Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი ჰააგის ტრიბუნალში


ანდრო ეული, პრაღა იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა, რომელსაც, როგორც სამხედრო დამნაშავეს, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში ასამართლებს,

განაცხადა, რომ განზრახული აქვს მსოფლიოს ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერების გამოძახება მოითხოვოს სასამართლოზე ჩვენებების მისაცემად; ადამიანებისა, რომელთაც 90-იან წლებში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ.

იმათ შორის, ვის გამოძახებასაც მილოშევიჩი მოითხოვს, პირველ რიგში შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები: უფროსი ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, აგრეთვე, ყოფილი სახელმწიფო მდივნები: ჯეიმს ბეიკერი და მადლენ ოლბრაიტი არიან მოხსენიებული. შემდეგ მოდიან გერმანიისა და ბრიტანეთის ყოფილი ლიდერები: ჯონ მეიჯორი და ჰელმუტ კოლი, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ამჟამინდელი ლიდერები: ტონი ბლერი და ჟაკ შირაკი.

თუმცა, საბოლოო ჯამში ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს – მართლაც საჭიროა თუ არა მილოშევიჩის ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აი, რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში სოროსის ფონდის მიერ დაარსებული ღია საზოგადოების ინსტიტუტის ნიუ იორკის განყოფილების ხელმძღვანელმა არია ნაიერმა, რომელმაც 1998 წელს გამოსცა წიგნი: ”სამხედრო დანაშაულები: სისასტიკე, გენოციდი, ტერორი და სიმართლისათვის ბრძოლა”: [არია ნაიერის ხმა] ”ნებისმიერ პროცესზე მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად გამართლებულია კონკრეტულ მოწმეთაგან ჩვენებების მიღება, როცა საქმე სისხლის სამართლის განსაზღვრულ დანაშაულს ეხება. და ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მოსამართლეებმა უშუალო სამხილად მიიჩნიონ სხვა ქვეყნის მთავრობის წევრთა ნამოქმედარი, ვიდრე დაცვა არ დაადასტურებს, რომ ხსენებული ხელმძღვანელი პირები უშუალოდ თანამშრომლობდნენ ბრალდებულთან, ანდა აიძულეს იგი, ჩაედინა დანაშაული”.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის პროფესორი, რუთ უეჯვუდი ეთანხმება არია ნაიერს და ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საერთაშორისო ტრიბუნალის მოსამართლეები საჭიროდ მიიჩნევენ სხვა სახელმწიფოთა ყოფილი ლიდერების გამოძალებას მილოშევიჩის სასამართლო პროცესზე: [რუთ უეჯვუდის ხმა] ”სასამართლოზე მოწმის გამოსაძახებლად ორი საკითხია გასარკვევი. პირველი: სურს თუ არა მოწმეს საკუთარი ნებით გამოცხადდეს სასამართლოზე, და მეორე: სასამართლომ უნდა გამონახოს ადგილი და დრო ამ ჩვენებების ასაღებად. და ორივე ეს საკითხი ურთიერთკავშირშია, ვინაიდან მოსამართლეთა მთელი ყურადღება წაყენებული ბრალდების დამტკიცებისკენაა მიმართული. ასე რომ, თუ მილოშევიჩს ჰგონია, რომ უპირატესობას მიიღებს იმის დემონსტრირებით, რომ მნიშვნელოვან პიროვნებებს იცნობდა წარსულში, ან ის, რომ მოსამართლეები ბილ კლინტონს შეეკითხებიან, ”შეხვედრიხართ ოდესმე სლობოდან მილოშევიჩსო”, არა მგონია მოსამართლემ საჭიროდ მიიჩნიოს ამგვარი ჩვენება”.

ექსპერტები იხსენებენ ბოსნიელი ხორვატი გენერლის, ტიჰომირ ბლაშკიჩის გასამართლებას თითქმის ორი წლის წინათ, როცა ტრიბუნალმა მას 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ბლაშკიჩის ცდა, სასამართლოზე ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები გამოეძახებინათ, უშედეგოდ დამთავრდა.
XS
SM
MD
LG