Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გარანტიებს ითხოვს დასავლეთი სამხედრო დახმარების სანაცვლოდ


მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები,

საქართველოს სამხედრო ძალებისა და უშიშროების სისტემის გასავითარებლად, მნიშვნელოვანი პროგრამების შემუშავებას გეგმავენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რამლერზე დაყრდნობით, ბრიტანული გაზეთი "გარდიანი" პარასკევის ნომერში აქვეყნებს სენსაციურ ცნობას, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი საქართველოსთვის სამხედრო დახმარებასა და, კერძოდ, თავდაცვის სტრუქტურაში კონტრტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბების იდეაზე საუბრობს.
თუმცა, საქართველოში აქცენტი ყოველთვის გარედან მხარდაჭერაზე კეთდება და არა იმაზე, თუ რამდენად არიან მზად შესაბამისი სტრუქტურები, ეფექტურად და დანიშნულებისამებრ გამოიყენონ სამხედრო დახმარება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სფეროში გაწეული საქმიანობის ანგარიშს თუ დავუჯერებთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირების პროცესში, სხვადასხვა პროგრამის სახით, დაახლოებით ოცი მილიონი დოლარი იქნა ინვესტირებული. მსხვილ სამხედრო დონორებს შორის პირველ ადგილზე დგას აშშ, რომელმა მხოლოდ "ვერტმფრენთა პროგრამის" რეალიზებაზე დაახლოებით 13 მილიონი დოლარი დახარჯა. 2001 წლის მიწურულს ამერიკიდან მიღებულმა ექვსმა UH-1-H ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა მნიშვნელოვნად აამაღლა ქართული სამხედრო ავიაციის საბრძოლო მზადყოფნა.

დახმარების მხრივ მეორე ადგილზეა თურქეთი, რომელმაც დაახლოებით ათი მილიონი დოლარის ფარგლებში დააფინანსა სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რამდენიმე ობიექტის, მათ შორის, მარნეულის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზების პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ თურქეთის ფინანსური დახმარებით გახდა შესაძლებელი ქართული სამშვიდობო ოცეულის გაგზავნა კოსოვოში, სადაც დეკემბერში ქართველ მშვიდობის დამცველთა რიგით მეხუთე როტაცია განხორციელდა.

მნიშვნელოვანია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან, რომელმაც მიმდინარე წელს არსებითად გახსანა დახმარების სეზონი და 14 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალებისთვის 120 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, რადიოსადგურები და დიდი რაოდენობით მშრალი პროდუქტები ჩამოიტანა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სამხედრო განათლების სფეროში დასავლეთის ქვეყნების დახმარება, რაც შესაძლებლობას აძლევს ასეულობით ქართველ ოფიცერს, დაეუფლოს მოწინავე სამხედრო გამოცდილებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ უფრო გაიზრდება სამხედრო დახმარების მოცულობით მომდევნო წლებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანი იყო ამერიკის ევროპული სარდლობის შეფასების ჯგუფის შარშანდელი ვიზიტი. შეფასების ჯგუფს, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე, პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი ხელმძღვანელობდა, უნდა შეესწავლა სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონე და მოემზადებინა უანალოგო, მრავალსაფეხურებრივი დახმარების პროგრამის პროექტი. შეფასების ჯგუფის ჩანაფიქრი, ჩვენთან საუბარში, ოთარ შალიკაშვილმა იმხანად ასე ჩამოაყალიბა:
[ოთარ შალიკაშვილის ხმა] "ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მოიპოვოს ის შესაძლებლობები, რომელიც მას საბრძოლო მოქმედებებში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას მისცემს".

ქართული მხარის მტკიცებით, საუბარი შეეხება პროგრამას სახელწოდებით "წვრთნა და ეკიპირება", რაც რამდენიმე სახმელეთო სამხედრო ქვედანაყოფის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას გულისხმობს. ამ უპრეცედენტო დახმარების ფონზე სასაცილოც კია იმ ხმაურის ატეხვა, რაც საქართველოში ერთი ანტიტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე "გარდიანში" გამოქვეყნებულ ცნობას მოჰყვა.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით ძლიერი კონტრტერორისტული ჯგუფები "ალფა" და "ომეგა" საქართველოში ჯერ კიდევ 1993-94 წლებში ჩამოყალიბდა. მაგრამ იმ საშიში ტენდენციების გამო, რასაც ადგილი ჰქონდა სპეცსამსახურების ცხოვრებაში, ორივე დანაყოფი დაიშალა, ხოლო ბევრი მებრძოლი საერთოდ ჩამოშორდა სამხედრო საქმიანობას. არადა, თითოეული ასეთი სპეციალისტის მომზადება იგივე ფულია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს ყოველთვის ცოტა აქვს.

და სწორედ აქ ჩნდება, ჩვენის აზრით, მთავარი შეკითხვა - რამდენად არის საქართველოს სამხედრო სტრუქტურა მზად იმისთვის, რათა არა მხოლოდ მიიღოს დახმარება, არამედ რაციონალურად გამოიყენოს იგი. შეგვიძლია კიდევ უფრო გავხსნათ ბრჭყალები. არსებობს კი იმის გარანტია, რომ დასავლეთიდან მიღებული იარაღი და საბრძოლო მასალები პერსპექტივაში არ აღმოჩნდება საქართველოს უკონტროლო ტერიტორიებზე მყოფი ტერორისტების ხელში და არ იქნება გამოყენებული საკუთრივ ანტიტერორისტული ძალების წინააღმდეგ?

სამწუხაროდ, ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ სამხედრო ნაწილებში საბრძოლო მასალების და იარაღის დაცვის ორგანიზება სათანადო დონეზე არ დგას.
11 თებერვალს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქუთაისში მდებარე სახმელეთო ჯარების შტაბის შენობაზე, რომელიც წესით ყველაზე კარგად დაცული სამხედრო ობიექტად ითვლება დასავლეთ საქართველოში. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი თავდამსხმელებისთვის, ჯერ მორიგე განეიარაღებინათ, ხოლო შემდგომ სეიფიდან მთელი არსენალიც წაეღოთ.

თუმცა, "ციხე შიგნიდან" ტყდება. და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ საქმეში დამნაშავე ის პასუხისმგებელი პირები არიან, ვისაც სამხედრო ქონების დაცვა ევალებათ.
25 იანვარს სატრანსპორტო პოლიციის მუშაკებმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საწყობში საზღვარგარეთ გასატანად გამზადებული, მოიერიშე თვითმფრინავ "მიგ-29"-ის ძრავები აღმოაჩინეს. დანაშაულში მხილებული აღმოჩნდა სამტრედიის უშიშროების სამსახურის უფროსი ხურციძე, რომელმაც აღნიშნული ძრავები საწყობში თურმე ჯერ კიდევ 1997-98 წლებში შეიტანა.

სამხედრო ექსპერტების თქმით, ერთ-ერთ მთავარ საშიშროებას, რის გამოც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ზემოხსენებული დახმარებების ბედი, სწორედ სამხედრო ქონების მოუვლელობა და, ზოგადად, სამხედრო დისციპლინის კატასტროფულად დაბალი დონე წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG