Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობის პირების უცნაური იუმორის შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ოფიციალურმა თბილისმა ხუმრობად მიიჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის პარიზში გაკეთებული განცხადება, რომ ბინ ლადენი, გამორიცხული არ არის, პანკისის ხეობას აფარებდეს თავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას საერთაშორისო ტერორისტის საქართველოში ყოფნის თაობაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ხუმრობად აღიქვამენ საქართველოს საგარეო უწყებასა და უშიშროების სამინისტროში. თუმცა, ძნელი სათქმელია, იხუმრა თუ არა თავად იგორ ივანოვმა და თუ აღიქვეს ხუმრობად ბინ ლადენის საქართველოში ყოფნის ვერსია იმ უცხოელმა ჟურნალისტებმა, ვინც რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციას ესწრებოდნენ პარიზში.
საერთოდ, რუსი თანამდებობის პირები საკმაოდ უხეიროდ ხუმრობენ ხოლმე საქართველოსთან მიმართებაში. ალბათ, გახსოვთ, ასევე ხუმრობად შერაცხა იმჟამად რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა რუსი სამხედროებისთვის დასმული კითხვა, ეს ყუმბარმტყორცნი დაჯავშნულ მერსედესს თუ ააფეთქებსო. სხვაგვარად აღიქვეს ეს კითხვა საქართველოში, სადაც რუსი პრემიერის ცნობისმოყვარეობის "დაკმაყოფილებამდე" ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტი შევარდნაძე ყუმბარმტყორცნს სწორედ დაჯავშნული მერსედესის მეშვეობით გადაურჩა.
ყველაზე დამაფიქრებელი კი ის არის, რომ ნელნელა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი სულ უფრო ილახება. ფაქტია - დღეს, როცა მთელს მსოფლიოში ყურადღება ანტიტერორისტული კოალიციისადმია მიპყრობილი, იმის დაშვებაც კი, რომ ქვეყანაში თავშესაფარს პოულობენ სხვადასხვა კუთხიდან გამოქცეული ტერორისტები, საქართველოს საშიშ ქვეყანათა ჩამონათვალში მოაქცევს. არადა, პანკისში ავღანეთიდან გამოქცეული ტერორისტების ყოფნის შესაძლებლობის შესახებ საუბრობს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ საქართველოს მეგობარ ქვეყანათა ჯგუფში შემავალი სახელმწიფოებიც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაც აღიარებს პანკისში თალიბების ყოფნის შესაძლებლობას, იგი კატეგორიულად უარყოფს რუსეთის შეთავაზებას ერთობლივი ოპერაციის ჩატარების თაობაზე. სხვა საკითხია, რომ ასეთ შემთხვევაში თავად საქართველოს მოუწევს რაღაც ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა განცხადება, ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ, აზრს დაკარგავს და გაიზრდება საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩენის შანსი. მართალია, საუბარია ამერიკული მხარის დახმარებით, თავდაცვის სამინისტროში ანტიტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ამას დრო სჭირდება.
მანამდე კი, საქართველოს ხელისუფლებას შინაგანი მწირი რესურსების ამოქმედება დასჭირდება იმისთვის, რათა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობა, არამედ საქართველოში თავშესაფრის პოვნის მსურველიც დაარწმუნოს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით სახელმწიფო სერიოზულად არის განწყობილი.
XS
SM
MD
LG