Accessibility links

logo-print

“penმარათონი –2002”


წაყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი თემაა: ლიტერატურული კონკურსი მარათონი,

რომელიც 22 მარტს კლუბ “100 პროცენტი Kotten ”- ში ჩატარდება. ვისაუბრებთ საგამომცემლო საქმიანობაზეც.

პირველად საქართველოში 22 მარტს ლიტერატურული კონკურსი “penმარათონი –2002” ჩატარდება. კლუბში “100 პროცენტი kotten” 25 კონკურსანტს 12 საათის მანძილზე მოუწევს მუშაობა. ამ დღეს შექმნილი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებების ავტორები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ლიტერატურული მარათონის შესახებ უფრო დაწვრილებით ეკა წამალაშვილი გესაუბრებათ.

ლიტერატურული კონკურსი 22 მარტს დილის 12 საათზე გაიხსნება და საკმაოდ დიდხანს, ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე კონკურსანტებს იმ საინტერესო გარემოში მოუწევთ მუშაობა, რომელსაც მათ თბილისში ბროსეს ქუჩაზე მდებარე კლუბი “100 პროცენტი kotten” შესთავაზებთ. ვერ ვიტყვით, რომ კონკურსანტები სრულ იზოლაციაში იქნებიან. კონკურსის მიმდინარეობისას მათთან გასაუბრების უფლება ჟურნალისტებს მიეცემათ. კონკურსანტებს განწყობილების შესაქმნელად თითო ბოთლი “ძველი თბილისიც” დაურიგდებათ.

აქვე შევნიშნავ, რომ ლიტერატურული მარათონის ორგანიზატორები: ღვინო “ძველი თბილისი”, “რუსთავი 2 “ და “ჯოჯია ონლაინია”. კონკურსში გამარჯვებულები “ჯორჯია ონლაინის” და “თიბისი ბანკის” მიერ დაწესებული ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან.
პირველი პრემია 500 ამერიკული დოლარია, მერე - 300, მესამე კი 200 დოლარი. ამას გარდა, კონკურსში მონაწილეებს გამომცემლობა “დიოგენეს”, ღვინო “ძველი თბილისის” და კომპანია “შევრონის” მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებიც დაურიგდებათ. მთელი ამ ღონისძიების მიზანი ჩრდილში მყოფი ნიჭიერი პროზაიკოსების გამოვლენა და წახალისებაა, თუმცა ლიტერატურული მარათონის ორგანიზატორებისთვის ცნობილია, რომ 22 მარტისთვის დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას თანამედროვე ქართულ მწერლობაში უკვე კარგად ცნობილი პირებიც აპირებენ.
მოკლედ კონკურსის წესების შესახებ:
ის ორ ტურად ჩატარდება და 22 მარტს კლუბი “100 პროცენტი kotten” სწორედ იმ 25 კონკურსანტს უმასპინძლებს, რომლებსაც სპეციალური ჟიური პირველი ტურის შედეგად შეარჩევს. ამდენად, კონკურსში მონაწილეობა მსურველების მიერ წინასწარ წარსადგენ პროზაულ ნაწარმოებებზეა დამოუკიდებული. ანუ, 12 საათიანი მეორე ტურის გამარჯვებულები საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნაწარმოებების ავტორები უნდა იყვნენ. ჩვენთვის კარგად ნაცნობი “ჩაწყობის” თავიდან ასაცილებლად ჟიურის შემადგენლობა გარკვეულ პერიოდამდე კონფიდენციალური იქნება. ამას გარდა, ჟიურისთვის უცნობი იქნება კონკურსის დროს შექმნილი ნაწარმოებების ავტორების ვინაობა.
პროზაულ ნაწარმოებს, რომელიც კონკურსის დროს მითითებული თემების მიხედვით უნდა შეიქმნას, ავტორი მხოლოდ მისთვის ცნობილ დევიზს წააწერს. დევიზის მეორე ვარიანტი ავტორის სახელის და გვარის მითითებით დაიწერება, ღვინო “ძველი თბილისის” ცარიელ ბოთლში მოთავსდება, დაილუქება და “თიბისი ბანკში” შეინახება. ასეთი ბოთლები საუკეთესო ნაწარმოებთა გამოვლენის შემდეგ ტელეკამერების დასწრებით გაიხსნება.
გამარჯვებულების დაჯილოდოების საზეიმო ცერემონია 25 აპრილს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. ამ დღეს ნაჩვენები იქნება ზემოთხსენებული ბოთლების გახსნის და გამარჯვებულების გამოვლენის ამსახველი სიუჟეტი. მოხდება იმ კრებულის პრეზენტაციაც, რომელშიც კონკურსის დროს შექმნილი ნაწარმოებები რედაქტირების გარეშე დაიბეჭდება. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებთ იმათ, ვინც “pen მარათონის” აქამდე უჩვეულო კონკურსში მონაწილეობას გეგმავს. ასეთებს შორის, ვფიქრობთ, უმეტესობა ახალგაზრდები იქნებიან.

იხ. აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG