Accessibility links

logo-print

სამხედრო კაპელანების მე-13 საერთაშორისო შეხვედრა ინგლისში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 2-დან 9 თებერვლამდე ინგლისის ქალაქ კოსფორდში გაიმართა მსოფლიოს 30 ქვეყნის სამხედრო კაპელანების შეხვედრა.

მასში მონაწილეობდენენ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ომარ ლეკვეიშვილი და ფოთის ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში ძალოვან სტრუქტურებთან მუშაობის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

სამხედრო კაპელანების ტრადიციულ, მე-13 შეხვედრაში მასპინძლებთან ერთად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ისრაელის, რუსეთის, ჩრდილოეთი კორეისა და სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლები.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ომარ ლეკვეიშვილი ჯერ კიდევ 1998 წლიდან მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანია საქართველოში სამხედრო კაპელანების ინსტიტუტის ჩამოყალიბება. აკადემიის რექტორი პერსონალურად იყო მიწვეული კოსფორდის ფორუმზე.

კოსფორდში განლაგებულია დიდი ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საავიაციო მუზეუმი, სადაც ფორუმი ტარდებოდა.
შეხვედრის მთავარი თემა დაუკავშირდა სამხედრო კაპელანების როლს ჯარის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საინტერესოა, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები, მაგრამ, როგორც გენერალი ლეკვეიშვილი აღნიშნავს, ძირითადი მოხსენებით ფორუმზე არავინ გამოსულა, სამუშაო პროცესი კი მიმდინარეობდა სექციების მიხედვით სახითაც და ერთობლივადაც.

[ლეკვეიშვილის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები იყვნენ – იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, იყვნენ ქრისტიანი-კათოლიკეები, პროტესტანტები, ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლები, იყვნენ მუსლიმანები, იყვნენ იუდეველები – ძალიან მშვიდი, ძალიან მეგობრული და საქმით დაინტერესებული ადამიანების ატმოსფერო სუფევდა.”

აკადემიის რექტორის თქმით, შეხვედრის მონაწილეები, ძირითადად, საუბრობდენენ იმაზე, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინა პლანზე სამხედრო კაპელანის როლმა ჯარისკაცის სულიერ აღზრდაში [ლეკვეიშვილის ხმა] “ რომ კაპელანმა შეძლოს პირადი შემადგენლობის შეკავშირება კოლექტივში, არმიულ კოლექტივში, და გადაწყვიტოს ეს პრობლემა, რასაც ჰქვია მათი მაღალი საბრძოლო მომზადება და გადაწყვიტოს მათი სოციალური საკითხებიც კი.”

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია მესამედ მონაწილეობდა სამხედრო კაპელანების საერთაშორისო შეხვედრაში. ჩემი თანამოსაუბრის თქმით, საზღვარგარეთულ ფორუმებზე შეძენილი გამოცდილება და საქართველოში ჩატარებული მუშაობა იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენთანაც ჩამოყალიბდება სამხედრო კაპელანების ინსტიტუტი. აკადემიის რექტორი აღნიშნავს, რომ [ლეკვეიშვილის ხმა] “საპატრიარქოს ეპარქიები იღებენ მონაწილეობას პირად შემადგენლობასთან მუშაობაში, ტარდება რელიგიური დღესასწაულები ნაწილებში, ბევრ სამხედრო ნაწილში აშენდა ეკლესია, აშენდა სალოცავი ოთახები.”

გენერალ ლეკვეიშვილის თქმით, სამხედრო კაპელანების ინსტიტუტის დაფუძნების შემთხვევაში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული არა მხოლოდ მართლმადიდებელი აღმსარებლობის სამხედრო მოსამსახურეთა სულიერი მოთხოვნილებები, არამედ სხვა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა ინტერესებიც.
XS
SM
MD
LG