად, კაკუბავას ინიციატივის გამო ეჭვი აფხაზეთის საპარლამენტო დეპუტაციის ერთი ნაწილის ლიდერმა გივი ლომინაძემაც გამოთქვა და ყრილობის ფარული მიზანი გამოამზეურა.

[ლომინაძის ხმა] „ეს გულწრფელად შემცდარი ხალხის მასა იქნება და არა ის ხალხი, ვინც იცის, თუ რა მიზნებისთვის უძახიან მათ. ეს მიზანი კი ერთია - კიდევ უფრო მეტი პრობლემები შექმნან აქ, ცენტრში, რათა აი ამ პრობლემების ფონზე, აი ამ ყველაზე მტკივნეული პრობლემის, რასაც აფხაზეთი ჰქვია, აი ამ პრობლემატიკის საშუალებით მოვიდნენ ხელისუფლებაში."

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბორის კაკუბავა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პირადი მხარდაჭერით სარგებლობს, გივი ლომინაძის განცხადების ლოგიკით შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდების სურვილით პრობლემების შექმნას აბაშიძის პოლიტიკური ძალა ცდილობს. თუმცა, ფრაქცია აფხაზეთის ლიდერი განმარტავს, რომ დესტრუქციულ ძალად ის მხოლოდ ბორის კაკუბავას მიიჩნევს და დასძენს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე კაკუბავამ საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის არა ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკოსი გამოიყენა. ლომინაძე ასეთივე მომავალს უწინასწარმეტყველებს ასლან აბაშიძის აღორძინების კავშირსაც.

თუ დევნილთა ყრილობის ორგანიზატორის ბორის კაკუბავას მიერ 12 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებთ, ის ყრილობის მიზნად ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნას არ ასახელებს. მიუხედავად ამისა სახელისუფლებო სტრუქტურები აფხაზეთიდან ლტოლვილთა დელეგატების თბილისში თავმოყრას წინააღმდეგობას მაინც უწევენ. კაკუბავას ინფორმაციით ამას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები აკეთებენ. როგორც ჩანს, ხელისუფლება არასამართლებრივი მეთოდებით დელეგატთა შეკავებას იმიტომ ცდილობს, რომ შიშობს, დევნილთა ყრილობა ოფიციალურად გამოცხადებულ დღის წესრიგს არ ასცდეს და თავისი გულისწყრომა სახელმწიფო კანცელარიისაკენ არ მიმართოს. ასეთი ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ 14 თებერვალს დევნილთა ყრილობის ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა და დელეგატების ქუჩის საპროტესტო აქციებზე გამოყვანის ინიციატივა გამოთქვა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ირაკლი წერეთელმა. თავად ბორის კაკუბავასაც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შემაფერხებლად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არაერთხელ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG