Accessibility links

logo-print

დევნილთა ყრილობამ ასლან აბაშიძეს ნდობის მანდატი მიანიჭა


აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა ყრილობის 12 ათასმა დელეგატმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ასლან აბაშიძის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში მონაწილეობას.

მას დევნილთა ყრილობის ნდობის მანდატი მიანიჭა. ასე რომ, ბორის კაკუბავას ინიციატივამ შედეგი გამოიღო. სპორტის სასახლეში შეკრებილმა დევნილებმა ნდობა გამოუცხადეს კაცს, რომელსაც რუსეთიც ენდობა.

როგორც ჩანს, დევნილთა ყრილობის ერთადერთ მიზანს ასლან აბაშიძისთვის საზოგადოების, კონკრეტულად კი დევნილთა ნდობის მანდატის მინიჭება წარმოადგენდა. 15 თებერვალს შეკრებილმა ყრილობამ ეს მისია პირნათლად შეასრულა. თუმცა, როგორც ყრილობაზე მისული დეპუტატი კობა დავითაშვილი განმარტავდა, გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირისთვის საზოგადოების ნდობის მანდატის მინიჭების გეგმა:

[კობა დავითაშვილის ხმა] “არა მგონია, ნდობის მანდატის მინიჭებას საჭიროებდეს პირი, რომელსაც პრეზიდენტი ენდო, თუ პასუხისმგებლობის დაკისრებაზეა ლაპარაკი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და პრეზიდენტს უნდა დააკისროს. პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ვის შეარჩევს თავის წარმომადგენლად და არა ხალხზე. “

ყრილობამ, რომლის თავკაცმაც პოლიტიკურ პარტიებს შევარდნაძის დამხობაში მხარდაჭერა შესთავაზა, ნდობა გამოუცხადა პირს, ვინც შევარდნაძემ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა.

[ბორის კაკუბავას ხმა] “ვეუბნები მთელ საქართველოს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ არ დავიწყებთ ამ ხელისუფლების დამხობას, დაიწყეთ თქვენ და ჩვენ მზად ვართ, მხარში დაგიდგეთ”

ბორის კაკუბავს მოწოდებამ დევნილთა ყრილობაზე რამდენჯერმე გაიჟღერა.
კაკუბავამ ყრილობაზე გამოსვლის უფლება არ მისცა იმ პირებს, რომლებიც ასლან აბაშიძის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე მივიდნენ იმისთვის, რომ ეთქვათ:

[ირაკლი წერეთლის ხმა] “პრეზიდენტის არც ერთ ნაბიჯს არ ვენდობი. არ ვენდობი მას არც ასლანთან მიმართებაში. ასლანი არის რუსეთის პოლიტიკოსი.
პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის, როგორც აგრესორის აღიარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ მიგვიყვანს. გამორიცხულია.”

ირაკლი წერეთელმა თავისი სათქმელი ჟურნალისტებს უთხრა. საქართველოში იგორ გიორგაძის პირად წარმომადგენლად ცნობილმა ბორის კაკუბავამ კი დევნილებს აუხსნა, რომ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვის ტოლფასი იქნება. იყო საპირისპირო შინაარსის გამოსვლებიც. დეპუტატმა ირაკლი ბათიაშვილმა დევნილებს მოუწოდა მიეღოთ რეზოლუცია აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო მისიის გაყვანის მოთხოვნით. მაგრამ, ასლან აბაშიძისთვის ნდობის გამოცხადება, რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშნავდა.

დასკვნისათვის: ყრილობაზე გამოსულმა ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარემ, ჯემალ გოგიტიძემ დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ასლან აბაშიძის ლიკვიდაციის გეგმის შემუშავებაში დაადანაშულა.
XS
SM
MD
LG