Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს კონსულტაციები ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების ირგვლივ მარტში განახლდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის ირგვლივ კონსულტაციები მარტის შუა რიცხვებში განახლდება.

ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა გასულ კვირას მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ დელეგაციების ხელმძღვანელები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი კმაყოფილებას არ მალავდნენ მუშაობის კონსტრუქციულობით.

რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების ისტორიას იღბლიანს ნამდვილად ვერ უწოდებს ადამიანი. 1993 წელს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ ორი წელიწადი ამ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან იგნორირებული გახლდათ. 1995 წელს, როცა ახლად არჩეული პრეზიდენტი შევარდნაძე მოსკოვში ვიზიტისთვის ემზადებოდა, საქართველოს პარლამენტმა კეთილი ნება გამოამჟღავნა და ცალმხრივად მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება. რუსეთის დუმისთვის თავისი ქართველი კოლეგების საქციელი მისაბაძ მაგალითად არ იქცა. რამდენჯერმე დუმის მუშაობის დღის წესრიგში შეტანილი რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი ბოლო წუთში განხილვიდან მოიხსნა. დუმის განმარტებით, ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის აუცილებელ ხმებს ვერ მიიღებდა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა სკანდალს. შესაბამისად, მათ ამჯობინეს, საერთოდ არ განეხილათ ეს საკითხი. ცნობისთვის - საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა დსთ-ს მასშტაბით, რომელთანაც რუსეთს ჩარჩო ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული.
თავის დროზე რუსეთის სიჯიუტეს რატიფიკაციასთან დაკავშირებით ქართველი დიპლომატები რამდენიმე ფაქტორით ხსნიდნენ. ჯერ ერთი, მაშინდელ რუსეთის დუმაში სოხუმის ხელისუფლებას გავლენიანი ლობი ჰყავდა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოუგვარებლობის პირობებში დაუშვებლად მიიჩნევდა საქართველოსთან მეგობრობის ხელშეკრულების დადებას. ამის გარდა, რუსი დეპუტატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ხელშეკრულება კიდევ ერთი პუნქტის გამო, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოსთვის სამხედრო ძალების მშენებლობაში დახმარების აღმოჩენას ეხებოდა. 1994 წელს ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი დახმარება გახლდათ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი არ ჩქარობდა საქართველოსთვის, სამხედრო ძალების მომზადების თვალსაზრისით, რაიმე დახმარების აღმოჩენას, საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ვარდიკო ნადიბაიძის რუსული განწყობილება კი საკმარისი არ აღმოჩნდა რუსი სამხედროების გულის მოსალბობად.
ამჯერად ვითარება ოდნავ, მაგრამ მაინც განსხვავებულია. ჯერ ერთი, რუსეთის დუმის წევრები მაინცდამაინც თავს აღარ იღლიან სოხუმის ხელისუფლების ინტერესების დაცვით. გარდა ამისა, შეიცვალა თავად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. თუ რამდენიმე წლის რუსეთი მაინც და მაინც სერიოზულად არ აღიქვამდა საუბარს საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანასთნ დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კი რუსი მესაზღრეები იდგნენ, დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ქართველი მესაზღვრეები იცავენ, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა კი ეუთოს სტამბოლის სამიტზე გადაწყდა.
ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რატომ მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის განხილვა კონსტრუქციულ ვითარებაში. რუსეთს, უბრალოდ, არგუმენტი აღარ დარჩა იმის ასახსნელად, თუ რატომ არიდებს თავს საქართველოსთან დიდი ხელშეკრულების გაფორმებას. დღესდღეობით ასეთი მდგომარეობაა: პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია; საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხელშეკრულების პროექტის რუსული ვერსია; კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს; თვის ბოლოს მხარეები გაცვლიან ექსპერტებს; მარტის შუა რიცხვებში თბილისში გაიმართება მესამე შეხვედრა.
თუ მუშაობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, ხელშეკრულების პროექტი გაზაფხულის ბოლოსთვის მზად იყოს ხელმოსაწერად. იმედია, ამჯერად მას იგივე ბედი არ ელის, რაც მის წინამორბედ დოკუმენტს, რომლის რატიფიცირებაზე რუსეთის დუმამ უარი განაცხადა. ამჯერად, საეჭვოა,ხელშეკრულებაზე პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერამ დუმაზე გავლენა არ მოახდინოს.
XS
SM
MD
LG