Accessibility links

logo-print

"ტრანზიშენს ონლაინი" საქართველოში ჩატარებული აღწერის შესახებ


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის პირველ აღწერას, რომელიც 17-24 იანვარს ჩატარდა, ინგლისურენოვანი საინტერნეტო გამოცემა "ტრანზიშენს ონლაინი" დიმა ბიტ-სულეიმანის სტატიით გამოეხმაურა.

ამ სტატიის შინაარსს დავით კაკაბაძე გაგაცნობთ.

მსმენელმა იცის, რომ აღწერის წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობამ დაახლოებით ერთი მეხუთედით იკლო, ანუ 5,4 მილიონიდან 4,4 მილიონამდე შემცირდა.

ასეთი მკვეთრი კლების მთავარ მიზეზებს შორის სტატიის ავტორი ასახელებს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის შემცირებას, მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებსა და მასობრივ ემიგრაციას. თუმცა, ბიტ-სულეიმანი იქვე დასძენს, რომ 1989 წელს ჩატარებული აღწერისგან განსხვავებით, წლევანდელ აღწერაში არ მონაწილეობდნენ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.

მიუხედავად ამისა, არაერთ ექსპერტს ეჭვი ეპარება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მართებულობაში. მათ შორის არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გიორგი მელაძე, რომლის აზრით, წინასწარ მონაცემებში მოყვანილი ციფრები გაბერილია და სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობამ, 89 წელთან შედარებით, მილიონზე მეტით იკლო.
მაგრამ "ტრანზიშენს ონლაინის" კორესპონდენტს იმ სპაციალისტების შეფასებებიც მოჰყავს, რომლებსაც თვითონ ესაუბრა. გიორგი მელაძეს არ ეთანხმება, მაგალითად, მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ირინა ბადურაშვილი. 4,4 მილიონს იგი სავსებით რეალისტურ ციფრად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის არ ეწინააღმდეგება დამოუკიდებელ ექსპერტთა გამოკვლევების შედეგებს.
ერთ-ერთმა მათგანმა, რევაზ თაყაძემ, დიმა ბიტ-სულეიმანთან საუბრისას, გაკვირვებაც კი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები თითქმის ზუსტად დაემთხვა მის პროგნოზს.
თაყაძეც და ბადურაშვილიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ მოსახლეობის კლება მართლაც მკვეთრია, მაგრამ სიკვდილიანობისა და შობადობის ამსახველ ციფრებში დიდად შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავენ. ირინა ბადურაშვილის თქმით, ბევრი მშობელი ახლა ერთი შვილის ყოლას სჯერდება და მეორის გაჩენას იმ დროს აპირებს, როცა ქვეყანაში საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდება და მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდება. მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი დარწმუნებულია, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი ისევ გაიზრდება.
ექსპერტთა უმრავლესობას არც ემიგრაცია ესახება მუდმივ პრობლემად. საქართველოდან წასულთა დიდ ნაწილს ისინი ისეთთა კატეგორიას მიაკუთვნებენ, ვინც ადრე თუ გვიან სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. ასეთი ვარაუდის საფუძველს თუნდაც ის გარემოება იძლევა, რომ საქართველოდან წასულ 150 ათასამდე ემიგრანტს შინ ჰყავს დატოვებული ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი, რომ აღარაფერი ვთქვათ ნათესავებზე. იმავე ირინა ბადურაშვილის თქმით, ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის საქართველოში გაგზავნილი ფული სასიკეთოდ მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. "მიგრაციამ საქართველო გადაარჩინაო", დაასკვნის ქართველი ექსპერტი.
სტატიის დასასრულს "ტრანზიშენს ონლაინის" კორესპონდენტს, დიმა ბიტ-სულეიმანს, მოჰყავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლის, მარკ ჰულსტის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მიგრანტთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არ არის; ყოველ შემთხვევაში, იმ მასშტაბით, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა. "საგანგაშო არაფერი ხდება. ვითარება შეიძლება საგანგაშო გახდეს 10-12 წელიწადში, თუ მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელიაო", უთხრა მარკ ჰულსტმა დიმა ბიტ-სულეიმანს.

დავით კაკაბაძემ გაგაცნოთ ინგლისურენოვან საინტერნეტო გამოცემა "ტრანზიშენს ონლაინში" გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოში ჩატარებულ მოსახლეობის აღწერას ეძღვნება. ლრთ.
XS
SM
MD
LG