Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ყოფილი მონარქი სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადება


ავღანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ აღადგინა ქვეყნის 1964 წლის კონსტიტუცია, რომელიც ძალაში იქნება მანამ, ვიდრე მომავალი, გარდამავალი მთავრობა ახალ კონსტიტუციას შეიმუშავებდეს

(შეგახსენებთ, რომ გარდამავალი მთავრობა ივნისში უნდა დააკომპლექტოს ტომების უხუცესთა საბჭომ, ე.წ. “ლოია ჯირგამ”). მაგრამ 1964 წლის კონსტიტუცია სრული სახით არ ამოქმედებულა.

ჰამიდ კარზაის დროებითმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გაეუქმებინა 1964 წლის კონსტიტუციის ყველა მუხლი, რომელიც მონარქიას უკავშირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძველი კონსტიტუციის აღდგენით არ აღდგენილა კონსტიტუციური მონარქია, რომელიც 60-იანი წლებისა და 70-იანი წლების დამდეგის ავღანეთში სახელმწიფო მოწყობის ფორმა იყო.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში დროებითი ადმინისტრაციის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, აბდულ ჰამიდ მობარეზმა, განაცხადა, რომ კონსტიტუციის აღდგენის გადაწყვეტილება, შარშან, ნოემბერში, ბონში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

[აბდულ ჰამიდ მობარეზის ხმა] “ბონის მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, აღადგინონ 1964 წლის კონსტიტუცია – გარდა იმ მუხლებისა, რომლებიც მონარქიას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ამოქმედდა 1964 წლის კონსტიტუციის ყველა დანარჩენი მუხლი. და დროებითი მთავრობაც ამ კონსტიტუციის მიხედვით მოქმედებს.”

ბონის კონფერენციის მონაწილეებს 1964 წლის კონსტიტუცია სრული სახით რომ აემოქმედებინათ, გამოვიდოდა, რომ ავღანეთი ისევ კონსტიტუციურ მონარქიად უნდა გამოცხადებულიყო, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემდა ემიგრაციაში მცხოვრებ ყოფილ მეფეს, მოჰამად ზაჰირ შაჰს, ისევ ტახტზე ასულიყო. მაგრამ რაკი კონსტიტუციიდან მონარქიასთან დაკავშირებული ყველა მუხლი ამოიღეს (მათ შორის ისიც, რომელიც მეფესა და მისი ოჯახის წევრებს მთავრობის ხელმძღვანელობას უკრძალავდა), ზაჰირ შაჰს თეორიული შესაძლებლობა მაინც დარჩა, პრეტენზია განაცხადოს გარდამავალი მთავრობის ლიდერობაზე.

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, აქვს თუ არა ასეთი სურვილი ყოფილ მონარქს. მაგალითად, ქაბულის მერმა ფაზელ კარიმ აიმაყმა რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს რონ სინოვიცს უთხრა, რომ ზაჰირ შაჰი ტახტზე ხელმეორედ ასვლას სულაც არ აპირებს. [ფაზელ კარიმ აიმაყის ხმა] “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ავღანეთის მეფე ზაჰირ შაჰი მონარქიის აღდგენას მხარს არ უჭერს და ისევ გამეფება არ სურს. მაგრამ როგორც პოლიტიკურ საკითხებში გამობრძმედილ, ხანდაზმულ მოღვაწეს, მას, ცხადია, სურვილი აქვს, თავის ხალხს მშვიდობა მოუტანოს.”

ასეა თუ ისე, ყოფილი მონარქი თითქმის 30-წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადება. გასულ კვირაში, რომში, 87 წლის ზაჰირ შაჰმა საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გაიარა და, როგორც ამ შემოწმების შემდეგ მისმა სიძემ, გენერალმა აბდულ უალიმ განაცხადა, თავს მშვენივრად გრძნობს.

ავღანეთის ყოფილი მეფე, რომელიც ავღანეთიდან 1973 წელს გააძევა მისმა ბიძაშვილმა, სარდარ მუჰამად დაუდმა, უკვე თითქმის სამი ათეული წელია, რომში ცხოვრობს. სამშობლოში დაბრუნებას იგი მარტის შუა რიცხვებში აპირებს.
XS
SM
MD
LG