Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირება


მაშინ, როდესაც საქართველოში ბუნებრივი აირის ექსკლუზიურმა მომწოდებელმა კომპანია „იტერამ" გაზის საფასური გააძვირა, შესაბამისად,

თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდის აუცილებლობაც გაჩნდა. თუმცა გაირკვა, რომ ამის გაკეთება სულაც არაა საჭირო და გაზის საფასურის შემცირებაც კი არის შესაძლებელი. ასეთი მოსაზრება თავდაპირველად თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ეროვნულ-დემოკრატის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, გამოთქვა. ახლა ამაზე საქართველოს მთავრობაშიც ალაპარაკდნენ.

მთავრობის გამოცოცხლების მთავარი მიზეზი ისაა, რომ „თბილგაზის" სუბსიდირება მძიმე ტვირთად აწევს ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს. თბილისის ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის დაფინანსების აუცილებლობა ამ კომპანიაში გატარებულმა არასწორმა მენეჯმენტმა განაპირობა. ანუ მომხმარებლებიდან გაზის საფასურის ამოღება ვერ ხერხდება და ბუნებრივი აირის დანაკარგებიც დიდია. ხელისუფლებამ რომ „თბილგაზის" სუბსიდირება არ განახორციელოს, სოციალურად დაუცველი ფენების პროტესტის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორიც გაქრება, რაც პოლიტიკური კრიზისის წინაპირობებს შექმნის. მთავრობის ინიციატივები გაზის ტარიფის შემცირებით მოსახლეობის გადახდისუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად, რათა ბიუჯეტს თბილგაზის სუბსიდირების მძიმე ტვირთი ჩამოშორდეს.

ამჟამად მომხმარებელს, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ, 270 ლარის გადახდა უწევს. ეს ტარიფი იმპორტიორი კომპანია „იტერას" 130 ლარის, საბაჟო და სხვა სახის გადასახადების, დაახლოებით, 30 ლარის, სატრანზიტო ტარიფის 16 ლარის, შუამავალი კომპანია საქგაზის 20 ლარიანი წილისა და თავად თბილგაზის მომსახურების საფასურის 70 ლარისაგან ფორმირდება.

ამ სტრუქტურაში „იტერას" შვილობილი „საქგაზი" იმ უბრალო მიზეზის გამოა ჩამატებული, რომ ის „თბილგაზის" მიერ წინასწარ გადასახდელ გაზის საფასურს ფარავს. თუ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ამას თავად შეძლებს, ცხადია, რომ ტარიფი 20 ლარით შემცირდება. ასევე გადაჭარბებულად გამოიყურება თავად „თბილგაზის" 70 ლარიანი წილი. ამ თანხით ბუნებრივი აირის მილსადენებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების რეაბილიტაცია უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა 70 ლარი რომ დანიშნულებისამებრ არ იხარჯება ამაზე გაზის დანაკარგები და გახშირებული ავარიები მეტყველებს. გასულ წელს „თბილგაზში" მიღებული ბუნებრივი აირის 54%-ის ასავალ-დასავალი ვერ გაიგეს, ანუ ამ მოცულობის გაზი დაკარგულად ითვლება. 2000 წელს კი დანაკლისი 42%-ს შეადგენდა. ასეთი ტექნიკური დანაკარგების შემთხვევაში დედაქალაქი ან გაზით გაიგუდებოდა, ან კიდევ კარგახნის გადამწვარი იქნებოდა.

რადგან ეს არ მომხდარა, ცხადია რომ ბუნებრივი აირის ნახევარზე მეტი, რომლის საფასურს ზამთრის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის, არალეგალურად იყიდება და ამ ჩრდილოვანი საქმიანობით ბევრი ისქელებს ჯიბეს.

თუმცა მენეჯმენტის შეცვლის მცდელობა, ფაქტობრივად უშედეგოდ დამთავრდა. საქმეს ვერც „თბილგაზის" საპრივატიზაციისათვის მოსამზადებლად მოწვეულმა „პია კონსალტინგმა" უშველა. მისი მოღვაწეობის შემდეგ „თბილგაზის" ვალები არათუ შემცირდა არამედ გაიზარდა კიდეც.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში „თბილგაზის" თბილისის მერიის დაქვემდებარებიდან გათავისუფლებისა და „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის" გადაცემის საკითხს განიხილავენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ეროვნულ-დემოკრატის" ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას, მიაჩნია, რომ კორპორაციას „თბილგაზი" მართვის უფლებით უნდა გადაეცეს, თუმცა იგი თვლის, რომ თბილგაზის გადარჩენა მუნიციპალიტეტსაც შეუძლია.

[ბაღათურიას ხმა] „ამ ეტაპზე მე მიმაჩნია, რომ თბილგაზის გადარჩენა მენეჯმენტის გამოსწორება შეიძლება. ჩვენ 3-4 წელიწადში, არსებული ქსელების რეაბილიტაციისა და ახალი უბნების ჩართვის ხარჯზე, ასევე აღრიცხვის მოწესრიგება, ამის პროექტიც არსებობს, თბილგაზი რამდენიმე წელიწადში ჩვენ შეგვიძლია რენტაბელურ საწარმოდ მივიღოთ. შემდგომში თუ დადგება მისი პრივატიზების საკითხი, შეიძლება მოხდეს პრივატიზება, როცა უბრალოდ იქნება სოციალური მდგომარეობა და სტაბილური პოლიტიკური ვითარება."

„თბილგაზს" რეაბილიტაციის გარეშე რომ არავინ იყიდის მისი პრივატიზების რამდენიმე მცდელობამაც დაადასტურა. ახლა ხელისუფლებამ გაზგამანაწილებელი კომპანიის საბოლოო გაკოტრებისაგან გადასარჩენად სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომელთა შორის ერთ-ერთი გაზის ტარიფის შემცირებაცაა.
XS
SM
MD
LG