Accessibility links

logo-print

ქართველი მებაჟეების იუბილე - შეხვედრა წარსულთან, თუ ნაბიჯი მომავლისკენ?


ბოლო ხანს ჩატარებული თითქმის ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით კორუმპირებულ სტრუქტურათა შორის უცვლელად ლიდერობს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი.

თავად ამ უწყების ახალი ხელმძღვანელის ლევან ქისტაურის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული საქონლის საერთო მოცულობაში კონტრაბანდის ხვედრითი წილი დაახლოებით 50% შეადგენს, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიონებს კარგავს. თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი ქართველი მებაჟეებისთვის, 15 თებერვალს საზეიმოდ აღენიშნათ მეათე პროფესიული დღესასწაული. მეტიც, დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მათ მიერ ჩაფიქრებულ რეფორმების შემდეგ ქვეყანას სრულიად ახალი საბაჟო სტრუქტურები ეყოლება.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცხოვრებაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, თანამდებობაზე მყოფ პირებს უმრავლეს შემთხვევაში ან სკანდალით ათავისუფლებენ, ანდა, რაც თითქმის იგივეა, საკუთარი განცხადების საფუძველზე ატოვებინებენ სავარძელს. ამიტომ მოხსნილ პიროვნებას, როგორც არაკეთილსაიმედოს, იშვიათად თუ იხილავთ ოფიციალურ შეკრებებზე.

თუმცა, 15 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტში გამართული სადღესასწაულო სხდომა ამ თვალსაზრისით მართლაც უჩვეულო გახლდათ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის დაარსების მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ შეკრებას უკლებლივ ყველა ყოფილი ხელმძღვანელი ესწრებოდა.

თაობათა ასეთი შესაშური ურთიერთკავშირის მიზეზი დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან ქისტაურმა იმით ახსნა, რომ ყოველი ახალი ხელმძღვანელი ცდილობდა არამარტო შეენარჩუნებინა, არამედ გაეზარდა წინამორბედის მიღწევები.
[ლევან ქისტაურის ხმა] "თუ საბაჟო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 2-3 მილიონი დოლარი ირიცხებოდა, 95 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 10 მილიონს მიაღწია, 96 წელს - 70 მილიონ ლარს, 2000 წელს 262 მილიონ ლარს, 2001 წელს კი 289 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 150-ჯერ იმატა საბიუჯეტო შემოსავლებმა ამ სფეროდან".

მიუხედავად ასეთი პოზიტიური სტატისტიკისა, დეპარტამენტში არ უარყოფენ, რომ საბაჟო ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურად რჩება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამაზე ნათლად მეტყველებს ქვეყანაში არსებული კონტრაბანდის მაღალი მაჩვენებელი, რაც მთლიანად იმპორტირებული საქონლის 40-50 პროცენტს შეადგენს.

ამიტომ რეფორმის პროცესში, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს დაიწყება საბაჟო სტრუქტურებში, ერთ-ერთი უმთავრესი კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის აღდგენა და საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია იქნება. დღის წესრიგში დგას, აგრეთვე, კადრების გადამზადება და მათი როტაციის პრინციპით დანიშვნა, თანამშრომლების უნიფორმებით უზრუნველყოფა, მათთვის სპეციალური წოდებების შემოღება და საბაჟო პუნქტების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა. ხოლო იმისათვის, რომ ადგილებზე კორუფცია აღმოიფხვრას, პერსპექტივაში კლიენტს საფიანანსო ოპერაციის დროს არა საბაჟოს მოხელესთან, არამედ კონკურსში გამარჯვებული ბანკის შესაბამის თანამშრომელთან ექნება საქმე.
საბაჟო დეპარტამენტის მოსალოდნელი რეფორმირების პროცესს დადებითად აფასებს საქართველოში აშშ საელჩოს მრჩეველი ჯეკ ჰარიმანი, რომელმაც განაცხადა, რომ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ექვს თვეში ქართული საბაჟოს მუშაობა საგრძნობლად შეიცვლება.
[ჯეკ ჰარიმანის ხმა] "ახლახან ჩატარდა საბაჟოს ყველა თანამშრომლის ნარკოლოგიური ტესტირება, გარდა ამისა ვიცით, რომ მიმდინარეობს თანამშრომელთა შემცირების პროცესი, მზად არის რეფორმის პროექტი, ხორციელდება ცვლილებები, რაც ადრე არ მომხდარა. ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ 6 თვეში ან მაქსიმუმ ერთ წელიწადში საქართველოში სულ სხვა, უფრო უკეთესი საბაჟო იქნება".

ასეთ შეფასებას იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ფისკალურ საკითხებში, გიორგი ისაკაძე, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ იანვრის თვეში მობილიზებული საბაჟო შემოსავლები შარშანდელთან შედარებით 300 ათასი ლარით არის გაზრდილი.
XS
SM
MD
LG