Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს დელეგაცია თბილისიდან ისე გაემგზავრა, რომ პანკისის ხეობა არ უნახავს.

ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საკითხიც ჯერჯერობით ღიად დარჩა ანუ გაუგებარია, რა აიძულებს მათ, დატოვონ საქართველო და ჩეჩნეთს მიაშურონ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრისას ქართულმა მხარემ რუსებს მოსთხოვა, რომ ლტოვილთა დაბრუნებისას უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები და დაცული იყოს ნებაყოფლობითობის პრინციპი. რუსების დადებული პირობის მიუხედავად, რომ ყველა მოთხოვნა შესრულებული იქნება, ძალიან საეჭვოა, პანკისში დაბინავებულ ჩეჩენ ლტოლვილებს მათდამი ნდობა გაუჩნდეთ.

შეიძლება ითქვას, რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს დელეგაციის მასპინძლებს დიდი სურვილი არ ჰქონიათ, სტუმრები მათი ლტოლვილი თანამოქალაქეების სანახავად ჩაეყვანათ პანკისში. საქართველოს უშიშროების მინისტრის განცხადება, რომ პასუხს ვერ აგებდა პანკისში ჩასული რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოებაზე, დამაჯერებელი საბაბი იყო საზღვრისპირა მხარეში საგანგებო ვითარებათა მინისტრის მოადგილისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტის ჩასაშლელად. საგანგებო ვითარებათა სამინისტრო რუსეთის ერთ-ერთი ძალოვანი უწყება და სპეციალური სამსახურია, მის ხელმძღვანელს, სერგეი შოიგუს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება აქვს. ბუნებრივია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებს პრობლემურ ტერიტორიაზე საკუთარი ნებით არ უნდა შეუძღვე. ხაბურძანიას განცხადება არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართლა არ შეუძლია რამდენიმე პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს პანკისში. პარასკევს, 15 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხეობაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ეს გულისხმობს არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილთა ძებნა-დაკავებას, არამედ ინფორმაციის მოპოვებასა და აგენტურასთან მუშაობას. ამას წინათ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწორედ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახლდნენ პანკისში მივლინებულ რუს ჟურნალისტს ყოველკვირეული “ვლასტ”-იდან ოლგა ალიონოვას, რომელმაც თანამოქალაქე ლტოლვილებთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ერთი დასკვნა გამოიტანა: ცხოვრების უმძიმესი პირობების მიუხედავად ჩეჩნებს რუსეთისკენ გახედვაც არ უნდათ, რადგან სიკვდილს თუნდაც ასეთი ძაღლუმადური სიცოცხლე ურჩევნიათ.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, პრობლემისადმი მისი დამოკიდებულება განსაზღვრულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მკაცრი გაფრთხილებით, რომ ლტოლვილების დაბრუნება მხოლოდ ნებაყოფლობით უნდა მოხდეს. ლტოვილთა იძულებას წასასვლელად ან მათ გაძევებას ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზოგადოება უაღრესად მკაცრ რეაქციას შეაგებებს.
XS
SM
MD
LG