Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი სადამ ჰუსეინის დამხობას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დამხობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს,

და რომ თავის მრჩევლებს სამოქმედო პროგრამის შემუშავება დაავალა. ჯორჯ ბუშმა არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება სადამ ჰუსეინის დასამხობად, რომელიც განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას და კვლავაც უარს ამბობს, გაეროს განიარაღების კომისიას თავისი სამხედრო ობიექტები შეამოწმებინოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში გამოსვლისას, ასევე არ გამორიცხა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, თუმცა დასძინა, რომ ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბუშს ჯერ არ მიუღია. ”ბუშს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რეჟიმის შეცვლა ერაყში და სადამის მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალების, სამხედრო ოპერაციისა თუ სხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს” – უთხრა პაეულმა წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტის წევრებს, რომლებიც მომავალი საფინანსო წლისათვის თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ (ახალი საფინანსო წელი 1 ოქტომბერს იწყება). როგორც გაზეთი ”ნიუ იორკ ტაიმსი” აღნიშნავს, თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ჰუსეინი უნდა დაემხოს, მაგრამ სხვადასხვა აზრი გამოითქმის იმის თაობაზე, თუ როგორ და როდის უნდა განხორციელდეს ეს.

ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი მომავალ თვეში ერაყის მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთს, იორდანიასა და თურქეთს ეწვევა. ჩეინის განზრახული აქვს, იმოგზაუროს დიდ ბრიტანეთში, ეგვიპტეში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ომანში, ქვეყნებში, რომელთა პოლიტიკური თანადგომა ვაშინგტონს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გაუადვილებს.

პაკისტანის პრეზიდენტთან, ფერვეზ მუშარაფთან
თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ჯორჯ ბუშმა ოთხშაბათს განაცხადა: ”პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა უნდა შეიგნოს, რომ მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, დავიცვა ჩვენი ქვეყანაო”.

კოლინ პაუელმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მაისში მიიღებს ე.წ. ”გონივრულ სანქციებს”, რაც ბაღდადს გაცილებით მეტი ნაწარმის იმპორტირების საშუალებას მისცემს და ერაყელი ხალხისთვის სასიკეთო იქნება.

არაბული ქვეყნები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ ეკონომიკური სანქციები მძიმე ტვირთად დააწვა ერაყელ ხალხს. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციების თაობაზე უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებამ სადამ ჰუსეინს ქვეყანაში განიარაღების ექსპერტები შეაშვებინოს. ბაღდადში, ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაჰა იასინ რამადანმა განაცხადა, შეერთებული შტატები უხეშად ერევა ერაყის საშინაო საქმეებშიო.
XS
SM
MD
LG