Accessibility links

logo-print

ავთანდილ ჯორბენაძის ახალი პოლიტიკური იმიჯი


სახელმწიფო მინისტრის პოსტს საზოგადოება გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე პოლიტიკის ექსპერტები ან თავად პოლიტიკოსები.

შესაბამისად, ნებისმიერ ახალ სახელმწიფო მინისტრს საზოგადოება განახლებული მოლოდინითა და იმედით ხვდება. მოლოდინებისა და იმედების ფონზე კი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრესა, როგორც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება.

ია ანთაძე გესაუბრებათ ავთანდილ ჯორბენაძის ახალ პოლიტიკურ იმიჯზე.

რუსული სცენარის გავლენით, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, კარგა ხანია, "ქართველი პუტინის" გამოჩენას ელის. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა ერთხელ ზურაბ ჟვანიას ურთიერთობა პრეზიდენტთან შეაფასა, როგორც (ციტატა): "პოლიტიკური პუტანობა შევარდნაძის პუტინობისთვის".

"ქართველი პუტინის" არენაზე გამოსაყვანად პოლიტიკოსების დიდი ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტსაც კი არასაკმარისად მიიჩნევდა და პრემიერმინისტრის პოსტის შემოღებას წინასწარმეტყველებდა. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს, ამ თანამდებობას განსაკუთრებული სახელი არავისთვის მოუტანია. უფრო მეტიც: ნიკო ლეკიშვილი, საჯარო დაპირების მიუხედავად - ერთი კარიდან იმისათვის გავდივარ, რომ მეორე კარით დავბრუნდეო - სახელმწიფო მინისტრობის შემდეგ პოლიტიკაში სრულფასოვნად ვეღარ დამკვიდრდა.

იგივე შეიძლება ითქვას ვაჟა ლორთქიფანიძეზე, რომელსაც დიდ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, სახელმწიფო მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, მან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია ვერა და ვეღარ მოახერხა.

გია არსენიშვილის პოლიტიკურ კარიერაზე დღეს საუბარიც არ ღირს. მან, წინამორბედების მსგავსად, წარმატების პიკი სწორედ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გაიარა. თუმცა, იმის გახსენება კი შეიძლება, რაოდენ სერიოზული იმედები უკავშირდებოდა გია არსენიშვილის პატიოსან იმიჯს ამ პოსტზე მისი დანიშვნისას.

მოკლედ, ყოველ ახალ სახელმწიფო მინისტრს საზოგადოება ახალი მოლოდინით ხვდება, თუმცა, ამ მოლოდინს, როგორც წესი, ახდომა არ უწერია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს პოსტი ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას არ იძლევა, რადგან სახელმწიფო მინისტრს არც ერთი რეალური ბერკეტი არ გააჩნია.

ავთანდილ ჯორბენაძის დანიშვნის შემდეგ უკვე სამჯერ გავლილი სცენარი მეოთხე წრეზე იწყებს მოძრაობას. თუმცა, იმის მიხედვით, რამდენადაც ნაკლები დრო რჩება შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, მეტი გულმოდგინებით იწყება შესაძლო მემკვიდრის ძებნა და ყურადღება ისევ და ისევ სახელმწიფო მინისტრზე გადადის.

ავთანდილ ჯორბენაძის აქტიურობა პარლამენტში - ბიუჯეტის განხილვისას - და მისი აქტიურობა მთავრობის სხდომებზე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პრესას ახალი სახელმწიფო მინისტრი "ქართველ პუტინად" მოენათლა.

11 თებერვალს "ახალ თაობაში" ჟურნალისტი გიორგი უძილაური წერდა (ციტატა): "ჯანდაცვის ექსმინისტრს ლიდერის თვისებები აქვს. მას ერიდებიან, უსმენენ, უკვე ანგარიშს უწევენ და მისი ეშინიათ კიდეც... მოკლედ, მას "ქართველი პუტინის" ყველა თვისება აღმოაჩნდა." 12 თებერვალს "ალიამ" გამოაქვეყნა ეკა ასათიანის წერილი, სათაურით: "ჯორბენაძე - შევარდნაძის ახალი მემკვიდრე". სტატიაში ჯორბენაძე პრეზიდენტის შესაძლო მემკვიდრედ მოაზრებულია რამდენიმე ნიშნით: იგი, წინამორბედებთან შედარებით, უფრო თამამი და აქტიურია; პრეზიდენტის გვერდით თავს ზედმეტად არ გრძნობს და არც შეშინებული თვალებით იყურება; პარლამენტს მიაღებინა ბიუჯეტი, რომელსაც პოლიტიკური ფიგურები ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ; დაბოლოს, ახალ სახელმწიფო მინისტრს პირადად ნანული შევარდნაძე მფარველობს. ამავე სტატიაში მკითხველი ეცნობა ფიქრია ჩიხრაძის შემდეგ მოსაზრებას: "ძალიან ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს პრეზიდენტის მემკვიდრე. პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, ავთანდილ ჯორბენაძე ყველაზე ნორმალური კანდიდატია იმ პიროვნებებს შორის, რომლებსაც ასახელებენ." სტატიაში რამდენჯერმე მეორდება მინიშნება ელცინი-პუტინის სცენარზე.

12 თებერვალს "ახალი თაობა" ისევ უბრუნდება ავთანდილ ჯორბენაძის თემას. ამჯერად სახელმწიფო მინისტრზე საუბრობს ნომრის სტუმარი გურამ შარაძე (ციტატა): "ჯორბენაძე ახალ რანგში აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით და მასშტაბით გამოჩნდა. იგი პრეზიდენტს ეხმარება, რომ უკეთესად და შეულამაზებლად დაანახოს ის სიძნელეები, რომლებიც ქვეყანაშია. ბატონი ავთანდილი საოცრად კონტაქტური, კომუნიკაბელური და უშუალოა. მას ადამიანებთან ურთიერთობის ძალიან დახვეწილი, თბილი, ღია, გახსნილი დამოკიდებულება აქვს" (ციტატის დასასრული).

ბოლო დღეების განმავლობაში პრესა არცთუ ძლიერი არგუმენტებით, თუმცა, დიდი მოწადინებით ქმნის ავთანდილ ჯორბენაძის დადებით პოლიტიკურ იმიჯს. შესაძლოა, ეს მიზანმიმართული "P.R."-ის ნაწილია, შესაძლოა, - მოკლე პოლიტიკური მახსოვრობის შედეგი. ტრადიცია კი ისაა, რომ, როგორც წესი, სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან არათუ არავინ დაწინაურებულა, არამედ, პოლიტიკის სერიოზულ სეგმენტშიც კი აღარავინ დაბრუნებულა.
XS
SM
MD
LG