Accessibility links

logo-print

ვალების რესტრუქტურიზებაზე საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას იწყებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას ცდილობს. ქვეყანა- კრედიტორებიდან ერთ-ერთი უმსხვილესი რუსეთი გახლავთ,

რომლის მიმართ დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

გასულ წელს "პარიზის კლუბის" ეგიდით მიღწეული საგარეო ვალდებულებათა ნაწილის რესტრუქტურიზაციის შემდეგ საქართველოს რამდენიმე კრედიტორთან ურთიერთობა კვლავ გასარკვევი აქვს. მევალეებს შორის ყველაზე მსხვილი და ამასთან, ყველაზე ჭირვეული კრედიტორის, თურქმენეთის შემდეგ, საქართველოს ასევე მოსაგვარებელი აქვს ჩრდილოელ მეზობელთან დაგროვილი ვალის საკითხიც. რუსეთთან ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და რუსეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი თებერვლის ბოლოს მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავენ. რუსეთთან დავალიანება, ოფიციალური მონაცემებით, 156,8 მილიონ დოლარს შეადგენს.

რუსეთთან ვალის რესტრუქტურიზაციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მოითხოვენ. მათი რეკომენდაციების თანახმად, საჭიროა კონკრეტული მექანიზმის შემუშავება ვალთან დაკავშირებით. საფინანსო ინსტიტუტები ასევე გვთავაზობენ თავიანთ დახმარებას კრედიტორებთან ურთიერთობისას.

რამდენიმე დღის წინ კი ქართულმა მხარემ კიდევ ერთ კრედიტორთან მოაგვარა ურთიერთობა - თბილისში ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას საქართველოს სომხეთისადმი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, სომხეთის მხრიდან - საქართველოში ვიზიტად მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა.

რესტრუქტურიზირებული თანხა 19,6 მლნ დოლარის მთლიანი დავალიანებიდან გადასახადის პირველი ნაწილია და უნდა შეტანილიყო 2001-2002 წლებში. ეს ვადები დაფიქსირებულია ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ 1996 წელს ხელმოწერილ პირველ შეთანხმებაში. ამავე დოკუმენტის თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი 4% იყო, 2005 წელს კი მთლიანი დავალიანება უნდა დაფარულიყო.

ახალი შეთანხმების თანახმად, დავალიანების მოცემული ნაწილის დაფარვა მოხდება 2005-დან 2021 წლამდე 3%-იან საპროცენტო განაკვეთით. ვალის დანარჩენი ნაწილის, 11,8 მლნ დოლარის, დაფარვა 1996 წლის პირველადი შეთანხმების მიხედვით მოხდება. გადახდა 2003 წელს უნდა დაიწყოს და 2005 წელს დასრულდეს.

მანამდე საქართველომ "პარიზის კლუბის" ფარგლებში მოახერხა რამდენიმე კრედიტორთან ვალის გადავადება. უკვე მიღწეულია შეთანხმებები რესტრუქტურიზაციის თაობაზე ავსტრიასთან, აზერბაიჯანთან, ჩინეთთან, ჰოლანდიასთან, თურქეთთან, უზბეკეთთან და უკრაინასთან.

სულ საქართველოს საგარეო ვალი, დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამ საგარეო ვალდებულებებიდან ბოლო პერიოდამდე სქართველოს გადასაწყვეტი ჰქონდა რუსეთის და თურქმენეთის ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხი, თუ თებერვლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი გადავადებაზე დაგვთანხმდება, მთავრობას, ფაქტობრივად, მხოლოდ ყველაზე მსხვილ კრედიტორთან - თურქმენეთთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
XS
SM
MD
LG