Accessibility links

logo-print

ვის სჭირდებოდა ბეჟან გუნავას აფეთქება?


ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.

10 თებერვალს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ კობა ბუჩუკურის გადაყენებით პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოქალაქეთა კავშირს ძლიერი რეგიონული საყრდენი გამოაცალა. 13 თებერვალს კი დაუდგენელი პირები ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი რეგიონული აქტივისტის, სამეგრელოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბეჟან გუნავას საცხოვრებელი სახლის აფეთქებას შეეცადნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს საკუთარი ვერსია ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ, თავად გუნავა მიიჩნევს, რომ მას ფინანსური ოლიგარქების შეკვეთით საგადასახადო შემოსავლების ახალი ხელმძღვანელობა დევნის.

ბეჟან გუნავას ინფორმაციით, ზუგდიდში მის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა 13 თებერვალს, ღამის სამ საათზე მოხდა. თავდამსხმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის სახლი დაცხრილეს, შემდეგ კი ცოტა მოშორებით ხელყუმბარა ააფეთქეს. საბედნიეროდ, თავდსახმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ვინაიდან ოჯახის წევრები სახლის უკანა მხარეს იმყოფებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა რაიმე ხელშესახები ნივთმტკიცება ვერ აღმოაჩინეს, დაზარალებული აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია როგორც თავდამსხმელების, ისე დამკვეთების ვინაობა, მაგრამ ვერ ასახელებს მათ, რადგან უარესი შედეგისა ეშინია.
[ბეჟან გუნავას ხმა] "იცით რა ხდება სამეგრელოში? სახელმწიფო სტრუქტურები უკვე თავიანთი სტრუქტურების მიხედვით კი არ ახორციელებენ პოლიტიკას, არამედ მისცეს გარკვეულ ძალებს იმის საშუალება, რომ იარაღით ხელში ქუჩებში იარონ და როცა რაღაც პოლიტიკის განხორციელება სურთ სახელმწიფოს ცენტრალურ სტრუქტურებს, უმაღლეს ეშელონებს, ისინი ამას ახორციელებენ ამ კლანების მეშვეობით".

გუნავას თქმით, ეს კლანები ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ერთგვარი ექსპერიმენტი წამოიწყო იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს ეყოფა ადამიანს ნებისყოფა, პატიოსნად იმუშაოს ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურაში. მაგრამ, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი, ამ ექსპერიმენტმა გუნავაც სამწუხარო დასკვნამდე მიიყვანა:
[ბეჟან გუნავას ხმა] "მე ვფიქრობ, რომ დღეს პატიოსანი ადამიანის ადგილი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არის. თავიდან ბოლომდე ყველაფერი არის კორუმპირებული. დეპარტამენტში ყველა ჩინოვნიკს შესდის წილი".

თავად საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში საოლქო სამსახურის ხელმძღვანელის ამ განცხადებას სისულელეს უწოდებენ და კომენტარისგან თავს იკავებენ. როგორც ცნობილია, ახალმა მინისტრმა ლევან ძნელაძემ იანვარში სწორედ იმიტომ დააყენა ბეჟან გუნავას პასუხისმგებლობის საკითხი, რომ ზუგდიდის საგადასახადო სამსსახურებმა გეგმა ვერ შეასრულეს. ასევე ფიქრობს საპარლამენტო ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი წევრი ფიქრია ჩიხრაძე, რომელმაც გუნავას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დააყენა.
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო მან ძალიან ხშირად გადაირჩინა თავი. მე ვიცი, რომ რამდენიმეგზის იყო წარდგინება მის გათავისუფლებაზე სწორედ ამ ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო და ის ყოველთვის რაღაც პოლიტიკური ინტრიგით იძვრენდა თავს".

სამეგრელოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ცუდ მუშაობაზე ყურადღება მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმაც გაამახვილა. თუმცა თავად გუნავა მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური შეხედულებების, უფრო ზუსტად, ჟვანია-სააკაშვილთან ახლო მეგობრობის გამო დევნიან ის ფინანსური ოლიგარქები, რომლებსაც, ცენტრში პოზიციების გაძლიერების შემდეგ, სურთ საიმედო პოლიტიკური დასაყრდენი სამეგრელოს რეგიონშიც შიქმნან.
XS
SM
MD
LG