Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი დაძაბულობა პანკისის ხეობაში


პანკისის ხეობა მორიგი დაძაბულობის ცენტრად სამართალდამცავების მძევლად აყვანის ფაქტმა აქცია.

სამართალდამცავების დატყვევებით პანკისელი კრიმინალები ნარკოტიკების რეალიზატორის დაკავებას გამოეპასუხნენ. ეს ყველაფერი 17 თებერვალს მოხდა, რის შემდეგაც კახეთის მიმართულებით შინაგანი ძალების გაძლიერებული შემადგენლობა დაიძრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიმინალებს ულტიმატუმი წაუყენა და მძევლად აყვანილების უპირობოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

პანკისის ხეობა მთელი თავისი სირთულეებით საქართველოს სერიოზულ პრობლემად რჩება. მის გადასაწყვეტად ხელისუფლება დამოუკიდებლად მოქმედებს.

18 თებერვალს ედუარდ შევარდნაძემ კომენტარი გაუკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის, განცხადებას, რომელიც ბინ ლადენის პანკისის ხეობაში შესაძლო ყოფნას ეხება და იხუმრა, რომ უსამა ბინ ლადენი შესაძლოა ახმეტის რაიონში, იგორ ივანოვის დედისეულ სახლში იმალებოდეს. 18 თებერვალსვე შევარდნაძემ გამორიცხა პანკისის ხეობაში რუსეთთან ერთად სპეც. ოპერაციის ჩატარება და დადო პირობა, რომ, მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, საქართველო დაამტკიცებს, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ მოქმედება შეუძლია. მსგავსი განცხადება შევარდნაძეს მრავალჯერ გაუკეთებია. პანკისის მიმართულებით ადამიანის გატაცების ყოველ ფაქტს მისი ერთი და იგივე შინაარსის მწვავე გამოხმაურებები, ცალკეულ შემთხვევაში კი საგანგებო ღონისძიების გეგმაც ერთვოდა. ამ ხანგრძლივი და უშედეგო პროცესის შემდეგ კრიმინალებთან ულტიმატუმის ენაზე საუბარი მას შემდეგ იწყება, რაც სოფელ დუისის მკვიდრის, კრიმინალ იური ბაღაკაშვილის, დაკავებას 4 სამართალდამცავის გატაცება მოჰყვა. ცნობისათვის: ნარკოტიკებით მოვაჭრე ბაღაკაშვილი სისხლის სამართლის ხაზით აღძრულ 17 საქმეში ფიგურირებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის მტკიცებით, შინაგანი ჯარების 4 თანამშრომლის მძევლად აყვანა მოტყუებით მოხდა. მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ საგზაო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჩხეტიანი, უბნის ინსპექტორი ავთანდილ ქერაული, ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი ინსპექტორი გიორგი ღვედაშვილი და სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი დავით სუკელაშვილი პანკისელი კრიმინალების ხელში იოლად აღმოჩნდნენ. იმდენად იოლად, რომ მომხდარი პრეზიდენტმა ქართველი პოლიციელების "დოყლაპიობით" ახსნა. ორშაბათის ტრადიციულ გამოსვლაში მან კრიმინალებს გატაცებულების უპირობოდ გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სპეც.ოპერაციის ჩატარება ივარაუდა.


პრეზიდენტის გამოსვლით იხელმძღვანელა კახეთში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. კობა ნარჩემაშვილმა გატაცებულთა გათავისუფლების სანაცვლოდ ნარკოტიკებით მოვაჭრის გათავისუფლება კატეგორიულად გამორიცხა, რითაც მძევალთა გათავისუფლების ტრადიციულ მეთოდზე უარის თქმის დემონსტრირება მოახდინა. კახეთის მიმართულებით გადასროლილი იქნა სპეც-ჯგუფი. 18 თებერვალს სოფელ დუისში მიტინგი გამართეს იმ პანკისელებმა, რომლებსაც ხეობაში წესრიგის და მშვიდობის დამყარება სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა გამორიცხეს კრიმინალებთან მოლაპარაკებაზე წასვლა და, 17 თებერვალს დატყვევებულ სამართალდამცავებთან ერთად, გაცილებით ადრე გატაცებულების - მამა ბასილისა და ხალილობის - გათავისუფლებაც მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG