Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არავის სურს უბედურების წინასწარმეტყველება კეთილდღეობის ჟამს


“უხილავ ფარდაში” დღეს ერთ მეტად საინტერესო კაცთან ინტერვიუს ფრაგმენტებს გაგაცნობთ.

ვიქტორ ზარნოვიცი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველი და მკვლევარია ეკონომიკის მდგომარეობისა.
ის პოლონეთში დაიბადა, შემდეგ დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, მოგვიანებით ჩიკაგოს უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. ახლა ზარნოვიცი შეერთებული შტატების “ეკონომიკის მდგომარეობის ციკლის განმსაზღვრელი კომიტეტის” წევრია. ეს უწყება ოფიციალურად აცხადებს ხოლმე, როდის იწყება და როდის მთავრდება რეცესია - ეკონომიკური ჩავარდნა. ზარნოვიცმა ინტერვიუ მისცა გერმანულ “ცაიტს”.

ცაიტი: ბატონო ზარნოვიც, შეერთებული შტატების ეკონომიკის უკანასკნელი მონაცემები მოულოდნელად დადებითია. აპირებთ თუ არა თქვენ და თქვენი კოლეგები “ეკონომიკის მდგომარეობის ციკლის განმსაზღვრელი კომიტეტიდან” გამოაცხადოთ, რომ კრიზისი დასრულდა?

ზარნოვიცი: არა. იმ შემთხვევაშიც კი არ ვაპირებთ, თუკი ამერიკის საერთო შიდა პროდუქტი ამ თვეებში სწრაფად გაიზრდება. ჩვენ არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას ვითვალისწინებთ. ყურადღებას ვაქცევთ აგრეთვე სხვა ფაქტორებს, როგორიცაა მაგალითად უმუშევრობა. რეცესია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა უმუშევართა რიცხვი საგრძნობლად შემცირედება, რასაც დრო სჭირდება. მდგომარეობას საერთოდ არ ცვლის ისიც, რომ კრიზისი მოულოდნელად მსუბუქი გამოდგა.

ცაიტი: რატომ არ გავხდით ექსპერტების მიერ ნაწინასწარმეტყველები მძიმე კრიზისის მოწმე?

ზარნოვიცი: პირველ რიგში იმიტომ, რომ კერძო მომხმარებელმა სხვაგვარი რეაქცია გააკეთა, ვიდრე უწინდელი კრიზისების დროს. ის საყიდლებზე კვლავაც მიდიოდა, პროცესი მომხმარებლობისა არ შეჩერებულა. ერთ-ერთი შესაძლებელი ახსნა ამისა ის არის, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მაღალი დარჩა კრიზისის მიუხედავად. სახლების პატრონებს კეთილდღეობის განცდა ჰქონდათ.

ცაიტი: გამოდის, რომ უჩვეულოდ ძლიერ აღმავლობას უჩვეულოდ სუსტი კრიზისი მოჰყვა. არის ამაში ლოგიკა?

ზარნოვიცი: ბევრი ფიქრობს, რომ ერთი მეორესთან დაკავშირებულია. მე სხვაგვარად ვუყურებ. ყოველ შემთხვევაში ეკონორმიკური კრიზისების ციკლებზე დაკვირვება იმის საფუძველს იძლევა, რომ აღმავლობის სიძლიერე და მომდევნო დაცემის ხარისხი ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული. და პირიქით, ურთიერთკავშირი აშკარაა, როცა ძლიერ კრიზისს ძლიერივე წინსვლა მოჰყება.

ცაიტი: ზოგიერთი ეკონომისტი ფიქრობს, რომ ნაადრევია კრიზისის დასრულებაზე საუბარი, ილუზიას წარმოადგენს დამდგარი აღმავლობა, მათი აზრით, სულ მალე ახალი კრიზისი გველის.

ზარნოვიცი: მათი არგუმენტი ის არის, რომ ამერიკის ეკონომიკაში 90იან წლებში ბევრი უწონასწორობა წარმოიქმნა და ისინი დაძლეული არ არის. მაგალითად ის, რომ ამერიკელი მომხმარებელი საერთოდ აღარ ინახავდა ფულს, ახლა მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ეს ასე დარჩება თუ არა, არ ვიცით. ამას ერთვის მომხმარებლისა და საწარმოს დავალიანება. ამდენად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, რადგან ზრდის მაჩვენებელი ნულს ზემოთ ავიდა. უფრო მოსალოდნელია, რომ კრიზისიდან გამოსვლა ნელი იქნება, ისეთი, როგორიც 1991 წლის კრიზისს მოჰყვა.

ცაიტი: ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად ჯორჯ ბუში ცდილობს, ეკონომიკას სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებითა და გადასახადების შემცირებით დაეხმაროს. სწორად მიგაჩნიათ ეს გზა?

ზარნოვიცი: წარსული გვასწავლის, რომ ასეთი ნაბიჯები გვიან გამოიღებენ ხოლმე შედეგს. ამ დროს ეკონომიკა უკევე გამოსწორებულია ხოლმე და სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილების ზრისთვის ხელშეწყობა, ინფლაციას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ზრდას. თუმცა ამჟამად, ამის თაობაზე, საზრუნავს ვერ ვხედავ. ინფლაცია დაბალია და ფულად პოლიტიკას არც აქვს მოქმედების ფართო არეალი, პროცენტების ამაზე მეტად დაკლება შეუძლებელია. ამასთან, უმუშევრობა ალბათ გაიზრდება, მდგომარების გაუმჯობესებას ბევრი ვერც კი იგრძნობს, ისე, რომ ბუშის ინიციატივები საჭიროა.

ცაიტი: გერმანიაში ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისს თავს დააღწევს, როცა ამერიკის ეკონომიკა კვლავ მომჯობინდება. ამავე აზრისა არიან ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებშიც. მართლაც ასეა დამოკიდებული მსოფლიოს ეკონომიკა ამერიკაზე?

ზარნოვიცი: დაუკვირდეთ საერთო სურათს და დაინახოთ, რომ აქციების კურსები იქნება ეს, მომხამრებლთა რეაქცია, თუ საერთო ატმოსფერო, ტენდენცია ყველგან ერთი მიმართულებისაა, განვითარების სიჩქარეა ხოლმე სხვადასხვა. მაგრამ, ხშირად ის, რაც შეერთებულ შტატებში ხდება, 24 საათში ვრცელდება ხოლმე მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ეკონომიკის ზეგავლენა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ამას სავაჭრო ურთიერდამოკიდებულება განსაზღვრავს.

ცაიტი: რა არის ამის მიზეზი?

ზარნოვიცი: უნდა ითქვას, რომ ეს ადრე ასე არ იყო. 19-ე საუკუნეში, ბრიტანეთს ჰქონდა ეს როლი, სააქციო ბაზრებზე ებატონა. მაგრამ ახლა ყველაფერს განსაზღვრავს ფსიქოლოგიური ეფექტები, რომლებსაც ძლიერი გავლენა აქვს ეკონომიკაზე.
სულაც არ ვფიქრობ, რომ ევროპას თვითონ არ შეუძლია თავი დააღწიოს კრიზისს. ეს ძნელი იქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი.მაგრამ ბაზრების ეს გადაჭარბებული რეაქციაა რომ წარმოშობს ხოლმე ეკონომიკურ ჩავარდნას, ადრე ეკომიკის მკვლევრები ამაზე წერდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი დაივიწყეს. დღეს ეკონომისტები გარე შოკს უკავშირებენ რეცესიებს, სანავთობო კრიზისს, ან ცენტრალური ბანკის არასწორ პოლიტიკას, ან თუნდაც 11 სექტემბერს. 11 სექტემბერმა გააძლიერა ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგრამ ის ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ამის მიზეზი კი მეწარმეების რწმენა იყო, რომ მეტს მოიგებდენენ თუ მეტ ფულს ჩადებდნენ საქმეში. ეს უზომო ოპტიმიზმი, რომელსაც უზომოვე პესიმიზმი მოსდევს, ეკონომიკური აღმავლობა-ჩავარდნისთვის დამახასიათებელია. თუკი დაუკვირდებთი, როგორ იცვლება ინვესტიციების და მოგების მაჩვენებლები, დაადგენთ, რომ ისინი ციკლურად მოძრაობენ. გარე შოკს ამასთან საერთო ცოტა აქვს.

ცაიტი: ნიშნავს თუ არა ეს, რომ რეცესია საბაზრო ეკონომიკის მუდმივი მახასიათებელია?

ზარნოვიცი: კი და არა. არაერთხელ უფიქრიათ, რომ ჩავარდნა-აღმავლობა აღარ მოხდებოდა. მაგრამ ცდებოდნენ ხოლმე. დღემდე ვერ მოვახერხეთ ამგვარი ციკლები თავიდან ავიცილოთ. მაგრამ ერთი მხრივ აშკარა წინსვლას მივაღწიეთ: თუკი მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდს შეხედავთ დაინახავთ, რომ ომის შემდეგ აღმავლობის პერიოდები უფრო ხანგძლივი გახდა, ვიდრე ჩავარდნისა, ციკლები, ასე ვთქვათ შესუსტდა.

ცაიტი: შესაძლებელია თუ არა ამგვარი რეცესიების თავიდან აცილება?

ზარნოვიცი: როგორ გინდათ თავიდან აიცილოთ ასეთ ირაციონალური ექსცესები, ბოლოს რომ გვქონდა?

ცაიტი: მაგალითად, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს ალან გრინსპენს შეეძლო უფრო ადრე შეემცირებინა საპროცენტო განაკვეთი.

ზარნოვიცი: მე მგონია, ხანდახან ამ ბანკის მნიშვნელობას აზვიადებენ, გრინსპენი აქიურ ფულად პოლიტიკას წარმართავდა, ის პროცენტებს ხან მაღლა სწევდა ხან დაბლა, მაგრამ მას არ შეუძლია ექსცესის გაძლიერებასა და შემცირებაზე გავლენის მოხდენა.
ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის შესახებ ჩვენი ცოდნა არ არის საკმარისი. საინტერესოა, რომ განსაკუთრებით იშვიათად ვახერხებთ აღმავლობის ბოლო ვიწინასწარმეტყველოთ, თუმცა შესაბამისი მონაცემები ხელთ გვაქვს. ამას, ალბათ ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს. არავის სურს კეთილდღეობის ჟამს, უბედურება იწინასწარმეტყველოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG