Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 422-ე გამოშვება

მარიამ ჭიაურელი: ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის "მეათე სტუდიაში" განვაგრძობთ. ყოველკვირეული რადიოჟურნალის მორიგი, 422-ე გამოშვების თემებია სპორტი, განათლება და ხელოვნება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ დღეებში აქტუალობით სპორტი გამოირჩევა. მაგრამ სოლტ ლეიკის სიტის ოლიმპიურ თამაშებზე კი არ ვისაუბრებთ, არამედ გიამბობთ საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაზე საუბრით დავიწყებთ. შემდეგ თქვენს ყურადღებას ”საყმაწვილო ენციკლოპედიას” მივაპყრობთ და ჩავეძიებით შეკითხვას, თუ რა არის ის – საავტორო უფლებათა შელახვა თუ საშვილიშვილო საქმე? შეგახედებთ თეატრის კულისებში ”პრვონციული ამბის” ოცწლიან იუბილეზე გამოხმაურებით და გამოვეხმაურებით კიდევ ერთ თარიღს – მსოფლიო ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნორვეგიელი კნუტ ჰამსუნის გარდაცვალების 50-ე წლისთავს. ბოლოს კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს მეათე სტუდიის დღევანდელ სტუმართან, ვენაში მოღვაწე მოქანდაკე გიორგი ოქროპირიძესთან.

პრაღის სტუდიაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

მუსიკა

საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა

მარიამ ჭიაურელი: ჩვენი მსმენელებიდან ბევრმა, შესაძლოა, არაფერი იცოდეს საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის არსებობის შესახებ. არადა, ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1991 წელს დაფუძნდა და ემსახურება მენტალური ნაკლის მქონე ადამიანების სპორტში ჩაბმას, მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ადაპტაციის მიზნით.

სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობის გარშემო ჩვენი თანამშრომელი, გიორგი კაკაბაძე ესაუბრა ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, არჩილ კეკელიას.

გიორგი კაკაბაძე: აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მასშტაბით, სპეციალური ოლიმპიური მოძრაობა ჩამოყალიბდა 1968 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის დის, იუნის კენედი-შრაივერის თაოსნობით. ამ ინიციატივამ საკმაოდ სწრაფად გამოიღო ნაყოფი: სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობამ ხელი შეუწყო მენტალური ნაკლის მქონე ადამიანების რეაბილიტაციას, ცხოვრებისადმი მათი დამოკიდებულების შეცვლას.

დღეისათვის სპეციალური ოლიმპიური მოძრაობა მოიცავს მსოფლიოს 160 ქვეყანას და მასში გაერთიანებულია მენტალური ნაკლის მქონე მილიონამდე ათლეტი, რომელიც სპორტის ოც სახეობაში ასპარეზობს.

საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის დირექტოთა საბჭოს პირველი თავმჯდომარე გახლდათ თეიმურაზ მიქიაშვილი, რომელიც 1996 წელს შეცვალა არჩილ კეკელიამ – ამავე დროს იგი “ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის” ვიცე-პრეზიდენტია.

საქართველოს სპეციალურ ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებულია 500-მდე ათლეტი და 50-მდე მწვრთნელი, რომლებიც ნებაყოფლობით საწყისებზე მუშაობენ.

1991 წლიდან მოყოლებული ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებში და საკმაოდ წარმატებითაც. საკმარისია ითქვას, რომ 1999 წელს ამერიკის ჩრდილოეთი კაროლინის შტატში გამართულ ზაფხულის სპეციალურ თამაშებში ქართველმა ჩოგბურთელებმა ყველა თანრიგში საპრიზო ადგილები დაიკავეს, სულ კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 9 მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ შარშან ალიასკის ზამთრის თამაშებში საქართველოს წარგზავნილებმა ოქროსა და ვერცხლის ორ-ორი მედალი მოიგეს.

თუმცა, როგორც არჩილ კეკელია ამბობს, მთავარი მაინც შეჯიბრებაში მონაწილეობა და სისტემატური ვარჯიშია.

[არჩილ კეკელიას ხმა. იხ. აუდიოვერსია]

არჩილ კეკელია აღნიშნავს, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სპეციალურ ოლიმპიურ მოძრაობას პატრონაჟს უწევენ ისეთი სამთავრობო სტრუქტურები, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კი ამ მოძრაობას სახელმწიფო მხარდაჭერა, ფაქტობრივად, არა აქვს და ამ მხრივ აქტიურობას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები და ცალკეული პიროვნებები თუ ავლენენ. მათ შორის არის ლეილა მესხი, რომლის სახელობის აკადემიაშიც ვარჯიშობენ მენტალური ნაკლის მქონე ჩოგბურთელები.

შარშან სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს პარლამენტარი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც აქტიურად იღვწის მოძრაობის შემდგომი განვითარებისათვის.

როგორც ზემოთაც ითქვა, სპეციალური ოლიმპიური მოძრაობა სპორტის 20 სახეობას მოიცავს. ქართველი ათლეტები ჯერჯერობით გამოდიან ისეთ სახეობებში, როგორიცაა კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ფეხბურთი, ფრენბურთი და ჩოგბურთი. გარდა ამისა, ისინი ზამთრის ზოგიერთ სახეობაშიც ასპარეზობენ. მარტში გაიხსნება მოცურავეთა ჯგუფები.

მომავალ კვირაში, 21 თებერვალს, საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტი ატარებს წლევანდელი პროგრამით გათვალისწინებულ პირველი კალენდარულ შეჯიბრებას – ჩოგბურთელთა ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მენტალური ნაკლის მქონე 16 ჩოგბურთელი. ტურნირს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სპორტული კოპლექსი “ორბი” უმასპინძლებს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

მუსიკა

საავტორო უფლებათა შელახვა თუ საშვილიშვილო საქმე?

მარიამ ჭიაურელი: ერთი თვეა, რაც საქართველოს წიგნის ბაზარზე გამოჩნდა ჟურნალ "დილის" კოლექტივის გამოცემული "საყმაწვილო ენციკლოპედია", რომლის მთავარი რედაქტორია დოდო წივწივაძე. წიგნის გამოსვლას ბევრი აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა, რომელთა რიგი გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა დაარღვია; სულაკაური აცხადებს, რომ ქართული "საყმაწვილო ენციკლოპედიის" გამომცემლებმა არამართლზომიერად გამოიყენეს ილუსტრაციები და ტექსტები რამდენიმე ბრიტანული გამომცემლობის წიგნებიდან. უფრო ზუსტად, "დილამ" საილუსტრაციო მასალა და ტექსტები გადმოიღო ამ წიგნების რუსული გამოცემებიდან, სადაც მკაფიოდ არის მითითებული, რომ წიგნის არც ერთი ნაწილის გადაღება და გამოყენება არ შეიძლება მფლობელის წერილობითი ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვა "დილას" არ ჰქონია. გარდა ამისა, ბაკურ სულაკაური თავად თანამშრომლობს ორ ბრიტანულ გამომცემლობასთან, "ასბორნ ფაბლიშინგსა" და "კინგფიშერთან", რომელთა წიგნებსაც ქართულ ენაზე გამოსაცემად ამზადებს. სულაკაურის გამომცემლობის "საბავშვო ენციკლოპედია" აპრილში გამოვა. მანამდე კი, ბრიტანულ გამომცემლობათა რწმუნებით აღჭურვილმა ბაკურ სულაკაურმა შეიძლება სასამართლოში უჩივლოს "დილას". მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

მუსიკა

“პროვინციული ამბის” 20 წლისთავი

მარიამ ჭიაურელი: მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება კულისებს მიღმა. მაყურებლის წარმოდგენით, სცენის მიღმა მსახიობთა ცხოვრება ისეთივე ბრწყინვალე და ამაღელვებელია, როგორც რამპის წინ. ხშირად, მსახიობები მაყურებლის ილუზიებს არ ანგრევენ და ცხოვრებაშიც თამაშობენ, რომ თეატრის სამყარო მშვენიერი და ჰარმონიულია. თუმცა, ვისაც ლალი როსებას “პროვინციული ამბავი” უნახავს, იგი დარწმუნდება, რომ თეატრალური სამყარო მკაცრი და დაუნდობელია. მოგითხრობთ თამარ ჩიქოვანი.

თამარ ჩიქოვანი: 20 წლის წინათ კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში პრემიერა იყო. ახალგაზრდა დრამატურგის ლალი როსებას პიესა “პროვინციული ამბავი” რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ დადგა. მართალია, მანამდე ამავე თეატრის სცენაზე დადგმულ ლალი როსებას პიესას “პრემიერის წინ” წარმატება ხვდა წილად, მაგრამ მსახიობები და რეჟისორი “ტრადიციულად” ღელავდნენ.

ასევე ღელავდნენ მსახიობები და რეჟისორი პრემიერის დღიდან ოცი წლის თავზე, როცა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე იგივე შემადგენლობა ისევ “პროვინციულ ამბავს” თამაშობდა. პიესას, რომელიც მსახიობებზე, თეატრზე, დაუნდობელ და მკაცრ თეატრალურ სამყაროზე მოუთხრობს მაყურებელს. “თქვენ არაჩვეულებრივი მაყურებელი ხართ,” - ასე მიმართა სპექტაკლის შემდეგ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიგა ლორთქიფანიძემ გადავსებულ დარბაზს, რომელიც ზუსტად რეაგირებდა სცენაზე გათამაშებულ ტრაგიკომიკურ ამბავზე.

ისინი, პროვინციული თეატრის მსახიობები მხოლოდ ერთზე ოცნებობენ – მიიღონ როლი, რომელიც წარმატებას მოუტანს და პროვინციული თეატრიდან დედაქალაქის სცენისკენ გაუხსნის გზას. თუმცა, პროვინციული თეარტის ცხოვრების წესები უფრო მკაცრი და დაუნდობელია, იმავე დედაქალაქის თეატრებთან შედარებითაც.

ამიტომ, უფრო ხშირია იმედგაცრუება, ილუზიების მსხვრევა, ტკივილი...უცნაურია, რომ ოცი წელია, მაყურებლის ინტერესი ამ სპექტაკლისადმი არ კლებულობს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური სამყაროს შესახებ ბოლო პერიოდში ამავე თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლი, კომედიური ჟანრის პიესა “მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია” დაიდგა. მსახიობი გურანდა გაბუნია ორივე სპექტაკლში თამაშობს. მისი თქმით:[გურანდა გაბუნიას ხმა] “ ჩვენ, მინდა გითხრა, “მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია” ყოველ საღამოს ასე ვთამაშობთ. იმიტომ, რომ კომედიაა და ხალხისთვის...ჩასაფიქრებელი მომენტი არა აქვთ. და ჩვენს მაყურებელს ეს უხარია...მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს გააკეთეს ის, რაც იყო...რომ ცოტათი ისმენდნენ...ეს ძალიან რთულია. იცით, მაყურებელს რაზეც გაზრდი...წლების მანძილზე, სანამ მოვიდოდნენ თემური და ოთრი სამხატვრო ხელმძღვანელებად, იცით, აქ რაც იდგმებოდა...რასაც მიჩვეულია ადამიანი, ის უნდა. ასეა...”

მსახიობებმა ყველაზე უკეთ იციან პროვინციული თეატრალური ცხოვრების მთელი “მშვენიერება”. გურანდა გაბუნიას ვარაუდით, მისი გმირი ნინო უიღბლო ადამიანია და წარმატებას ვერ მიაღწევს. არა იმიტომ, რომ ნიჭი აკლია.
[გურანდა გაბუნიას ხმა] “ ჩვენ გვაქვს ურთულესი, უმძიმესი ცხოვრება. ჩვენ ვართ დამოკიდებული რეჟისორებზე. ჩვენ როგორ ვართ, იცით? ქალიშვილი რომ დგას და ელის, ვინმე ითხოვს თუ არ ითხოვს...ჩვენც ასე ვართ – რეჟისორი დაგაკავებს თუ არ დაგაკავებს? ხომ შეიძლება, რომ არ დაგაკავოს 10 წელი? შენ იცი, რომ ოთარი 16 წელი ერთ რეჟისორთან არ თამაშობდა. ის არ თამაშობდა. ის არ აკავებდა მას...და მედეა კუჭუხიძე რომ არ ყოფილიყო, ოთარს დიდი დისკვალიფიკაცია ექნებოდა. აი, ეს არის საშინელი...”

მედეა კუჭუხიძის დამსახურებაა ისიც, რომ მან ამ სპექტაკლში მსახიობთა არაჩვეულებრივი შემადგენლობა დააკავა – ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნანი ჩიქვინიძე, გურანდა გაბუნია, გიზო სიხარულიძე, ჯემალ მონიავა. ალბათ, ესეც არის სპექტაკლის 20 -წლიანი წარმატების მიზეზი. თუმცა, არა მხოლოდ. ისე გურანდა გაბუნიას აღიარებით: [გურანდა გაბუნიას ხმა] “ ამიტომ ეს სპექტაკლი, როცა მოდის დღე, რომ უნდა ვითამაშოთ, ამაში ვდებთ მთელს ჩვენს სიცოცხლეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტკივილი, რომ ამით მაინც ხალხმა გაიგოს, რომ რა საშინელებაა თეატრი, კულისები და მსახიოების გაუბედურებული ცხოვრება. და, ამავე დროს, ბედნიერება, რა თქმა უნდა. აი ეს, რაც დღეს ხდებოდა, ხომ ღირს მთელ სიცოცხლედ...”

თამარ ჩიქოვანი, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი.

მუსიკა

კნუტ ჰამსუნის გარდაცვალების 50-ე წლისთავი

მარიამ ჭიაურელი: შემდეგი სიუჟეტი თამარ ჩიქოვანის მონათხრობს ერთგვარად ენათესავება. მართალია, საქართველოდან ნორვეგიაში გადავინაცვლებთ და აღარც თეატრის ცხოვრებაზე ვისაუბრებთ, მაგრამ კულისებში ჩახედვა მაინც მოგვიწევს, ვინაიდან ის, რაც ლიტერატურის მოყვარულს კნუტ ჰამსუნის ხსენებისას წარმოუდგება, არის დიდებული პროზა, წიგნები ”შიმშილი”, ”მისტერიები”, ”პანი”, ”მიწის მადლი”; აგრეთვე მსოფლიო აღიარება, თუნდაც ნობელის პრემია, რომელიც წილად ხვდა მათ ავტორს. ჩვენი მსმენელებიდან ბევრმა, ალბათ, ისიც იცის, რომ 1898 წელს ჰამსუნმა საქართველოშიც იმოგზაურა და ერთგვარი ანგარიში დაგვიტოვა პიესაში ”დედოფალი თამარი”, აგრეთვე მოგზაურობის აღმწერ ”ზღაპრულ ქვეყანაში”. მაგრამ ბევრმა, შესაძლოა, არაფერი იცოდეს კნუტ ჰამსუნისადმი ნორვეგიელების უაღრესად რთული დამოკიდებულების შესახებ - არ იცოდეს, რომ ქვეყანაში, სადაც მწერალს (საქართველოსი არ იყოს) საუკუნეების განმავლობაში ერის მოძღვრად მიიჩნევდნენ, მაინცდამაინც ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ხელოვანის სახელს ერთი ქუჩაც არ ატარებს.

კულისებში ჩახედვა კნუტ ჰამსუნის გარდაცვალების 50-ე წლისთავმა გადაგვაწყვეტინა. ის 19 თებერვალს აღინიშნება – აღინიშნება დისკუსიით ნორვეგიაში ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემაზე: როგორ მიაგონ სათანადო პატივი გენიალურ ხელოვანს ისე, რომ არ მიჩქმალონ მისი საშინელი პოლიტიკური მრწამსი - ადოლფ ჰიტლერის თაყვანისცემა...

მოთხრობამ ”შიმშილი”, რომელიც ჰამსუნმა 1890 წელს, ანუ 31 წლისამ დაწერა, ერთგვარი გადატრიალება მოახდინა არა მარტო ნორვეგიულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში როგორც თემატური, ისე სტილის თვალსაზრისით. ”შიმშილის” ავტორი შინაგანად წინააღმდეგობრივი, ზემგრძნობიარე ადამიანის სულიერი ცხოვრების უფაქიზესი დეტალების ასახვას ახერხებს. მისი თხრობის ხელოვნებაში ერთმანეთს ერწყმის მრავალი მიმდინარეობის, მათ შორის ნატურალიზმისა და იმპრესიონიზმის სტილური საშუალებები, რაც ჰამსუნის ნაწარმოებების განუმეორებელ ხიბლს განაპირობებს და ”შიმშილს”, ისევე როგორც ”მისტერიებს” და ”პანს”, მოდერნიზმის პირველი და საუკეთესო ნიმუშების რიგში აყენებს.

1920 წელს ნორვეგიელ მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა; ჯეიმს ჯოისი თუ ფრანც კაფკა, თომას მანი თუ ჰერმან ჰესე მას ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს სიტყვის ოსტატად აღიარებდნენ. მაგრამ კნუტ ჰამსუნის კალამს ეკუთვნის ასეთი სტრიქონებიც, რომელიც მან ოსლოს გაზეთ ”აფტერპოსტენში” 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ გამოაქვეყნა: ”ის უმაღლესი რანგის რეფორმატორი იყო. ჩვენ, მისი ერთგული მიმდევრები, მოწიწებით ვხრით თავს გარდაცვლილის წინაშეო”. საკითხის მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, პარადოქსი ის არის, რომ ამ სიტყვებს კნუტ ჰამსუნი, რადიკალური ინდივიდუალისტი, წერს ადოლფ ჰიტლერზე, რომელიც, მოგეხსენებათ, მასობრივი იდეოლოგიის სულისჩამდგმელი იყო.

რაც შეეხება მორალს: კნუტ ჰამსუნი არასოდეს ყოფილა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი და ისიც ცნობილია, რომ ნორვეგიის ოკუპაციის დროს, მწერალი ხშირად ექომაგებოდა დევნილებსა თუ პატიმრებს (სხვათა შორის, ომის წლებში ჰამსუნი უკვე 80 გადაცილებული იყო). ეჭვს არც ის იწვევს, რომ ჰიტლერისადმი კნუტ ჰამსუნის სიმპათია მწერლის გერმანოფილობამ განაპირობა და არა ნაცისტური იდეოლოგიით მოხიბვლამ. და მაინც, ფაქტები ჯიუტია და ისინი კნუტ ჰამსუნის მორალის სასარგებლოდ არ მეტყველებს: მწერალი პირადად ეახლა ჰიტლერს ობერზალცბერგში, მან, პატივისცემის ნიშნად, გოებელსს აჩუქა თავისი ”ნობელის პრემია”, ჰამსუნი ნაცისტების სასარგებლოდ პროპაგანდას ეწეოდა, ის წერდა არათუ დიდი მწერლის – ნებისმიერი წესიერი ადამიანისათვის უღირს ანტისემიტურ სტატიებს.

ომის შემდეგ კნუტ ჰამსუნი სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ ღრმა მოხუცებულობის გამო სასჯელი ფულადი ჯარიმით შეუცვალეს. ის 86 წლის იყო და კიდევ 7 წელი იცოცხლა. ნორვეგიელებს კი დღემდე რთული დამოკიდებულება აქვთ თავიანთ, მართლაც, გამორჩეულ თანამემამულესთან.

კნუტ ჰამსუნის ნაწარმოებებს სკოლებში ასწავლიან, თითქმის ყველა ნორვეგიელმა ზეპირად იცის პირველი წინადადებები ”შიმშილიდან”, რომელიც ამ სიტყვებით იწყება: ”ეს მოხდა მაშინ, როდესაც კრისტიანიაში დავდიოდი და შიმშილს ვიტანდი”... კნუტ ჰამსუნის გამომცემლობა – ”გილდენდალი” მკითხველს დაუზარელად ამარაგებს ახალ-ახალი გამოცემებით. კნუტ ჰამსუნზე წერენ წიგნებს და იღებენ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებს. მაგრამ ვინც ნორვეგიაში ჰამსუნის ქუჩის, ძეგლის ან მისი სახელის მატარებელი დაწესებულების მოძებნას განიზრახავს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ამაოდ დაშვრება. ასე იქნება, ალბათ, კიდევ მრავალი წელი – ვიდრე არ განელდება ინტერესი, ”შიმშილისა” და ”მისტერიების”, ”პანისა” და ”მიწის მადლის” კულისებისადმი: კნუტ ჰამსუნის გაუგებარი, საბედისწერო შეცდომისადმი.

მუსიკა

წამყვანი: ლაპარაკობს რადიო თავისუფლება. განვაგრძობთ საუბარს მეათე სტუდიაში, რომელშიც დღეს მარიამ ჭიაურელი გმასპინძლობთ.

ინტერვიუ გიორგი ოქროპირიძესთან

მარიამ ჭიაურელი: ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვიამბნია უცხოეთში მოქმედი ორგანიზაციებისა თუ გაერთიანებების საქმიანობაზე, რომელთა მოღვაწეობა ძირითადად ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების პროპაგანდას ემსახურება. სხვადასხვა სახის ღონისძიებების: კინოჩვენებების, კონცერტების, თეატრალური წარმოდგენების, გამოფენების, მოხსენებებისა თუ კონფერენციების მოწყობით ეს პატარა გაერთიანებები დიდ საქმეს აკეთებენ: ჩვენს ხელოვნებას აცნობენ უცხოელებს, ხელს უწყობენ კულტურების დიალოგის გაღრმავებას, მოუთხრობენ საქართველოს აწმყოსა და წარსულზე, რაც, საბოლოო ანგარიშით, კიდევ უფრო დიდ მიზანს – დასავლეთის სამყაროში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ემსახურება.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართული ხელოვნების პროპაგანდას ორი ამგვარი გაერთიანება ემსახურება: გიორგი ოქროპირიძის “კულტურშმიდე” (რაც ქართულად “კულტურის სამჭედლოს” ნიშნავს და გაერთიანების ხელმძღვანელის პროფესიაზე მიგვანიშნებს – გოგი ლითონზე მომუშავე მოქანდაკეა) და ნანა მესხისა და მისი მეუღლის ნასერ ანსარის “ნოუ ფრონტიერს არტ ასოსიეიშენი” (ანუ “ასოციაცია ხელოვნება უსაზღვრებოდ”). ბოლო წლების მანძილზე როგორც ერთმა, ისე მეორე გაერთიანებამ ჩაატარა ათეულობით დიდი თუ მცირე ღონისძიება, რომელთა წყალობით ბევრი ვენელისთვის ქართული კინო თუ ქართული მხატვრობა, ქართული სიმღერა თუ ქართული ცეკვა, ქართული თეატრი თუ ქართული სამზარეულო, მოკლედ – საქართველო უცხო ხილი აღარ არის. ახლა “კულტურშმიდემ” და “ნოუ ფრონტიერს არტ ასოსიეიშენმა” პრინციპით “ძალა ერთობაშია” ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს და ერთად შეეჭიდნენ დიდ პროექტს სახელწოდებით “ტაბლა: საქართველოს კვირები ვენაში”.

ბუნებრივია, დავინტერესდით, რა იმალება ამ მეტად მაცდური სახელწოდების მიღმა. დავით კაკაბაძემ ვენაში დაურეკა “ტაბლის” ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი ოქროპირიძეს.

იხ. აუდიო ვერსია

წამყვანი: თქვენ მოისმინეთ ”მეათე სტუდიის” მორიგი გამოშვება, რომელთან ერთადაც რადიო თავისუფლების დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. ჩვენი რადიოს თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა.
XS
SM
MD
LG