Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ერთობლივ ფილმზე მუშაობენ


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ერთობლივ ფილმს იღებენ გალის რაიონის შესახებ.

ამ მიზნით ორი კვირის მანძილზე აფხაზეთში იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდია რე"-ს დირექტორი მიხეილ მირზიაშვილი და მთავარი რეჟისორი მამუკა ყუფარაძე. აფხაზთა მხრიდან ქართველ კოლეგებთან მუშაობენ ჟურნალისტი სვეტა კორსაია და ოპერატორი რობერტ ლომია. ფილმის ხარჯები და აფხაზეთში ქართველი ჟურნალისტების წაყვანა თავს იდვა ბრიტანულმა ორგანიზაციამ "შერიგების რესურსებმა". ფილმი აღწერს გალის რაიონის მცხოვრებთა ყოფას.

ფილმის მთავარი თემა გალის რაიონის მოსახლეთა უსაფრთხოებაა, რომლის კვალად, რაიონში მცხოვრებთა რიცხვი ხან იკლებს და ხანაც იმატებს. გადამღები ჯგუფი, რომელიც აფხაზეთში ყოფნისას გადაადგილდებოდა გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის დახმარებით, იმყოფებოდა ენგურჰესზე, ქალაქ გალსა და მის შემოგარენში, გალის რაიონის ქვედა ზონაში და ე.წ. ძველ გალში, ანუ რაიონის მთიან ნაწილში.

გალის რაიონი დაბრუნებული დევნილებისთვის მხოლოდ მშობლიური კუთხე არ არის. "სტუდია რე"-ს დირექტორი მიხეილ მირზიაშვილი ფიქრობს, რომ ერთი მთავარი მოტივი დასაბრუნებლად ამ რაიონის ნოყიერი ნიადაგია, რომლის დამუშავებითაც კაცი თავის რჩენას შეძლებს. ვისაც აფხაზები მხოლოდ მტრად წარმოუდგენია, შეიძლება ცოტა უჩვეულოდ ეჩვენოს მიხეილ მირზიაშვილის ეს დაკვირვება გალის რაიონის აფხაზურ ადმინისტრაციაზე [მირზიაშვილის ხმა]: "შევამჩნიეთ, რომ ისინი ცდილობენ, კარგი ურთიერთობა იქონიონ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ცდილობენ, ქართული მოსახლეობაც რაღაცნაირად ჩააბან ხელმძღვანელობაში, გადაუწყვიტონ უსაფრთხოების პრობლემები, სადაც ძალუძთ. მოქმედებს ადამიანურ ურთიერთობათა ფაქტორი, ადამიანური დამოკიდებულება მოსახლეობისადმი სახეზეა იქ; ადგილობრივებიც უფასებენ ამას, ხედავენ, რომ ვიღაც ცდილობს მათი პრობლემების გადაწყვეტას".

ცხადია, ფილმზე ჟურნალისტთა მცირე ჯგუფის მუშაობა არ ანელებს ქართულ-აფხაზურ დაძაბულობას; გალსა და სოხუმში აფხაზური საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრათა შემდეგ მიხეილ მირზიაშვილი შენიშნავს, რომ აფხაზები სრულებით არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, ფიქრობენ, რომ ქართველები არ დაიშლიან პრობლემის ომით გადაჭრას და, რატომღაც, ამ გაზაფხულზე შიშით მოელიან ვითარების გამწვავებას.

მიხეილ მირზიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ აფხაზთა ინტერესი გაზრდილია. თუ ადრე მხოლოდ ის აინტერესებდათ, რაც აფხაზეთს ეხებოდა, ახლა [მირზიაშვილის ხმა]: "მათ აინტერესებთ ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში; აინტერესებთ პოლიტიკური პროცესი, აინტერესებთ, ვინ იქნება პრეზიდენტის მემკვიდრე, ვინ მოვა ხელისუფლებაში; აინტერესებთ საზოგადოებრივი მოძრაობები".

აფხაზეთში მცხოვრები ქართველი და აფხაზი ადამიანების მეგობრობა, შერეული ქორწინებანი, ნორმალური პიროვნული ურთიერთობები, მიხეილ მირზიაშვილის აზრით, არასაკმარისი რესურსია ქართულ-აფხაზური პრობლემის მოსაგვარებლად; კონფლიქტის ამოწურვას, ან თუნდაც შერბილებას პოლიტიკური ნება, ინიციატივები და ნაბიჯები სჭირდება. მიხეილ მირზიაშვილის დაკვირვებით, [მირზიაშვილის ხმა]: "სამწუხაროდ, როგორც კი ადამიანური ურთიერთობები წარმოიშვება ან აღდგება, თითქმის ყოველთვის ხდება ისეთი ინციდენტი - და ინციდენტი მსუბუქი ნათქვამია - რომელიც, პრინციპში, წყალში ჰყრის ყველაფერს. ამ ინციდენტებს მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოსდევს ორივე მხრიდან".

ყველაფრის მიუხედავად, აფხაზი და ქართველი ჟურნალისტების თანამშრომლობა მაინც შედგა: ორი აფხაზი ჟურნალისტი, ქართველ კოლეგებთან ერთად ფილმზე სამუშაოდ, ორშაბათ საღამოს ჩამოვიდა თბილისში.
XS
SM
MD
LG