Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრეწველთა ახალი საგადასახადო ინიციატივა


საქართველოს პარლამენტში მრეწველთა პარტიის დეპუტაციის არსებობის მანძილზე, ამ ფრაქციის ბოლოდროინდელმა ინიციატივამ პირველად გამოაშკარავა მრეწველთა საკანონმდებლო მოღვაწეობის მთავარი მიზანი.

საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსი რომ ქართულ საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული არ არის და ლეგალური ბიზნესის წარმართვას ზღუდავს, ეს უკვე კარგადაა ცნობილი. მრეწველთა პარტია, თავის წინასაარჩევნო ამოცანად სწორედ ამ საგადასახადო კოდექსის გაკეთილშობილებას ასახელებდა.

ჯერ კიდევ 2 წლის წინ მრეწველთა ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს ის საკანონმდებლო ცვლილებები შესთავაზა, რაც, მათი აზრით, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას შეუწყობდა ხელს და ადგილობრივ წარმოებას გამოაცოცხლებდა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს წინადადებები 2-ჯერ დაიწუნა. მისი ხელახალი განხილვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა და კენჭისყრებისათვის საჭირო უმრავლესობის ფორმირებისას მრეწველთა ფრაქციამ მნიშვნელობა შეიძინა.

14 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მრეწველთა მიერ მომზადებული საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების ნაწილი პირველი მოსმენით მიიღეს. ძირითადად ეს ცვლილებები ეხება: სამეწარმეო გადასახადის 1%-ის გაუქმებას, სხვადასხვა სახის საურავებისა და ჯარიმების შემცირებას და რაც მთავარია, იმ იმპორტულ საქონელზე საბაჟო გადასახადის 12%-დან 25-30%-მდე გაზრდას, რომელთა ანალოგიური პროდუქცია საქართველოში იწარმოება.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „ჩამონათვალი არის ეს ნაწარმი: მინერალური წყლები, ჩაი, ალკოჰოლური სასმელები, ღვინო, ლუდი რა თქმა უნდა, სიგარეტები, თამბაქო, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხილი და ბოსტნეული. ეს, ბუნებრივია, წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას და ადგილობრივი წარმოების ინტერესებიდან გამომდინარე არის. თან არ ეწინააღმდეგება საფინანსო ორგანოების მოთხოვნებს, იმიტომ, რომ გამომდნარე არის იმ ტარიფებიდან, რომელიც მიღწეული არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს. სამწუხაროდ ტყუილა დავკარგეთ 2 წელი."

ფრაქცია მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ამ ჩამონათვალში არ მოხვდა იმ საგადასახადო ცვლილებების პროექტი, რომლებიც მრეწველების - დამქირავებლებისაგან დაქირავებულ პიროვნებათა გადასახადების ოდენობას შეეხება. ტყემალაძის ფრაქციის აზრით საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ყველა დაქირავებულმა უნდა გადაიხადოს. ასე იქნება დიფერენცირებული: წლიური 1200 შემოსავლის, ანუ ყოველთვიური 100 ლარიანი ხელფასის მქონე პირმა 12 პროცენტი უნდა გადაიხადოს და ასე პროგრესირდება 500 ლარიან ხელფასამდე და თავის პიკს 500 დან 1000 ლარიან შემოსავალზე აღწევს. ასეთი ხელფასის მქონე პირმა საშემოსავლო გადასახადის სახით 25% უნდა გაიღოს. 1000 ლარზე მეტი ხელფასის მქონეთა მდგომარეობა უკეთ გამოიყურება, რადგან მათი საშემოსავლო განაკვეთი თანდათან იკლებს. ჯერჯერობით ამ პროექტის განხილვა ვერ მოხერხდა, თუმცა მის ლობირებას მრეწველები საპარლამენტო წლის ბოლომდე მაინც აპირებენ. ამ ინიციატივაში გაკვირვებას მაღალი შემოსავლის შემთხვევაში გადასახადების შემცირების ტენდენცია იწვევს. ზურაბ ტყემალაძე ამას იმით ასაბუთებს, რომ დამქირავებლებს სტიმული გაუჩნდებათ თავიანთ თანამშრომლებს ყოველთვიურად 1000 ლარზე მეტი ხელფასი მისცენო.

მისი ოპონენტი, პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილი კი თვლის, რომ: [მერაბიშვილის ხმა] „ამას ან გადაიხდიან ის ადამიანები ვინც იძულებულია, რომ გადაიხადოს, იმის გამო რომ ლეგალურ ბიზნესს ეწევიან. ყველა სხვა დანარჩენი დამალავს ამ გადასახადს. შესაბამისად დაიჩაგრებოდა, ანუ ყველაზე ძალიან დაზარალდებოდა ის ადამიანები, ვინც საშუალო კლასს წარმოადგენენ საქართველოში. არადა ქვეყანაში საშუალო კლასი არის ყველაზე სერიოზული, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე სტაბილური კლასი, რომელზეც უნდა იდგეს ნორმალური საზოგადოება."

ზურაბ ტყემალაძე ასე არ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ: [ტყემალაძის ხმა] „სად არის ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენა ისეთი რომელსაც ხელფასი აქვს 500 დან 1000 ლარამდე, ჩვენ ბედნიერი ქვეყნის შვილები ვყოფილვართ მაშინ."

ტყემალაძის ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში ასეთი ანაზღაურების მქონე ფენა შეიძლება არც არასოდეს ჩამოყალიბდეს. საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპი და ხარისხი დიდხანს არ შექმნის იმის პირობებს, რომ საშუალო ფენას, ანუ დასაქმებულთა უმრავლესობას დამქირავებელმა წლიურად 15 ათას ლარიანი ხელფასი გადაუხადოს.

ორივე კანონმდებლის მოსაზრებები რომ საზოგადოებრივი აზრის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად იყოს ჩამოყალიბებული, ერთი საშემოსავლო გადასახადის 25%-მდე გაზრდას არ მოითხოვდა, ხოლო მეორე ოპონირებას სულ სხვა კანონპროექტს გაუწევდა. საქმე ისაა, რომ 25 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი მაღალშემოსავლიანი ფენისათვის ფაქტიურად უკვე მოქმედებს. ამ გადასახადის გადახდა იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს უწევთ, რომლებიც იძულებული არიან ლეგალური ბიზნესი აწარმოონ. ეკონომიკის ექსპერტები გამოსავალს როგორც საშემოსავლო, ასევე სხვა სახის გადასახადების მეზობელი ქვეყნების საგადასახადო სისტემებთან ჰარმონიზაციაში ხედავენ და არა კერძო საწარმოო ინტერესების ლობირებაში.
XS
SM
MD
LG