Accessibility links

logo-print

“ეკუმენური ქარტიის” პრეზენტაცია "კავკასიურ სახლში"


მომავალი ეკუმენს ეკუთვნის – ასე ფიქრობენ საქართველოში არსებული ტრადიციული ქრისტიანული ეკლესიების:

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური, ევანგელისტურ-ლუთერანული, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელბი. მათი ერთობლივი ძალისხმევით ქართულ ენაზე გამოქვეყნდა “ეკუმენური ქარტია”, რაც ევროპაში ეკლესიებს შორის მზარდი თანამშრომლობის პრინციპებს განსაზღვრავს. “ეკუმენური ქარტიის” პრეზენტაცია თბილისში, კავკასიურ სახლში შედგა. მას ესწრებოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც, თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “ეკუმენურ ქარტიას” არ მიერთებია.
ეკუმენური ქარტიის დაწერის იდეა 1977 წელს დაიბადა. ქალაქ გრაცში ევროპის მეორე ეკუმენურ ასამბლეაზე შეკრებილებმა გადაწყვიტეს განესაზღვრათ მიმართულებები, რომლებიც ეკლესიებს ურთიერთობაში დაეხმარებოდა. მოგვიანებით ეკუმენური ქარტიის პროექტი ეკლესიებს გაეგზავნათ. თითოეული მათგანის შენიშვნის გათვალისწინებით (აქვე შევნიშნავ, რომ ეკუმენურ ქარტიაზე კათოლიკური, მართლმადიდებელი და პროტესტანტული ეკლესიები მუშაობდნენ) შემუშავდა საბოლოო ვარიანტი და ის 2001 წლის აპრილში, სტრასბურგში, ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრაზე იქნა მიღებული.

“ევროპის კულტურის ნიშანია რელიგიური და მსოფლმხედველობითი მოსაზრებების და ცხოვრების ფორმების სიმრავლე, ვრცელდება აღმოსავლური რელიგიები. ეს მრავალი ქრისტიანის ინტერესის საგანი ხდება. სულ უფრო მეტი ქრისტიანი უარყოფს ქრისტიანულ რწმენას და სხვა მსოფლმხედველობის მიმდევარი ხდება. ჩვენ სერიოზულად უნდა აღვუდგეთ წინ ჩვენს მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას და შევეცადოთ, არსებული დაპირისპირებები ურთიერთპატივისცემის ნიშნით იყოს აღბეჭდილი,”- ნათქვამია ეკუმენურ ქარტიაში. ქრისტიანობის მომავლის გადასარჩენად ის მიზნად ისახავს პასუხი გასცეს შეკითხვას, როგორ უნდა ითანამშრომლონ ქრისტიანებმა ეთნიკური და რელიგიური პლურალიზმის პირობებში, მათ შოროს სხვა რელიგიების: იუდაიზმის და ისლამის მიმდევრებთან. “ეკუმენური ქარტია” არის ამ სახის პირველი ისტორიული დოკუმენტი. მას არ გააჩნია იურიდიული ძალა და მხოლოდ მოძღვრების თვისებების მატარებელია.

“ეკუმენური ქარტია” ქართულად გერმანულიდან ითარგმნა. აქ არსებული ტრადიციული ქრისტიანული ეკლესიების: ევანგელისტურ-ლუთერანული, ევანგელისტურ-ბაპტისტური, კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები ამ თარგმანის გამოქვეყნებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ რატომ, ეს საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ განმარტა:

[ჯუზეპე პაზოტოს ხმა] “საქართველოში ხშირად მოჩანს მოღრუბლული ცა და ეკლესიების ურთიერთობის საკითხში აქ სუნთქვა ძნელია. ვფიქრობ, ეკუმენური ქარტია ის ტექსტია, რომელიც ჩვენს ქვეყანას უღრუბლო ცის დანახვაში დაეხმარება, რადგან ის მრავალი ქრისტიანის შრომის ნაყოფია.”

ნათქვამი რომ მწარე სიმართლეა, ამას 3 თებერვლის ვანდალური ფაქტიც მოწმობს. როგორც ცნობილია იგი საქართველოს საპატრიარქომაც დაგმო. 3 თებერვალს ბასილ მკალავიშვილის აგრესიულმა დაჯგუფებამ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის კუთვნილი წიგნები დაწვა.

[მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია არის ევროპული რეფორმაციის შვილი, მაგრამ ჩვენ განუყრელი ნაწილი ვართ ქართული კულტურისა, რომელიც თავისი ბუნებით მართლმადიდებლური კულტურაა. ამ კულტურაში იწვის ის, რაც ამ კულტურის საფუძველს წარმოადგენს, საღვთო წერილი.

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლის მალხაზ სონღულაშვილის ნათქვამიც სიმართლეა. ამ სიმართლეში არსებული პრობლემების დაძლევის გზას მალხაზ სონღულაშვილი “ეკუმენურ ქარტიაში” გაცხადებული პრინციპების რეალიზებაში ხედავს.
მისვე თქმით, ბიბლიის იეჰოვას მოწმეებთან ასოცირება საზოგადოების გაუნათლებლობის ბრალია, სექტების მომრავლება კი ქრისტიანული ეკლესიების სისუსტის შედეგი. ასეა თუ ისე,
“ეკუმენურ ქარტიას” საქართველოში მხოლოდ ევანგელისტურ-ბაპტისტური, ევანგელისტურ-ლუთერანული, კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია შეუერთდა. თუმცა, როგორც ვთქვით, ქარტიის ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “ეკუმენურ ქარტიას” ცნობილი მიზეზების გამო ემიჯნება. მაგრამ, როგორც კავკასიურ სახლში “ეკუმენური ქარტიის” პრეზენტაციაზე მისულმა მართლმადიდებელმა მამებმა თქვეს, ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქარტიაზე ხელმომწერ ეკლესიებს შორის ურთიერთობაში რელიგიური თვალსაზრისის პრობლემების არსებობა, რაიმე მნიშვნელოვანი საერო საქმის ირგვლივ გაერთიანებას არ გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG