Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა კვირის მიწურულს გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომებთან დაკავშირებით პრესაში არა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის მიწურულს გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომებთან დაკავშირებით პრესაში არა ერთი მოსაზრება გამოითქვა.

15-18 თებერვლის გაზეთი "ახალი ეპოქა" წერს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, კობა ბუჩუკურის გათავისუფლებას პარლამენტართა ერთმა ნაწილმა პოლიტიკური თამაში უწოდა და ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს, მირიან გოგიაშვილს პოლიტიკურ გარიგებაში დასდო ბრალი. გაზეთის თქმით,"ასეთი უნდობლობა გამოიწვია 10 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძის განცხადებამ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მირიან გოგიაშვილს წინასწარ ესაუბრა და შეთანხმდნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ამ კონკრეტულ ფაქტზე იმსჯელებდნენ.
ფრაქცია "აღორძინების" ლიდერთა განცხადებით, მათ პირადად მირიან გოგიაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ანტიკორუფციული საბჭო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული მანიპულირების საშუალებად იქცა. კატეგორიულია "ახალი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერი კობა დავითაშვილიც, რომლის აზრითაც, თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ანტიკორუფციული საბჭოს მდივანთან კულუარებში რაღაც შეთანხმებას აღწევს, სერიოზული ეჭვის საბაბს იძლევა."

გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, გაზეთმა კომენტარი სთხოვა ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს. მირიან გოგიაშვილი ამბობს:

"პრეზიდენტს წინასწარ ვაჩვენე მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის საჩივრები. რადგან დოკუმენტური დადასტურება არ გვქონდა, შევთანხმდით, ამაზე არაფერი გვეთქვა. ხოლო ის, რაც ვთქვი, თვალნათლივ ჩანს ბუჩუკურის დეკლარაციაში. 2000 წელს მას 200 ათასი დოლარის დაუსაბუთებელი ქონება გაუჩნდა. სწორედ ეს გახდა ჩვენი შეშფოთების მიზეზი და ასე იჩინა თავი იმ კომპანიებმა, რომლებიც კობა ბუჩუკურს დეკლარაციაში შეტანილი არ ჰქონდა. აი, ეს ვკითხე კობა ბუჩუკურს და ვერ მიპასუხა. ასეთ კითხვებს ჩემგან კიდევ ბევრი მოისმენს. როდესაც მათაც დავუმტკიცებ, რომ კორუმპირებულები არიან, დარწმუნებული ვარ, ვერც ისინი გამცემენ პასუხს."

შემდეგ "ახალი ეპოქა" წერს, რომ "პარლამენტართა ნაწილის აზრით, არ შეიძლებოდა დეკლარაციაში საწაროების მოუხსენიებლობა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების საბაბი გამხდარიყო. თუმცა, ამავე პარლამენტარების მიერ მიერ მიღებულ კანონში საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ მითითებულია, რომ "თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს, ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება."

მირიან გოგიაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირი, რომელიც ამ კანონს არღვევს, დაუყოვნებლივ თავისუფლდება სამსახურიდან და სამი წლით ეკრძალება თანამდებობაზე მუშაობა."

ახლა კი შევეხებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემას. გაზეთ "ახალი ეპოქის" ამავე ნომერში ნათქვამია, რომ "რუსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელსაც თბილისში ერთი კვირის წინ ელოდნენ, საქართველოში მაინც არ ჩამოვიდა. სამაგიეროდ, გამოგზავნა თავისი მოადგილე იური ბრაჟნიკოვი, რომელიც თვრამეტკაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს."

გაზეთი აღნიშნავს, რომ "ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციათა მინისტრს დაავალა, ემუშავა პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ დევნილთა სამშობლოში დაბრუნების საკითხზე. ამის პასუხად გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარიატმა თავისი პოზიცია განსაზღვრა. ამ ორგანიზაციის თანამშრომელმა, პიტერ კესლერმა 8 თებერვალს ჟენევაში განაცხადა, რომ ჩეჩენ ლტოლვილთა სამშობლოში ძალით დაბრუნება დაუშვებელია, ეს მათი ნებით უნდა მოხდეს."

შემდეგ გაზეთი წერს:

"როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება - ბალანსირების პოლიტიკის გათვალისწინებით - უფრო დასავლეთის ინტერესებს უწევს ანგარიშს. ამას მოწმობს იმავე უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლის განცხადება, რომელშიც კომისარი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩეჩენი დევნილების ნებაყოფლობით დაბრუნების თაობაზე. ალბათ, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ ჩაშალა თბილისში სერგეი შოიგუს ჩამოსვლა და საკითხის მომზადება შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკებს მიენდოთ. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვი შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს შეხვდა და ორივე მხარე აცხადებს, რომ ჯერჯერობით კონკრეტული მექანიზმები გამოკვეთილი არ არის."

რა გამოხმაურება ჰპოვა პრესაში დევნილთა საგანგებო ყრილობამ, რომელიც 15 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა? 16 თებერვლის გაზეთ "რეზონანსის" თქმით, "ყრილობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ მწვავედ და ხმაურიანად ჩაიარა. დარბაზში მსხდომ დევნილთა აზრი თავიდანვე გაიყო, ერთნი ასლან აბაშიძეს, როგორც აფხაზური კონფლიქტის ვითომდა მომწესიგებელს ლანძღავდნენ. მეორენიც ილანძღებოდნენ იმ განსხვავებით, რომ ობიექტი მხოლოდ შევარდნაძე იყო."

გაზეთი აღნიშნავს, რომ "ყრილობაზე გამოსულ ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ასლან აბაშიძისათვის ნდობის მანდატის გადაცემის მომხრე იყო. პარლამენტარმა ჯემალ გოგიტიძემ, ასლან აბაშიძის მხურვალე სალამი გადასცა ყრილობის დელეგატებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მათ იმის შესახებაც ამცნო, რომ აფხაზეთის საკითხის მოგვარება ასლან აბაშიძეს, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს."

აღნიშნულ ვარაუდთან დაკავშირებით, 16 თებერვლის გაზეთი "ალია" წერს:

"თურმე, აჭარის ლიდერის წინააღმდეგ ისევ იგეგმება ტერორისტული აქტი. ამის შესახებ ყრილობაზე გოგიტიძემ განაცხადა.
საერთოდ, აბაშიძის წინააღმდეგ მოსაწყობი თუ მოწყობილი ტერაქტების თემა უკვე "საპნის ოპერას" დამსგავსა და ხალხში მხოლოდ ირონიას თუ იწვევს. როგორც ჩანს, ამის გათვალისწინებით, გოგიტიძემ, ზოგადი ფრაზებით საუბრის მაგივრად, ხელი პირდაპირ დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ავთო იოსელიანს დაადო. თურმე, იოსელიანს განუცხადებია, რომ აბაშიძე კონფლიქტის მოგვარების პროცესში იმიტომ ჩართეს, რომ მისი სიკვდილი შემდეგ აფხაზებს დააბრალონ. ფრაქცია "აღორძინების" ლიდერი იოსელიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. თავად იოსელიანი კი ამ ყველაფერს აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ გენპროკურატურას მიმართავს ყველაფრის გამოსაძიებლად."

"რაც შეეხება ყრილობაზე გამოსულ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი აბაშიძისადმი მანდატის მინიჭებას დადებითად აფასებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფი მინისტრი ყოფილან. ბურჯანაძემ აბაშიძის მანდატის გარდა სამშვიდობოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტი მანამ არ გადახედავს ამ საკითხზე მიღებულ გადაწვეტილებას, სანამ სამშვოდობოების მანდატი არ გაფარდოვდება."

"ალიას" წერილის დასასრულს კი ნათქვამია:

"ბოლოს კი, საკმაოდ შეთხელებული დარბაზის ფონზე, აბაშიძისთვის მანდატის მინიჭებას უყარეს კენჭი. აჭარის ლიდერს უკვე შეუძლია დევნილთა სახელითაც ილაპარაკოს. როგორც პარლამენტარმა ჯემალ გამახარიამ განაცხადა, მარტო შევარდნაძის ფაქტორი არ განსაზღვრავს არც აფხაზების და არც რუსების ნდობას. რაც მთავარია, აბაშიძე იქნება პირველი, ვინც არძინბას დევნილთა სახელითაც დაელაპარაკება. ასე რომ, აბაშიძემ მიიღო, რაც სურდა და მას, აფხაზეთის დაბრუნებაში, წესით, ხელი ვეღარც შევარდნაძემ უნდა შეუშალოს, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ტერორისტული აქტი არ მოუწყვეს."
XS
SM
MD
LG